ონლაინ ბიბლიოთეკების საერთაშორისო ცენტრის პრეზენტაცია
დამატების თარიღი: 2012-10-30 10:55:00

30 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ონლაინ ბიბლიოთეკების საერთაშორისო ცენტრის პრეზენტაცია გამართეს ამავე ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა რაინ ვან ჩარლდორპმა და აღმოსავლეთ რეგიონების კურატორმა სეზან ტანიმ.

 

ონლაინ ბიბლიოთეკების საერთაშორისო ცენტრი არაკომერციული, კომპიუტერული საბიბლიოთეკო პორტალი და კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო ინფორმაციის თავისუფალ წვდომას და საბიბლიოთეკო ხარჯების შემცირებას. ორგანიზაციის მისიაა ადამიანებისთვის ცოდნის ხელმისაწვდომობა მსოფლიო ბიბლიოთეკების თანამშრომლობით.

 

ონლაინ ბიბლიოთეკების საერთაშორისო ცენტრი (OCLC) 1967 წელს ოჰაიოში ოჰაიოს კოლეჯის ბიბლიოთეკის ცენტრის მიერ შეიქმნა. დღეს ორგანიზაციის მომსახურებით მსოფლიოს 170 ქვეყნის 72 000 ბიბლიოთეკა სარგებლობს. ბიბლიოთეკის მთავარი საძიებო კატალოგია მკითხველისთვის  კარგად ცნობილი WorldCat  (ონლაინ ბიბლიოთეკების საერთაშორისო ცენტრის გაერთიანებული ინტერნეტ-კატალოგი). კატალოგი მოიცავს: მილიარდზე მეტ საბიბლიოთეკო მასალას  112 ქვეყნიდან; ყველა ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო რესურსს სხვადასხვა ფორმატში; მუდმივად განახლებად კატალოგებს; ეროვნულ ბიბლიოთეკებთან გაერთიანებულ ქსელს; მნიშვნელოვან მეტამონაცემებს; სწრაფ მიწოდებას და დასახელებების გამარტივებულ ჩვენებას სხვადასხვა ფორმატში.

 

ონლაინ ბიბლიოთეკების საერთაშორისო ცენტრის მონაცემები მოიცავს 284 მილიონ საბიბლიოთეკო მონაცემს და ბიბლიოთეკარებისთვისაც უმნიშვნელოვანეს საძიებო წყაროს წარმოადგენს.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ