სანდრო ეული-ქურიძე

სანდრო ქიშვარდის ძე ეული-ქურიძე (ალექსანდრე ქურიძე) ქართველი საბჭოთა პოეტი, დაიბადა 1890 წლის 23 ოქტომბერს (ძველი სტილით) ჩოხატაურის რაიონში, სოფელ ზომლეთში.

სოფლის სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელთან არსებულ სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, მაგრამ 1905 წელს რევოლუციური საქმიანობისათვის გარიცხეს სასწავლებლიდან. 1907 წელს დაამთავრა ლანჩხუთის სამოქალაქო სასწავლებელი. მძიმე ოჯახური პირობების გამო  იძულებით მიდის ფოთის ნავსადგურის მუშად.  1909 წლიდან მუშათა რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება ფოთში, შემდეგ ბაქოში, სადაც 1916 წელს  დააპატიმრეს და ბაქოს ბაილოვის საპყრობილეში მოათავსეს.

1917 წლიდან იგი კვლავ საქართველოშია. ამავე წელს შედის ბოლშევიკური პარტიის რიგებში. 1920 წელს მუშაობდა არალეგალურ გაზეთ „კომუნისტში", შემდეგ იყო მისი რედაქტორი. 1920 წელს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დააპატიმრა და კვლავ საპყრობილეში ჩასვა. ქუთაისის ციხეში დაწერა ლექსი „წითელ საქართველოს". მონაწილეობდა საქართველოს ოკუპაციაში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ  ლიტერატურული ჯგუფ „პროლეტარული მწერლობის" ერთ-ერთი მეთაური გახდა. იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ჟურნალ „ნიანგის" რედაქტორი.

1931 წლის იანვარში დანიშნეს საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად, რომელიც ამავე წლის 25 თებერვალს საზეიმოდ გახსნა. მისი ხელმძღვანელობით ფონდებიდან ამოიღეს დემოკრატიული რესპუბლიკის ცხოვრების ამსახველი გამოცემები და საჯარო ბიბლიოთეკა გახდა საბჭოთა პროპაგანდის ცენტრი. სანდრო ეული კ. მარქსის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი იყო 1931-1936  და 1944-1962 წწ.

გარდაიცვალა თბილისში 1965 წლის 25 მარტს.

გამოყენებული ლიტერატურა: სანდრო ეული-ქურიძე / ლიტ. საქართველო, თბ. 1965, 2 აპრილი

სანდრო ეულის შრომების ნუსხა