ფარნა-ბექა ჩილაშვილის (Parna-Beka Çilaşvili) ახალი თარგმანის პრეზენტაცია
დამატების თარიღი: 2018-03-14 15:55:00

14 მარტს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თურქეთში მცხოვრები ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და მთარგმნელის ფარნა-ბექა ჩილაშვილის (Parna-Beka Çilaşvili) ახალი თარგმანის - "თანხმიერ ასო-ბგერათა ანთოლოგია - არაჩვეულებრივი მოთხრობები თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან" ("Sessiz Harfler Antolojisi - Çağdaş Gürcü Edebiyatından Sıra Dışı Öyküler") - პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნი თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, 2017 წლის ბოლოს "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით" გამომცემლობა "კალემ კულტურის" (Kalem Kültür) მიერ გამოიცა. კრებულში შევიდა ოცი ცოცხალი ქართველი მწერლის: გურამ დოჩანაშვილის ("მუსიკოსი"), გურამ ოდიშარიას ("სიზმარ-ცხადი"), თამრი ფხაკაძის ("ომი თუ მშვიდობა"), კოტე ჯანდიერის ("კონკიას ღამე"), ირაკლი ლომოურის ("ჯო(რ)ჯო"), ზურაბ ლეჟავას ("მაცივარი ლექსისა წილ"), ირაკლი სამსონაძის ("შემკრთალი ქუჩა"), მიხო მოსულიშვილის ("ზამთარმა მოიქნია კუდი"), გელა ჩქვანავას ("დარეჯან კვარაცხელიას შურისძიება"), ანა-კორძაია სამადაშვილის ("ისტორიული მეხსიერება), ინა არჩუაშვილის ("ბალბაწო"), მაკა ლდოკონენის ("ბიშას ბალიშები"), ბესო ხვედელიძის ("ჯადო"), ბექა ქურხულის ("სახლი სხვაგან"), ბელა ჩეკურიშვილის ("პინარის მძივი"), თეონა დოლენჯაშვილის ("მორჩილება"), თეა თოფურიას ("სახლი"), ლუკა ბაქანიძის ("სად ხარ, ლაზარე"), ზვიად კვარაცხელიას ("შვინდა"), ცოტნე ცხვედიანის ("ანდერგრაუნდი ") მოთხრობები. "თანხმიერ ასო-ბგერათა ანთოლოგიის" გამოცემის მთავარი რედაქტორია ნერმინ მოლლაოღლუ (Nermin Mollaoğlu), გამოცემის რედაქტორია გიზენ ოზგუვენი (Gizem Özgüven), გარეკანის დიზაინერია ბურაქ კარაჯა (Burak Karaca), წიგნის დიზაინერია ადემ შენელი (Adem Şenel). ქართული მოთხრობების ამ მასშტაბის კრებული თურქულ ენაზე პირველად გამოვიდა.

დასწრება თავისუფალია 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ