11 სექტემბერი – დაიბადა დავით კლდიაშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-13 10:27:44

დავით კლდიაშვილი დაიბადა 1862 წლის 11 სექტემბერს, სოფ. სიმონეთში (ახლ. თერჯოლის რაიონი), გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფ. ხომულში (ახლ. წყალტუბოს რაიონი), ბაბუამისის, აზნაურ ნიკო ღოღობერიძის ოჯახში გაატარა.

 

7 წლის დავით კლდიაშვილი ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად. 1872 წელს სახელმწიფო ხარჯით გააგზავნეს კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1880 წელს. შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში, სადაც 1882 წლამდე სწავლობდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გააწესეს ბათუმში, სამხედრო სასწავლებელში. ის დაკავშრებული იყო მოწინავე ინტელიგენციასა და რევოლუციურად განწყობილ მუშებთან და ჯარისკაცებთან. იგი ვოლსკისთან და ი. მესხთან ერთად ბათუმის საზოგადოებრივ-კულტურული საქმიანობის სულისჩამდგმელი იყო. 1905-1907 წლების რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო პოდპოლკოვნიკი, აიძულეს სამხედრო სამსახურიდან გადამდგარიყო.დ. კლდიაშვილი 1905 წლიდან მუშაობდა ჯერ ქუთაისში, შემდგომ კი ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში. ხოლო 1915 წელს ოსმალეთის ფრონტზე გაიწვიეს. დავითს თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვალში რევოლუციამ მოუსწრო და იგი მშობლიურ სოფელში დაავადებული დაბრუნდა. აქ შექმნა მან რამოდენიმე მოთხრობა და ქართული მემუარული პროზის შედევრი "ჩემი ცხოვრების გზაზე”.1930 წელს დ. კლდიაშვილს სამწერლო მოღვაწეობის 40 წლისთავი გადაუხადეს. მას სახალხო მწერლის წოდება მიენიჭა.

 

1931 წლის 24 აპრილს დ. კლდიაშვილი გარდაიცვალა სოფ. სიმონეთში. იგი დაკრძალეს თბილისში მთაწმინდის პანთეონში.

 

წყარო: ქე. – თბილისი ენციკლოპედია. – თბ. – 2002.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ