13 ნოემბერი - დაიბადა კოტე მაყაშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-15 12:25:13

კოტე მაყაშვილი დაიბადა 1875 წლის 13 ნოემბერს (ძვ.სტ.) თელავის მაზრის სოფელ იყალთოში. პოეტის მამა, თავადი ზაქარია, ხელმოკლე მემამულე იყო. პოეტის დედა, ნინო აბელიშვილის ასული, თელავის მაზრის სოფელ ოჟიოდან იყო.

 

ზაქარიას გარდაცვალების შემდეგ ხუთი წლის კოტე ყარსის ოლქში, დაბა სარაყამისში, გაგზავნეს, სადაც მისი უფროსი ძმები მსახურობდნენ. რვა წლის კოტე ისევ სამშობლოში წამოიყვანეს. ცხრა წლის ასაკში დაწერა პირველი ლექსი.

 

ათი წლის კოტე ბიძამ სათავადაზნაურო სკოლაში მიაბარა. აქ მან ორი წელი დაჰყო. სათავადაზნაურო სკოლის მეორე კლასის დამთავრების შემდეგ კოტე თბილისის მეორე კლასიკური გიმნაზიის მესამე კლასში გადაიყვანეს. 1895 წელს გიმნაზია დაამთავრა და სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე შევიდა, მაგრამ სტუდენტთა გამოსვლებში მონაწილეობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

 

1900 წელს სამშობლოში დაბრუნდა და  ქართულ გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა მასწავლებლად, თუმცა აქ დიდხანს არ დარჩენილა. 1903 წელს ქართულ სათავადაზნაურო ბანკში დამფასებლად, ხოლო 1915 წელს ამავე ბანკის დირექტორად აირჩიეს.

კ. მაყაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში: გაზეთებში - ‘‘ივერია'', ‘‘სახალხო გაზეთი'', ‘‘ისარი'', ‘‘საქართველო'', ‘‘ლომისი'', ‘‘თემი'' და სხვა. ჟურნალებში - ‘‘საქართველო,'' ‘‘ფასკუნჯი,'' ‘‘პრომეთე'', ‘‘ლომისი''. 1914 წელს გამოვიდა პოეტის ლექსების პირველი და ერთადერთი კრებული ‘‘ლირიკა".

 

1918 წელს მისი თავმჯდომარეობით დაარსდა ხელოვანთა ცენტრი. 1921 წელს იგი აირჩიეს ხელოვანთა კულტურული კომიტეტისა და ხელოვანთა სასახლის თავმჯდომარედ. იგი იყო ინიციატორი სათავადაზნაურო დაწესებულებასთან იმ განსაკუთრებული ფონდის დაარსებისა, რომელიც დახმარებას უწევდა ყველა ხელმოკლე, ნიჭიერ ახალგაზრდას. იგი იყო აგრეთვე ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის წევრი ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებისა და ქართული ფილარმონიული საზოგადოებისა, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისა, ქართული დრამატული საზოგადოებისა, 20-იანი წლების დასაწყისში იყო ‘‘აკადემიური მწერლობის'' კავშირის აქტიური წევრი. საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი, კავშირის ჩამოყალიბებისთანავე აირჩიეს პირველ თავმჯდომარედ და თითქმის ათი წლის განმავლობაში  უძღვებოდა ამ მძიმე და საპატიო საქმეს.

 

კ. მაყაშვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდა დაავადდა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 1927 წლის 29 აგვისტოს, გარდაიცვალა. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

                                        

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ