სტალინური სიები საქართველოდან
დამატების თარიღი: 2014-10-08 13:04:00

8 ოქტომბერს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკსიის რეგიონული ბიურო და ეროვნული ბიბლიოთეკა ელექტრონულ მონაცემთა ბაზის "სტალინური სიები საქართველოდან" პრეზენტაციას გამართავენ. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაესწრება.

"სტალინური სიები საქართველოდან" არის საქართველოში პირველი ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც 1937-1938 წლების "დიდი ტერორის" მსხვერპლთა შესახებ მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებს შეიცავს.

პროექტი "სტალინური სიები საქართველოდან" 2011-2013 წლებში განახორციელა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო საზოგადოება "მემორიალთან" თანამშრომლობითა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროსა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანი იყო საქართველოში 1937-1938 წლებში განხორციელებული "დიდი ტერორის" მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციის მოძიება, კვლევა და გაანალიზება. ამ მასალის საფუძველზე შეიქმნა კომპაქტ-დისკი იმ ადამიანების მონაცემებით, რომელთაც სტალინისა და პოლიტბიუროს წევრების ხელმოწერით სასჯელის უმაღლესი ზომა მიესაჯათ. მონაცემთა ბაზა  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე განთავსდება და ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ