13 მაისი – დაიბადა ვანო სარაჯიშვილი (1879–1924)
დამატების თარიღი: 2013-03-04 10:25:02

ვანო სარაჯიშვილი ეკრანზე

 

 

1923 წლის ზაფხულში ჩვენი კინომრეწველობა შეუდგა ალექსანდრე ყაზბეგის რომანის "მამის მკვლელის" მიხედვით სურათის გადაღებას. ფილმში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყო ვანო სარაჯიშვილი. ის ასრულებდა იაგოს როლს, მე ვთამაშობდი ნუნუს.

1923 წლის ზაფხულში ჩვენი კინომრეწველობა შეუდგა ალექსანდრე ყაზბეგის რომანის "მამის მკვლელის" მიხედვით სურათის გადაღებას. ფილმში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყო ვანო სარაჯიშვილი. ის ასრულებდა იაგოს როლს, მე ვთამაშობდი ნუნუს.

ვისაც ვანო სარაჯიშვილი უნახავს სცენაზე, მისთვის დიდი სიამოვნებაა ცოცხალი და მოძრავი იხილოს ის ეკრანზე. ამ სურათს თუნდაც იმიტომ აქვს ღირებულება, რომ მისი წყალობით საშუალება გვეძლევა მეხსიერებაში აღვადგინოთ ამ შესანიშნავი არტისტის მაღალი ოსტატობა და შთამაგონებელი სახე.

ვანო სარაჯიშვილმა კინოში მოიტანა არა მარტო თავისი გამოცდილება, არამედ საუკეთესო სცენური ტრადიციები და ის თავისებურება, რომელიც ამ დიდ ხელოვანს ახასიათებდა.

მე მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, სულ 16 წლის გოგონა, ადვილად წარმოიდგენთ, თუ რა სიხარული იყო ჩემთვის ვანო სარაჯიშვილის პარტნიორობა. მე ვთამაშობდი იმ ადამიანთან, ვინც ქართველი ხალხის სიყვარული იყო, ხოლო ჩემი ხნის ახალგაზრდებისათვის – ნამდვილი კერპი.

სარაჯიშვილი მაშინ 45 წლის იყო, მაგრამ ნახეთ ის ეკრანზე და დარწმუნდებით, რომ სხვა ნიჭთან ერთად ბუნებამ ის საოცრად დაზოგა და შეუნარჩუნა ახალგაზრდული შეხედულება, დიდი ტემპერამენტი და მომხიბვლელობა.

მთელ ექსპედიციაში ყველაზე უფრო აღტაცებული, ცოცხალი, დაუღალავი, მხიარული და ამასთანავე საოცრად უბრალო და გულისხმიერი ვანო სარაჯიშვილი იყო.

სარაჯიშვილი თავიდანვე დიდი სერიოზულობით მოეკიდა საქმეს.

აპარატის წინ დგას ვანო სარაჯიშვილი – იაგო, უკან კი აპარატია, ოპერატორი, რეჟისორი, მისი თანაშემწე, ასისტენტები, მსახიობები და საჭირო ტექნიკური პერსონალი. იწყება გადაღება სცენისა, სადაც იაგომ სიყვარული უნდა გამოუცხადოს ნუნუს. აი, საცაა უნდა ამუშავდეს აპარატი, როცა უეცრად სარაჯიშვილმა უკმაყოფილოდ გადახედა აპარატს, მის გარშემო მდგარ ხალხს და საყვედურით მითხრა:

– რას გავს ეს ამბავი? როგორ გამოგიმჟღავნო ჩემი სიყვარული, როცა ამდენი ხალხი და შენი ქმარიც კი ეგერ დამდგარან, შემომცქერიან და ერევიან ჩემს საქმეში. არ შეიძლება განა ეს სცენა გადავიღოთ მოწმეთა გარეშე?

მუშაობდა ის ყოველთვის შთაგონებულად და დიდი ტემპერამენტით. ხშირად თვითონვე იყო თავისი თავით კმაყოფილი და როგორც ჭაბუკი, გულუბრყვილოდ და სიხარულით იტყოდა:

– დიდებულად კი ჩავატარე ეს სცენა! ახ, რა კარგად ვითამაშე! ყოჩაღ ვანო სარაჯიშვილო!

რამდენიმე ტრიუკი ამ ფილმში ისეა გაკეთებული, რომ მასში მხოლოდ ნაწილობრივ მონაწილეობდა სარაჯიშვილი, მაგრამ ის იმდენად გატაცებული იყო თავისი მუშაობით, რომ, როცა ბოლოს ეკრანზე ნახა მთელი სურათი, დარწმუნებული იყო, თითქოს ყველაფერი მის მიერ იყო გაკეთებული.

ერთობ შესაქცევი იყო შემდეგი შემთხვევა: მოქმედების მიხედვით მე ტყეში დავეხეტები: აი საცაა დათვი თავს უნდა დამესხას. ტყეში მართლაც იყო დათვი, მაგრამ ის უკანა ფეხით დაბმული იყო და გაბრაზებული ღრინავდა. იმ წუთში, როცა ის თითქო უნდა მეცეს, გამოჩნდება იაგო – სარაჯიშვილი, მივარდება დათვს, ჩასცემს ხანჯალს და მოკლავს. ეს კადრი გადაიღო აპარატმა შემდეგნაირად: სარაჯიშვილი –იაგო გადაიღეს ცალკე, გახელებული დათვიც ცალკე. სარაჯიშვილმა – იაგომ მხოლოდ ხანჯალი ამოიღო და რაღაცას ჩასცა. ეკრანზე კი ისე გამოვიდა, თითქო იაგო ეცა დათვს და მართლაც ჩასცა ხანჯალი.

როცა ეს კადრი ნახა ვანო სარაჯიშვილმა, ის იმდენად გაკვირვებული იყო მისი რეალობით, რომ დარწმუნებული შეიქნა, თითქო მართლაც მან მოკლა დათვი. უყურებდა კადრს და ამბობდა:

– ძალიან მარჯვედ კი ვიყავი! ა? ხომ ხედავთ, რა საშინელი მხეცია. მაინც არ შევუშინდი და ჩავეც ხანჯალი! ხუმრობა ხომ არაა მისი მოკვლა!

სამწუხაროა, რომ მის დროს ხმოვანი კინო არ არსებობდა. ძველმა ეკრანმა აღბეჭდა ვანო სარაჯიშვილის სახე, თამაში, მაგრამ მთელი მისი სიდიადე ხომ სიმღერაში იყო.

ვისაც სარაჯიშვილი მოუსმენია, მისი ხმისა და სიმღერის ძალა განუცდია, მისთვის ის დაუვიწყარია.

მრავალს მოუსმენია ვანო სარაჯიშვილი, მაგრამ ბევრს არ ჰქონია ბედნიერება მოესმინა იმ წუთებში, როცა თითონ მას ემღერებოდა, იმ წუთებში, როცა მას არ შეეძლო არ ემღერა, როცა ის თავის ღმერთთან ურთიერთობაში იყო.

მე ერთხელ მქონდა შემთხვევა ასეთ წუთში მომესმინა მისთვის. ეს მოხდა სიღნაღში. გაზაფხული იყო, აივანზე ვისხედით ძველი ციხე–გალავნის ახლო. ნათელი, მთვარიანი ღამე იყო. ქვევით ალაზნის ველი გადაშლილიყო. დღით მე დავინახე, თუ როგორ ჰყვავოდნენ იქ, ქვევით, ალუბლის და ვაშლის ხეები და ახლაც, ამ ნათელ ღამეში, მეჩვენებოდა, თითქო ვხედავდი მათ და ვყნოსავდი დამათრობელ სურნელს. მთვარით განათებული კავკასიონის თოვლიანი ქედი თეთრად ბრწყინავდა. სიჩუმეში ვიდექით და გავცქეროდით ყველანი ამ მომხიბლავ ჩვენებას. და აი, თითქოს მოულოდნელად კი არა, არამედ თითქო ჩვენი გულიდან ამოსულიყო, მოისმა ჯერ ჩუმი ჰანგი, ისეთივე ჩუმი, როგორადაც ლოცვა იწყება.

ეს ვანო სარაჯისვილი მღეროდა მშობლიურ ურმულს ჩუმად დაიწყო, შემდეგ მისი ხმა თანდათან გაძლიერდა, გადაეფინა გაყუჩებულ ალაზნის ველს და შორეულ მთებს გადაწვდა. მისი ხმა, მისი არსება შეერთებული იყო ამ წუთში იმ მომხიბლავ ჩვენებასთან, რომელიც შორ მანძილზე გადაშლილიყო. მომღერალი თითქო უბრუნდება გარემოს იმ ჰანგს და ხმას, რომელიც მისგანვე მიეღო. ეს ხმები დაბადებული ამ ველზე, მის მწვანეში, ალაზნის ტალღებში, გლეხის კერის ღუღუნში, – იქნებ ესმოდათ ყველა ამათ ისევე, როგორც ჩვენ, ადამიანებს.

ის მრეროდა დიდხანს და ყველაფერი მას უსმენდა მის ხმაში მისი მშობელი ხალხის ხმა ისმოდა.

ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა ეს ღამე.

სრული ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა ვანო სარაჯიშვილი.

ის თითქოს მითიურ ორფეოსად იქცა ჩვენთვის და მისი სიმღერის ძალა უკვდავ ლეგენდასავით დარჩა ხალხში.

 

 

ვაჩნაძე ნატო, "მოგონებები და შეხვედრები", თბილისი, "ხელოვნება, 1950

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ