ალექსანდრე კარტოზია

ალექსანდრე გურამის ძე კარტოზია დაიბადა 1959 წლის 8 იანვარს ქ. თბილისში. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მთარგმნელად. 1982-1985 წწ. იყო სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწე, შემდეგ 1988 წლამდე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის მეცნიერ თანამშრომელი, გერმანული ფილოლოგიის კათედრის დოცენტი. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1986 წელს.

1989 წლიდან არის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრის გამგე. 1997 წელს დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად. მისი ხანმოკლე დირექტორობის დროს დაიწყო ბიბლიოთეკაში კულტურული პროგრამების განხორციელება. მისი უშაუალო ინიციატივით ბიბლიოთეკის შენობაში ბინა დაიდო ვ. ჰუმბოლდტის სახელობის გერმანულმა ბიბლიოთეკამ და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკამ.

1998 წლის 6 აგვისტოდან  დაინიშნა საქართველოს განათლების მინისტრად.

2004 წლიდან ცხოვრობს ბერლინში. არის ოდერის ფრანფურტის  ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის სოციალური ლინგვისტიკის კათედრის ლექტორი. ბერლინში თანამრომლობს ლიტერატურულ სახლებთან და ატარებს სემინარებს თარგმანის თეორიაში.