კრებული „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“
დამატების თარიღი: 2019-02-13 16:54:00

13 თებერვალს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში გამოცემული კრებულის  „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად" პრეზენტაცია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, გამოვიდა კრებული  „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად",  რომელიც თავს უყრის აფხაზეთიდან ლტოლვილი და საზღვარგარეთ მცხოვრები წარმატებული ახალგაზრდების  (34 ახალგაზრდა) ერთ ნაწილს (იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორი ნატო კორსანტია). მათ შორის არიან როგორც აფხაზეთში, ისე ენგურს გამოღმა დაბადებულები. ბევრ მათგანს დღეს ევროპას, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წამყვანი პოზიცია უკავია, ბევრიც წარჩინებული სტუდენტია. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ საკუთარ სამშობლოშივე დევნილებად ქცეულმა ახალგაზრდებმა შეძლეს გზის გაკვლევა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, სამსახურის მოძიება, ზოგ შემთხვევაში დამკვიდრებაც კი. უცხოეთში მცხოვრები წარმატებული დევნილები კრებულში თავად ყვებიან განვლილი გზისა და მიღწეული წარმატებების შესახებ. მათ შორის არიან: დემნა გვასალია, ანდრო ვეკუა, ნათია თოდუა, რუსუდან ჟორჟონლიანი და სხვები. 

დევნილი ახალგაზრდები განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობით, მიზანდასახულობითა და ნიჭიერებით  გამოირჩევიან, რაც გვაიმედებს, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი სიტყვის თქმა იმ უდიდეს საქმეშიც, რასაც აფხაზეთის პრობლემის მოგვარება (შორეულ პერსპექტივაში მისი დაბრუნება და განახლება-აღორძინება) ჰქვია. ამიტომაც აუცილებელია, ვიცოდეთ, ვინ არიან ისინი, სად არიან და რას საქმიანობენ, რა მიზნები და ჩანაფიქრები აქვთ, აპირებენ თუ არა შინ დაბრუნებას და როგორ ხედავენ თავიანთ თავს დასაბრუნებელ თუ დაბრუნებულ აფხაზეთში? მიუწვდებათ თუ არა ხელი, სიტყვა შეაწიონ აფხაზეთის პრობლემას, აფხაზეთთან დაკავშირებული ობიექტური ინფორმაციის  გავრცელებას.

კრებული გამოიცა პროექტის „საინფორმაციო ბანკის შექმნა საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან ლტოლვილ წარმატებულ ახალგაზრდებზე" ფარგლებში. შესაბამისად, მიმდინარეობს ამგვარი ახალგაზრდების მოძიება და მათზე ინფორმაციის თავმოყრა.

 

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ