13 ივლისი – დაიბადა სანდრო შანშიაშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-07 11:37:35

სანდრო ილიას ძე შანშიაშვილი დაიბადა 1888 წლის 13 ივლისს. სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში. მამა – ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი ჯერ სოფლის მასწავლებელი იყო, შემდეგ მღვდლად აკურთხეს. დედა – დარო სოსანას ასული თოფჩიშვილი–ათანელაშვილი სოფელ ტიბაანიდან იყო.

 

დაწყებითი სწავლა ჯუგაანში მიიღო ეგნატე მენთეშაშვილთან. შემდეგ სწავლობდა ხისრის მონასტრის სამრევლო სკოლაში, მაგრამ როგორც  ანტირელიგიური პიროვნება " გაათავისუფლეს’’. 1905–1906 წლებში სწავლობდა თბილისში კერძო სამხატვრო სასწავლებელში, სადაც პედაგოგად იყო ოსკარ შმერლინგი. სკოლა უსახსრობის გამო მალე დაიხურა. 1907 წელს სანდრო შანშიაშვილი სწავლობდა ქართულ გიმნაზიაში, როცა VIII-ში უნდა გადასულიყო, ჟანდარმერიამ გაჩხრიკა, არალეგალური ლიტერატურისა და ცარიზმის წინააღმდეგ მიმართული ლექსის "მტარვალის" გამო, დააპატიმრეს, ჩასვეს მეტეხის ციხეში. სანდრო შანშიაშვილი გაციმბირებას გადაურჩა, რადგან მცირეწლოვანი იყო.

 

იგი, როგორც უკვე სახელმოხვეჭილი ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტი, საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1911 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად გაიგზავნა საზღვარგარეთ – შვეიცარიაში – ციურიხში. შემდეგ გადავიდა ბერლინში, იქიდან ლაიფციგში, სადაც 1914 წლამდე დარჩა. იმპერიალისტური ომის დაწყების გამო, იძულებული გახდა ხელი აეღო უმაღლესი განათლების მიღებაზე. სანდრო შანშიაშვილი დაბრუნდა საქართველოში და საზოგადოებრივ მუშაობაში ჩაება. 1914 წელს მან დაიწყო გაზეთ "საქართველოს" გამოცემა. 1917 წელს იყო ჟურნალ "მერანის" რედაქტორი. ამავე წელს დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს და ეწეოდა, როგორც ფიზიკურ, ისე შემოქმედებით საქმიანობას – წერდა ლექსებს, პიესებს, მოთხრობებს. სანდრო შანშიაშვილი პოეტურ ასპარეზზე 1905–იან წლებში გამოვიდა. სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდში მან პირველი ლექსი გამოაქვეყნა გაზეთ "ისარში" – 1906 წელს, ხოლო პირველი პოეტური კრებული "სევდის ბაღი"– 1909 წელს. ტიციან ტაბიძე "ცისფერყანწელთა" აკვნის დამრწევად თვლიდა მას და მის შემოქმედებაში ქართული პოეზიის სათავეს ხედავდა.

 

1923 წელს სანდრო შანშიაშვილი დაბრუნდა თბილისში. 1927 წლამდე მუშაობდა ჟურნალ "დროშის" მდივნად.

სანდრო შანშიაშვილმა ცხოვრების დიდი გზა განვლო. ოცნებობდა, ყოფილიყო "ხალხის მომღერალი", "ერთგული მსახური", თავისი ეს მაღალი მოქალაქეობრივი დანიშნულება პოეტმა ღირსეულად შეასრულა. 1960–1973 წლებში გამოვიდა სანდრო შანშიაშვილის ნაწერების ექვსი ტომი.

 

სანდრო შანშიაშვილი გარდაიცვალა 1979 წლის 28 ოქტომბერს, დაკრძალულია  თბილისში.

 

წყარო: მარინა გოგოლაძე–გაბუნია.–მწერალთა ბიოგრაფიები.–თბ.–2004 წელი

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ