საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორია

ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის შენობა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორია 1846 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც თბილისში მთავარმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე დაარსდა "ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა". საჯარო ბიბლიოთეკის გახსნით ასრულდა იმდროინდელი ქართული საზოგადოების ოცნება, თბილისში შექმნილიყო ისეთი ბიბლიოთეკა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა მოსახლეობის ყველა ფენისათვის. ქართული საზოგადოების მხარდაჭერას ამ საქმეში ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 1848 წელს ახლად დაარსებულ საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა 1842 წელს დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით თბილისში გახსნილი "კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკის" ფონდი. საჯარო ბიბლიოთეკის დაკომპლექტების საქმე დაევალა მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელეს, გავრილ ტოკარევს და გადაწყდა, რომ ბიბლიოთეკა დაკომპლექტებულიყო წმინდა კავკასიოლოგიური ლიტერატურით. ამ საქმეში მას დიდი დახმარება გაუწია საქართველოში მყოფმა ფრანგმა მოგზაურმა დიუბუა დე მონპერემ. 1859 წლისათვის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდი შედგებოდა 13.260 ტომისაგან 19 ენაზე.  
ფონდების გაზრდასთან ერთად კანცელარიის შენობა აღარ აკმაყოფილებდა ბიბლიოთეკის მოთხოვნილებებს და საჭირო გახდა ბიბლიოთეკის შენობის აშენება. 1847 წელს მთავარმართებელმა მიხაილ ვორონცოვმა თხოვნით მიმართა ცნობილ ქართველ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს, ვახტანგ ორბელიანს, თავისი სახსრებით აეგო საჯარო ბიბლიოთეკისათვის შენობა, რასაც ვახტანგ ორბელიანი დაეთანხმა და 1851 წელს ერთსართულიანი შენობა ალექსანდრეს ბაღში საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა. 1850 წელს მიხაილ ვორონცოვმა ბიბლიოთეკარად მოიწვია მოსკოვში არსებული რუმიანცევის მუზეუმის წამყვანი თანამშრომელი ლუდვიგ დე სან-ტომა, რომელმაც რამდენიმე თვე იმუშავა და შემდეგჯანმრთელობის გაუარესების გამო სამუშაო ადგილი თავის შვილს გადაულოცა, რომელიც 1857 წლამდე ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკას. 1852 წლის ივნისიდან მიხაილ ვორონცოვის განკარგულებით დაევალა საცენზურო კომიტეტს, რათა კავკასიის ფარგლებში დაბეჭდილი ყველა გამოცემის ორი ეგზემპლარი, როგორც სავალდებულო ცალი, გადასცემოდა საჯარო ბიბლიოთეკას.ვორონცოვის განკარგულებით 1852 წლამდე წიგნით სარგებლობისათვის ბიბლიოთეკა ღია იყო დილის 10 საათიდან 4 საათამდე, 1852 წლიდან კი დღის პირველი საათიდან დაბინდებამდე. 1868 წელს კავკასიის მეფისნაცვლის გამგებლობაში არსებული დაწესებულებების რეორგანიზაციის შედეგად თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა და კავკასიის მუზეუმი მმართველობის ერთ სისტემაში გაერთიანდა და ეწოდა "კავკასიის მუზეუმი და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა".

შოთა რუსთაველის ძეგლი ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსის შესასვლელთან1869 წელს დაიწყო ბიბლიოთეკის ახალი შენობის მშენებლობა კავკასიის მუზეუმიდან 60-იოდე მეტრის დაშორებით. 1871 წელს ბიბლიოთეკა ახალ შენობაში გადავიდა. კავკასიის მუზეუმის და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის ლეგენდარული დირექტორის, გუსტავ რადეს გარდაცვალების შემდეგ ბიბლიოთეკის დაკომპლექტების და, საერთოდ, ფუნქციონირების საქმე აირია. 1913 წლის 3 დეკემბერს ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა კავკასიის მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკად გარდაიქმნა და მთლიანად შეერწყა კავკასიის მუზეუმს. 1914 წელს კავკასიის მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობის გამო ბიბლიოთეკა დაიხურა, ფონდები კი ყუთებში ჩაალაგეს და 10 წელი სარდაფებში ინახებოდა. 1923 წლის 30 მაისს სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით დაარსდა საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკისა და 1918 წელს დაარსებული პარლამენტის ბიბლიოთეკის ბაზაზე. ექვემდებარებოდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატს, 1953 წლიდან ახლად შექმნილ კულტურის სამინისტროს, ხოლო 1996 წლიდან საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაშია. 1923 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1926 წლიდან რეგურალურად იღებდა საბჭოთა კავშირის ბეჭდური პროდუქციის აუცილებელ უფასო ეგზემპლარს საბჭოთა კავშირის ხალხთა ენებზე, 1950 წლიდან მხოლოდ რუსულ, უკრაინულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ევროპულ ენებზე, 1923 წლიდან ბიბლიოთეკა რეგულარულად კომპლექტდებოდა საქართველოს ბეჭდური პროდუქციის აუცილებელ უფასო ეგზემპლარით (2 ერთეული).

1929 წელს ბიბლიოთეკას გადაეცა ყოფილი სათავადაზნაურო ბანკის შენობის ნაწილი (დღეს I კორპ.) 1931 წელს სამკითხველო დარბაზები გაიხსნა მკითხველთათვის. 1937 წელს ბიბლიოთეკას გადაეცა 1880-1927 წლებში მოქმედი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი, რომელმაც შეავსო საჯარო ბიბლიოთეკის ფონდი და გახადა იგი ეროვნული ნაბეჭდი ერთეულის ყველაზე სრულყოფილი კოლექციის მფლობელად. 1939 წელს დასრულდა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდების გენერალური სისტემატური და ანბანური კატალოგების შედგენა. ბიბლიოთეკა 1957 წლიდან აწარმოებს საერთაშორისო წიგნთგაცვლას. 1953 წელს ბიბლიოთეკას გადაეცა მიმდებარე შენობა (დღეს II კორპუსი), ხოლო 1987 წელს იმავე ქუჩაზე არსებული გამორჩეული არქიტექტურის მქონე ყოფილი სააქციო ბანკის შენობა (დღეს III კორპუსი). 1971 წელს დაიწყო ბიბლიოთეკის წიგნთსაცავის კორპუსის მშენებლობა (დამთავრდა 1977 წელს). 1989 წელს ბიბლიოთეკამ შეიძინა პერსონალური კომპიუტერი, 1990 წლიდან დაიწყო ელექტრონული კატალოგის წარმოება. 2001 წელს შეიქმნა ბიბლიოთეკის ერთიანი კომპიუტერული  ქსელი.

1955 წლიდან 1990 წლამდე სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის სახელწოდებით ფუნქციონირებდა. 1990 წელს ეწოდა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სახელი, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 25 დეკემბრის ბრძანებულებით გადავიდა საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაში და ეწოდება "საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა". 2000 წლიდან ბიბლიოთეკა ილია ჭავჭავაძის სახელობისაა.

2006 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის შენობა ეროვნული ბიბლიოგრაფიის ფონდით. 2012 წელს ბიბლიოთეკას გადაეცა ავლაბრის არალეგალური სტამბა-მუზეუმის შენობა, ხოლო 2014 წელს - შენობა-ნაგებობა ქ. ქუთაისში, ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდისთვის დამატებითი საცავის მოსაწყობად.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საბიბლიოთეკო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFLA ) წევრია 2006 წლიდან.

ლიტერატურა: საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბ., 2018

იხილეთ ასევე

ბიბლიოთეკის შენობების არქიტექტურა

ბიბლიოთეკის დირექტორები და ორგანიზაციის დასახელება წლების მიხედვით