11 მაისი – დაიბადა გრიგოლ გაგარინი
დამატების თარიღი: 2013-03-04 10:35:17

უცხოელ მოღვაწეთაგან გრიგოლ გაგარინის ღვაწლი თბილისისა და თბილისელების წინაშე ფრიად წონადია. იგი იყო ქართველი ერის ჭირისა და ლხინის გამზიარებელი. ცნობილმა რუსმა ფერმწერმა, არქიტექტორმა, ხელოვნებათმცოდნემ, გრიგოლ გაგარინმა, თბილისში ექვსი წელი იცხოვრა და, მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეზე მეტი გვაშორებს მისი მოღვაწეობის პერიოდიდან, მხატვარი დღესაც შეგვახსენებს თავს თბილისისადმი მიძღვნილი თავისი სისხლსავსე შემოქმედების ნიმუშებით: სიონის ეკლესიის კედლის მხატვრობა, თბილისის ყოფილი საოპერო თეატრის დარბაზისა და ფოიეების მოხატულობა, დავით ჭავჭავაძისა და მაიკო ორბელიანის პორტრეტები, ყოფითი სცენები, ხუროთმოძღვრების ძეგლთა სურათები, პარიზში დასტამბული ალბომები "თვალწარმტაცი კავკასია” და "კავკასიის კოსტიუმები”, ბატალური სცენა "ახტალის ბრძოლა”, სცენიურად გაფორმებული გიორგი ერისთავის პიესები "გაყრა” და "დავა”, ბეთანიის ეკლესიაში თამარ მეფის პორტრეტისა და ფრესკის საკუთარი ხარჯით აღდგენა...

გრიგოლ გრიგოლის ძე გაგარინი დაიბადა 1810 წლის 29 აპრილს (11 მაისი) პეტერბურგში. კლასიკური სამხატვრო განათლება არ მიუღია. მეტწილად სამხედრო სამსახურში იყო. როგორც კი მ. ვორონცოვი თბილისში ჩამოვიდა და ახალი თეატრის მშენებლობაზე დაიწყო ზრუნვა, 1848 წელს საქართველოში მოიწვია გ. გაგარინიც. იმხანად წარმოდგენები ე.წ. "მანეჟის თეატრში” იმართებოდა. შემდეგში გიმნაზიის შენობაში გადაიტანეს. სცენა თვით გ. გაგარინმა გამართა და გ. ერისთავის კომედიის "გაყრის” დეკორაციებიც მან შეასრულა. რაკი ქალაქს არ გააჩნდა სრულყოფილი თეატრი, მეფისნაცვალმა დღევანდელი თავისუფლების მოედანზე არსებული თავისუფალი ტერიტორია გამოიყენა და 1847 წლის 15 აპრილს ახალი თეატრის შენობის საძირკველიც ჩაიყარა. თეატრის მშენებლობას ხელმძღვანელობდა იტალიელი არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი, ხოლო გრიგოლ გაგარინს დაევალა დარბაზისა და ფოიეს მხატვრული გაფორმება. თუ როგორ გაართვა თავი მხატვარმა დაკისრებულ მოვალეობას, მოვიტანთ ორ ამონაწერს, რომლებიც ეკუთვნის რუს მწერალს ვ. სოლოგუბს და ფრანგ მწერალს ალექსანდრე დიუმას. ვ.სოლოგუბი, რომელიც თეატრის დირექტორი იყო, 1851 წლის გაზეთ "კავკაზში” (# 29) წერდა: "...თავადი გაგარინი... მან კიდევ უფრო სრულჰყო თავისი ნიჭი და დასახლდა რა თბილისში, უკვდავყო სახელი ილუსტრაციებითა და სურათებით კი არა, არამედ მთელი ძეგლებით. სწორედ მან მორთო თბილისის ახალი თეატრი გაუმჯობესებული არაბული სტილით... მკვდარი კალამი უძლურია გამოჰხატოს ახალი დარბაზის მთელი წარმტაცობა, სიკეკლუცე და სიმშვენიერე. იგი მიაგავს სტორისა და მორტიმერის მიერ აღმოსავლური სურათების მიხედვით სხვადასხვა მინანქრისაგან გაკეთებულ ვეებერთელა სამაჯურს... როდესაც თეატრში შედიხართ, თქვენ გაოცებთ ქვედა იარუსის ლოჟები, რომლებსაც შემოვლებული აქვს თეთრი და ცისფერი ფართო არშია, ფაქიზად შესრულებული მკრთალ-იასამნისფერ ფონზე... ოქროცურვილ პლაფონზე... ჩამწკრივებულია მედალიონები: ესქილეს, სუდრაკის, შექსპირის, კალდერონის, მოლიერის, გოლდონის, გოეთესა და გრიბოედოვის სახელებით...”

თბილისური თეატრისა და გრიგოლ გაგარინის მხატვრობის აღწერაში მეტი სითბო და სიყვარული ჩააქსოვა ალექსანდრე დიუმამ თავის წიგნში "კავკასია”. ფრანგი რომანისტი წერდა: "უნდა გამოვტყდე, რომ ვესტიბიულში შესვლისთანავე განცვიფრებაში მომიყვანა ორნამენტის სადა და დახვეწილმა სტილმა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს პომპეუსის თეატრის ვესტიბიულში შევედი... თბილისის სათეატრო დარბაზისთანა თვალწარმტაცი დარბაზი ჩემს სიცოცხლეში არსად მენახა... ფარდა საუცხოოა (ისიც გ. გაგარინს ეკუთვნოდა): მოხატულობის ცენტრში აღიმართება ქანდაკების კვარცხლბეკი ზედ დახატული ჯგუფით, რომელიც მაყურებლისაგან მარჯვნივ წარმოადგენს რესეთს, მარცხნივ კი საქართველოს. რუსეთის ჯგუფში მოჩანს პეტერბურგი და ნევა, მოსკოვი თავისი კრემლით, ხიდები, რკინიგზები, გემები, ცივილიზაცია. საქართველოს მხარეზე მოჩანს თბილისი თავისი ციხის ნანგრევებით, ბაზრებით, წამოშვერილი კლდეებით, თავისი ბობოქარი, დაუოკებელი მტკვარით, სპეტაკი ცითა და მთელი თავისი პოეზიით. კვარცხლბეკის ძირში რუსეთის მხარეზე მოჩანს კონსტანტინეს ჯვარი, წმინდა ვლადიმერის დევნა, ციმბირის ბეწვები, ვოლგის თევზები, უკრაინის ხორბალი, ყირიმის ხილი, ესე იგი, რელიგია, მიწათმოქმედება, კომერცია, სიუხვე. საქართველოს მხარეზე მოჩანს საუცხოო ქსოვილები, შესანიშნავი იარაღი, ვერცხლის სევადიანი თოფები, სპილოს ძვლითა და ოქროთი დამშვენებული ხანჯლები, ვარაყიანი ხმლები, ოქროცურვებული ვერცხლის კულები, სადაფით მოჭედილი ჩონგურები, დოლები სპილენძის ეჟვნებით, შავი ხის ზურნა, ესე იგი, სამკაული, ომი, ღვინო, ცელვა, მუსიკა...”

თეატრი საზეიმოდ გაიხსნა 1851 წლის 8 ნოემბერს და სულ 23 წელი იარსება, - 1874 წლის 11 ოქტომბერს ეს უნიკალური ნაგებობა ხანძარმა იმსხვერპლა. ასე დაიღუპა გრიგოლ გაგარინის შემოქმედების დიდი წიგნის ერთი, ყველაზე საინტერესო გვერდი.

თეატრის მოხატვის შემდეგ გრიგოლ გაგარინი ჩვეული მონდომებით შეეჭიდა სიონის ტაძრის კედლებს.მოდით, ისევ ა. დიუმას მოვუსმინოთ: "როცა თავადმა გაგარინმა მორთო ჯოჯოხეთის ტალანი, როგორც ამას თეატრს უწოდებენ, მან ხელი მიჰყო სამოთხის კარის შესრულებას, როგორც ეკლესიას ეძახიან. თბილისის კათედრალური ტაძარი მთლიანად მოხატულია ამ დიდი ხელოვანის მიერ და მსგავსად თბილისის თეატრისა, რომელიც თუ ყველაზე უკეთესი არა, ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო თეატრია დედამიწის ზურგზე, სიონის ტაძარიც ერთ-ერთი ელეგანტური ეკლესიაა მთელს რუსეთში.”

როდესაც სიონის ტაძრის მოხატვას შეუდგა, გ. გაგარინმა მოსკოვიდან და პეტერბურგიდან გამოიწერა საღებავები, ტილო, არმატურა... რუსი მხატვარი ბევრს მოგზაურობდა საქართველოში და საკუთარი სახსრებით აღადგინა შელახული ფრესკები, პორტრეტები. მისი პროექტით აშენდა ალაგირის ეკლესიაც.

იმდენად უყვარდა მხატვარს საქართველო და ქართველი ერი, რომ სამშობლოში დაბრუნებაზე არც კი ფიქრობდა. იყო შემთხვევა, როდესაც მისმა ახლობლებმა მოსკოვში სოლიდური სამსახურიც კი გამოუძებნეს, მაგრამ ყურად არ იღო. ჭეშმარიტებას არ იქნება მოკლებული თუ ვიტყვით, რომ მხატვრისათვის თბილისურ პერიოდს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც სწორედ მთელი თბილისი იქცა მის შემოქმედებით სახელოსნოდ და სწორედ აქ გაიფურჩქნა მისი ნიჭიც.

საქართველოში ჩამოსული გ. გაგარინი წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა თბილისის კულტურულ ცხოვრებაში. მისი სახელი რუსული და ქართული კულტურის შემაერთებელ ხიდად იქცა. მხატვარს ახლო მეგობრობა ჰქონდა ალექსანდრე ჭავჭავაძესთან, მანანა ორბელიანთან... აგრეთვე იმხანად თბილისში მცხოვრებ სხვა ერების წარმომადგენლებთან – ი. პოლონსკისთან, მირზა ფათალი ახუნდოვთან, მირზა შაფისთან...

იმის გამო, რომ გრიგოლ გაგარინი 1855 წელს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, იძულებული გახდა საქართველოდან წასულიყო. ბევრი კეთილი სიტყვა ითქვა ქართველი ერის დიდი მეგობრის თბილისიდან გამგზავრების დროს, რადგანაც განშორება ორივე მხარემ ტკივილამდე განიცადა.

თბილისიდან წასვლის შემდეგ გრიგოლ გაგარინს არ გაუწყვეტია კავშირი საქართველოსთან. იგი სიკვდილამდე მის თავგადადებულ მომღერლად დარჩა. ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა მხატვარმა და 83 წლის ასაკში, 1893 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა საფრანგეთში, შატერლოში. მისი ნეშტი გადმოასვენეს ტვერის გუბერნიის კოროჩევის მაზრის სოფელ კარაჩაროვოში, საკუთარ მამულში.

 

 

წყარო: ჩორგოლაშვილი მამია, "...თითქოს აქ ვიყო დაბადებული", თბილისი, "ნაკადული", 1990 წ.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ