30 ოქტომბერს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ილიას უნივერსიტეტის ასოციირებული პროფესორი ლევან ცაგარელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ომის შემდგომი ხანის ლიტერატურა“.
ტერმინი „ომის შემდგომი ხანის ლიტერატურა“ ერთ-ერთი იმ სახელწოდებათაგანია, რომელიც ძირითადად გერმანულენოვანი ლიტერატურის ისტორიაში გვხვდება და მოიცავს პერიოდს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან გერმანიის გაერთიანებამდე (1945-1990). თუმცა ლექცია დაეთმობა მხოლოდ იმ ტენდენციებსა და თავისებურებებს, რომლებმაც ე.წ. „ნულოვანი საათიდან“ 60-იან წლების დასაწყისამდე დასავლეთ გერმანულ ლიტერატურაში იჩინა თავი.
მომხსენებელი ისაუბრებს: ახალ ლიტერატურულ ენაზე, რომელზეც წერდნენ ახალგაზრდა თაობის გერმანელი მწერლები მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ (ვოლფგანგ ბორხერტი და სხვები); 40-50-იან წლებში უკვე სახელმოხვეჭილ გერმანელ კლასიკოსებზე (თომას მანი და ჰერმან ჰესე); „ჯგუფ 47“-ის წევრებზე; აუშვიცის ტრაგედიაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი დაიწეროს ლექსები აუშვიცის ტრაგედიის შემდეგ; გერმანულ მოდერნიზმზე; ჰაინრიჰ ბიოლზე, გიუნთერ გრასსა და ზიგფრიდ ლენცზე.