ქართული ხელოვნების ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვის მხატვრულ დამუშავებას. ქვაზე კვეთის ტრადიცია ოდითგანვე არსებობდა საქართველოში და საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა. ქვაზე კვეთის ქართული ტრადიციის საუკეთესო გამგრძელებლები იყვნენ  ნეოფიტე და ლავრენტი აგლაძეები, რომელთა შემოქმედების კვალი თბილისის არქიტექტურაზე აისახა.
 

"დინასტიის მეთაური", უხუცესი, ქვის მთლელ აგლაძეებს შორის, იყო ნეოფიტე აგლაძე. იგი 1874 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ მუხლში დაიბადა. ნეოფიტე აგლაძე ქვაზე კვეთას იტალიელ ოსტატ ანდრეოლეტის სახელოსნოში დაეუფლა. როგორც კი მყარად მოიკიდა ფეხი იტალიელთა სახელოსნოში, მან თბილისში ხელობის შესასწავლად თავისი სამი ძმა იაკინთე, ლადო და ნიკო ჩამოიყვანა. ნეოფიტემ 1912 წელს საკუთარი სახელოსნო გახსნა. იგი პედაგოგიურ მუშაობასაც ეწეოდა სამხატვრო აკადემიის   ქანდაკების ფაკულტეტზე, სადაც ქვისგან კვეთას ასწავლიდა. ნეოფიტე აგლაძე XX საუკუნის პირველი ნახევრის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი შენობის გაფორმებაში იღებდა მონაწილეობას. (ქაშვეთის ტაძრის მოჩუქურთმება, მთავრობის სასახლის მხატვრული დეკორი, იმელის შენობის ჰორელიეფები და ა. შ.) 

 

საგვარეულოს მეორე შტოს წარმომადგენელი იყო ლავრენტი აგლაძე. იგი 1883 წელს ონის რაიონის სოფელ ზემობარში დაიბადა. ლავრენტი აგლაძე ქვაზე კვეთის ოსტატობის შესწავლას ბაქოში, იტალიელი ფრანზის სახელოსნოში შეუდგა. აქ იგი უფროსმა ძმა ლუკამ წაიყვანა. ბაქოში ლავრენტი 1913 წლამდე მუშაობდა. თბილისში უკვე ქვის მხტავრული დამუშავების მაღალკვალიფიციურ ოსტატად დაბრუნდა. მანაც მუშაობა ანდრეოლეტის სახელოსნოში დაიწყო. ლავრენტი აგლაძე თბილისის ბევრი შენობის გაფორმებაში იღებდა მონაწილეობას.  (დინამოს სტადიონის მორთულობები, ილია ჭავჭავაძის საფლავზე დადგმული ნიკოლაძისეული "მწუხარე საქართველოს" მოჩუქურთმება და ა. შ.). ნეოფიტე და ლავრენტი აგლაძეების შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის (ლ. გუდიაშვილისა და ნ. ვაჩნაძის ქუჩების კუთხეში) ფასადის მხატვრული დამუშავება. ეროვნული ბიბლიოთეკის გაფორმებაში ნეოფიტე და ლავრენტი აგლაძეები ერთად მუშაობდნენ, თუმცა, არსად არ არის მითითებული, თუ რომელი ორნამენტი რომელ მათგანს ეკუთვნის. მასზე აშკარად იგრძნობა ორი განსხვავებული ხელი.

 

სამხრეთ ფასადზე მოთავსებული მთელი კომპოზიცია, ტყუპი სარკმელი რომბითურთ და მისი სათაური, რომელშიც დავით აღმაშენებლის სახეა გამოკვეთილი, ლავრენტი აგლაძის საჭრეთელს უნდა ეკუთვნოდეს. დეკორი ფართო, ძლიერი კვეთით არის შესრულებული. აქ კარგად ჩანს ლავრენტის ხელწერა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ფასადზე ქართველი მეფის გამოსახვა საკმაოდ დიდი და გაბედული ნაბიჯი იყო იმ პერიოდის საქართველოში. ამ იდეის ავტორები შესაძლოა  სწორედ აგლაძეები ყოფილიყვნენ, რადგან მათი შემოქმედების მთავარი მიზანი   ეროვნულობის წინა პლანზე წამოწევა იყო. ალბათ, კალგინმაც გაითვალისწინა მათი აზრი. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ რელიეფი საკმაოდ ზემოთ არის მოთავსებული და ისეა ორნამენტირებულ სიბრტყეში ჩასმული, რომ ნაკლებად შესამჩნევია. როგორც ჩანს სიფრთხილე და მორიდება მაინც თან სდევდა რელიეფის ავტორებს. 

 

ეროვნული ბიბლიოთეკის კარის საპირეები, რამდენიმე კაპიტელი, სარკმლების სათაურები და არშიები, ასევე მთლიანად სამხრეთ ფასადის კომპოზიცია ლავრენტი აგლაძეს ეკუთვნის. ხოლო რომბები, მრგვალი წნულებითა და ცხოველთა გამოსახულებებით შემკული კაპიტელები და სამხრეთ ფასადზე არსებული სკულპტურული გრიფონები ნეოფიტე აგლაძეს ეკუთვნის. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა (პირველი კორპუსი) ძირითადად ლავრენტის მიერ არის გაფორმებული და მისი ნამუშევრები უფრო ცოცხალი და მეტყველია.