თამაზ და გუგა ქაშიბაძეების გამოფენა - ”მე და მამა ვმუშაობთ”
დამატების თარიღი: 2017-06-23 10:10:00

23 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თამაზ და გუგა ქაშიბაძეების გამოფენა „მე და მამა ვმუშაობთ" გაიხსნა.   

ორი ერთმანეთისგან განსხვავებული პროფესიის ადამიანი - ზოოინჟინერი მამა და პლასტიკური ქირურგი შვილი მამა-შვილობის გარდა სიყვარულის ფერებით გამოხატვის  უნარმაც დააკავშირა ერთმანეთს. ოჯახის წევრთა  გამოფენებით საზოგადოებას ვერ გააკვირვებ, მაგრამ ის, რომ პირველი  ნახატი შვილის საღებავებმა შთააგონა და მათივე მეშვეობით შექმნა, მართლაც გასაოცარია - ხშირ შემთხვევაში პირიქით ხდება. ასე დაიბადა მეორე მხატვარი ქაშიბაძეების ოჯახში  და მამა-შვილური ურთიერთობა ფერებით მეტყველებაში გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ  ორივე მხატვარს არაერთ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, 23 ივნისი მაინც განსხვავებული იყო. ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარმოდგენილ ექსპოზიციაზე  მათი ნამუშევრები ერთად პირველად იხილა დამთვალიერებელმა. გუგა ქაშიბაძე: „ჩვეულებრივ სივრცეში რომ არ იქნება ეს გამოფენა, ამას კარგად ვგრძნობ. როგორ მიიღებს ეს სივრცე  მას და იქნება თუ არა ჩვენი ნამუშევრები მისი ფორმისა და შინაარსის საკადრისი?" - ასეთი კრძალვით გაიხსნა საგამოფენო დარბაზის კარი 23 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით.  


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ