პირველი რესპუბლიკის მეოთხე ხელისუფლება
დამატების თარიღი: 2017-05-24 12:29:00

24 მაისს 13 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში გაიმართება პრეზენტაცია „პირველი რესპუბლიკის მეოთხე ხელისუფლება". ავტორი ქართველოლოგიის განყოფილების სპეციალისტი დარეჯან ხვედელიძე.

დარეჯან ხვედელიძე: "ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სოციალურ-საგანმანათლებლო აქტიურობას უკავშირდება. ამ ასპექტით ბიბლიოთეკის საცავებში დაცული მასალების სისტემატიზაცია, მათი ხელახალი გააზრება და ამ მასალის მკითხველამდე წვდომის უზრუნველყოფა ბიბლიოთეკის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. პრეზენტაცია „პირველი რესპუბლიკის მეოთხე ხელისუფლება" სწორედ ამ მიზანს ემსახურება. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი მასალა უტყუარი დადასტურებაა ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დემოკრატიული ხასიათისა, რომელიც პრესის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკის თავისუფლებით გამოიხატება. აქ წარმოდგენილი მასალა ცხადყოფს, როგორ ერთნაირად განურჩევლად ამხელს თავისუფალი პრესა ყველა იერარქიის ხელისუფალს და რომ ძალაუფლების არცერთი შტო და არცერთი რანგი არ არის დაზღვეული „მეოთხე ხელისუფლების" სუსხიანი კრიტიკისაგან - გაშარჟებულია ხელისუფლებისათვის დამახასიათებელი ბიუროკრატიზმი, ფორმალიზმი და კორუმპირებულობა. გაშარჟებულია ხელისუფლების ყველა შტო: საკანონმდებლო ორგანო - დამფუძნებელი კრება, უფრო ზუსტად მისი უმოქმედობა; აღმასრულებელი ხელისუფლება - მისი ყველა რგოლი და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებები; კორუმპირებული სასამართლო ხელისუფლება. გაშარჟებულია უმოქმედო ადგილობრივი ხელისუფლება, სხვადასხვა ქალაქების - თბილისის, ქუთაისის, ფოთის, ოზურგეთის და სხვ. თვითმმართველობები. გაშარჟებულია ხელისუფლების განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა. დაბოლოს, ამ მასალების გაცნობის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დამსახურებულად ვიამაყოთ პირველი რესპუბლიკის დემოკრატიული იმიჯით."

დასწრება თავისუფალია


 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ