12 ივლისი – დაიბადა ირაკლი კვირიკაძე
დამატების თარიღი: 2013-03-07 11:39:10

კვირიკაძე ირაკლი (დაიბადა 1939), კინორეჟისორი და კინოდრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1983).

 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1964) და საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (1969). 1966 "მოსფილმში” საკუთარი სცენარით გადაიღო ფილმი "გადამწყვეტი ნაბიჯი”. საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში გადაიღო ფილმები: "ქვევრი” (1970), "პამირის მთებში”(1971), "კონცერტი–72” (1972), "სადღეგრძელო” (1973) და სხვა. 1975–იდან კინოსტუდია კინოსტუდია "ქართულ ფილმში” გადაიღო მხატვრული ფილმები ფილმები: " ქალაქი ანარა” (1976), "მოცურავე” (1981), "ამხანაგი სტალინის მოგზაურობა აფრიკაში” (1990) და სხვა. მისი სცენარებით გადაღებულია მხატვრული ფილმები: "რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა” (1986), "ნაკაწრი” (1987), "სასწაულმოქმედი ანუ ვიღაცა სხვა” (1988), "პრიშვინის ქაღალდის თვალები” (1989) და სხვა. მისივე სცენარებით შეიქმნა ქართული მულტიპლიკაციური ფილმები: "ტალანტი” (1981), "ახლა გამოფრინდება ჩიტი” (1983), "ჟანგიანი რაინდი” (1984), "ბო–ბო” (1985), "ლოკოკინა” (1986) და სხვა.

 

1989 სცენარების სრულიად საფრანგეთის ყოველწლიურ კონკურსზე უმაღლესი პრემია – გრან–პრი მიენიჭა კინოსცენარს "ლოყებღაჟღაჟა დონ ჟუანის ცრემლები”, თვითონ კვირიკაძე კი აღიარეს "1989 წლის საფრანგეთის საუკეთესო სცენარისტად”. 1989 ამერიკაში ჩატარებულ სასცენარო კონკურსში პრიზი – "ჰარტლი–მერილი” – საუკეთესო სცენარისათვის მოიპოვა მისმა სცენარმა "ამერიკელი მეძავი”. ასევე დაწერილი აქვს სცენარები: "თაფლი ყველასათვის”, "ცისარტყელა კოჭლი ძაღლის თვალით”, "მერი პიკფორდის მკვლელობა”, "ჭრილობა”, "წითელი ქვიშების ცხოველი”, "წითელი ანგელოზები”, "მოგზაურობა როსინანტთან” და სხვა. იყო საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტის ხელმძღვანელი (1974–81) და მოსკოვის საკავშირო კინოინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტის ხელმძღვანელი (1982–85), პროფესორი.

 

წყარო: ქე.–თბილისი.–ენციკლოპედია.–თბ.–2002წ.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ