აკაკი ძიძიგური

აკაკი ვარლამის ძე ძიძიგური დაიბადა 1914 წლის 13 აგვისტოს სოფ. მათხოჯში (ხონის რაიონი), ცნობილი პედაგოგის,  ვარლამძიძიგურის ოჯახში.

აკაკიმ პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისში, უმაღლესი განათლება კი ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტსა და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1937 წ. იანვარში მონაწილეობდა ქართული ხელოვნების დეკადაში, რომელიც გაიმართა მოსკოვსა და ლენინგრადში. 1956 წ. გადაწყდა საქართველოში ტელესტუდიის დაარსება, რომლის განხორცილებაც აკაკი ძიძიგურს მიენდო (იგი ორჯერ იყო საქართველოს ტელევიზიის ხელმძღვანელი 1956-1959 და 1964-1969 წწ.). 1959 წელს მას დაევალა კონოსტუდია „ქართული ფილმის" დირექტორობა. შემდეგ იგი საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ მუშობდა, 1962 წ. ჟურნალ „დროშის" მთავარი რედაქტორია. 1969 წლიდან სახელმწიფო კინოკომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა, მომდევნო წელს, ისევ კინოსტუდია „ქართული ფილმის" დირექტორია, 1974-1984 წწ. სახკინოს თავმჯდომარის მოადგილე, კინოალმანახ „კინოს" მთავარი რედაქტორი.

მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა რადიოკომიტეტის ხმის ჩამწერი ოქროს ფონდი.

1984 წელს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო რესპუბლიკის  ბიბლიოთეკის დირექტორად. მან აქტიური მუშაობა გასწია ეროვნული ბიბლიოთკის გაფართოვების საქმეში. 1987 წელს ბიბლიოთეკას  შეემატა ფინანსთა სამინისტროს ყოფილი შენობა, გუდიაშვილის ქუჩაზე არსებული გამორჩეული არქიტექტურის მქონე ყოფილი სააქციო ბანკის შენობა (დღეს III კორპუსი).

1988 წელს საქართველოს სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკა ეროვნულ ბიბლიოთეკად გარდაიქმნა.

1991 წელს ხელისუფლებაში პოლიტიკური გაერთიანება „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" მოსვლის შემდეგ, იგი როგორც ყოფილი პარტიული ფუნქციონერი, გაათავისუფლეს ბიბლიოთეკის დირექტორობიდან.

1992 წლის მარტის ბოლოს იგი კვლავ ბიბლიოთეკის დირექტორია.

მისი დირექტორობის პერიოდში მოხდა ბიბლიოთეკის გაფართოება, სახელფასო ფონდის და საშტატო ერთეულის გაზრდა.

აკაკი ძიძიგური დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით, სიგელებით. მას მინიჭებული აქვს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, იყო ჟურნალისტთა, კინემატოგრაფისტთა, თეატრის მოღვაწეთა კავშირების, მათი პრეზიდიუმის წევრი. იყო რუსთაველის, „თბილისელის" საზოგადოებათა წევრი. იყო რამდენიმე ჟურნალისა და გაზეთის სარედაქციო კოლეგიის, კულტურის სამინისტროს კოლეგიის წევრი.

გარდაიცვალა 1997 წლის 8 აპრილს.

ლევან თაქთაქიშვილი