11 ივლისი – დაიბადა პეტრე მელიქიშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-07 11:40:49

მელიქიშვილი პეტრე გრიგოლის ძე (1850– 1927), ქიმიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ–ერთი დამაარსებელი და პირველი რექტორი (1918), ქიმიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი.

 

სსრკ მეცნ. აკად. წ. კორ. (1927). დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის ფიზ. მათ. ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება (1872). 1876 მელიქიშვილმა მუშაობა დაიწყო ნოვოროსიის უნივერსიტეტის ქიმიის ლაბორატორიაში, იყო ამავე უნივერსიტეტის პროფესორი (1885 – 1917), განაგებდა თსუ ორგანული ქიმიის კათედრას ( 1918 – 27). მელიქიშვილის შრომები ეხება ორგანულ და არაორგანულ ქიმიის საკითხებს. მან პირველმა მიიღო ორგანულ ნაერთთა კლასი, რომლებსაც გლიციდმჟავები უწოდა. 1939 ცალკე მონოგრაფიად გამოვიდა მისი გამოკვლევები, მიძღვნილი ზემჟავებისა  და ზეჟანგებისადმი. დ. მენდელეევი მაღალ შეფასებას აძლევდა ამ შრომას და მიიჩნევდა, რომ იგი განამტკიცებდა ელემენტთა პერიოდულ სისტემას. მელიქიშვილს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიამ მ. ლომონოსოვის სახელობის პრემია დიდი ოქტომბრის მედალი მიაკუთვნა. მელიქიშვილი დიდ ყურადღებას უთმობდა საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის–წიაღისეულისა და სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების შესწავლას. მან დიდი ამაგი დასდო ქართულ ქიმიურ ტერმინოლოგიის შექმნას. მისი თაოსნობით თსუ–ში საფუძველი ჩაეყარა 4 ქიმიურ ლაბორატორიას, შეიქმნა არაორგანული, ორგანული და აგრონომიული ქიმიის კათედრები. მელიქიშვილის სახელობისაა ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა (1950) და თსუ–ში დაწესებულია მელიქიშვილის სახელობის პრემია ქიმიის და ფიზიკის დარგებში. თსუ–ში არის მელიქიშვილის სახელობის კაბინეტ–ბიბლიოთეკა.

 

დაკრძალულია თსუ I კორპუსის ეზო–სავანეში, სადაც დგას მისი ძეგლი. ძეგლი დგას აგრეთვე საქართელოს აგრარულ უნივერსიტეტის ეზო–სავანეში. თბილისში არის პეტრე მელიქიშვილის ქუჩა.

 

წყარო: ქე. თბილისი ენციკლოპედია. – თბ. 2002.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ