12 ოქტომბერი – დაიბადა ნოდარ ყიფშიძე
დამატების თარიღი: 2013-03-14 12:46:20

ყიფშიძე ნოდარი ნიკოლოზის ძე _ ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის დირექტორი. დაიბადა თბილისში 1923 წლის 12 ოქტომბერს. 1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1954-57 წლებში იყო სსრკ სამედიცინო აკადემიის თერაპიის ინსტიტუტის (მოსკოვი) დოქტორანტი.

 

1957-59 წლებში იყო მივლინებული ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. 1960 წელს მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტად (ახლანდელი თერაპიის ინსტიტუტის ცენტრი), რომლის დირექტორი იყო 1999 წლამდე. 1999 წლიდან თერაპიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს  თავმჯდომარეა. 1963-65 წლებში მივლინებით იმყოფებოდა ჟენევაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბიოლოგიური ფარმაკოლოგიის და თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. შეისწავლის მიოკარდიუმის ინფარქტის პათოგენეზს, დიაგონსტიკასა და მკურნალობას. შექმნა გულის კუნთის ინფარქტის ორიგინალური ექსპერიმენტული მოდელი. შეისწავლა ვირუსული მიოკარდიტის გადასვლის შესაძლებლობა შეგუებით კარდიომიოპათიაში. 1966 წელს თბილისში მისი თაოსნობით დაარსდა სპეციალიზებული კარდიოლოგიური განყოფილება.

 

1970 წლიდან შეთავსებით მუშაობს საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის თერაპიის II კათედრაზე პროფესორად, ხოლო 1987 წლიდან დღემდე არის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თერაპიის კათედრის პროფესორი. 1963 წლიდან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გულსისხლძარღვთა დაავადებების შემსწავლელი კომიტეტის ექსპერტია. 1966-68 წლებში აირჩიეს შვეიცარიის სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოების გერმანელ თერაპევტთა და კარდიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრად. უნგრეთის ათეროსკლეროზის შემსწავლელი საზოგადოების საპატიო წევრად, 1994 წლიდან ნიუ-იორკის სამეცნიერო აკადემიის წევრია. 1995 წლიდან არჩეულია ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის წევრად. 1986 წელს მიენიჭა სსრკ სამედიცინო აკადემიის ა. მიასნიკოვის სახელობის პრემია, 1981 წელს საქართველოს, ხოლო 1989 წელს _ სსრკ სახელმწიფო პრემიები. 1988 წლიდან სსრკ სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსია, 1990 წლიდან რუსეთის სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი. 1996 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1967 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. მისი შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ესპანურ და გერმანულ ენებზე. ავტორია მრავალი სამეცნიერო შრომისა და 18 მონოგრაფიის. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ღირსების ორდენი 1998 წელს.

 

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 2003 წელს.

 

წყარო: თბილისის საპატიო მოქალაქეები. თბ. – 2005.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ