14 მაისი – თამარობა
დამატების თარიღი: 2013-03-04 10:22:46

14 მაისი

თამარობა

 

თამარ!

 

            რა ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყვანი ჩემნი – ოდეს კრძალვით ვახსენებ შენს გვირგვინოსანს სახელს, ჲ თამარ!

            გაზაფხულს ესწორე და ვარდებში განეწესე, ყირიმზის იაგუნდის  გადიმებით სამშობლო გამინათე!..

            შენი სახე – საქართველოს სანთელია, თვალმშვენიერო!

            ვაი მე! ვაი მე! საქართველოსთვის მხიარული დღე ვერ მიპოვია; შენც უდაბნოს ვარსკვლავივით გაიელვე ლურჯ უფსრკულში და ვგოდებთ, რომ კვლავ ვერ შევესწრებით სხივთა დღესასწაულს...

            ჩვენ ვიცით, რომ ორჯერ ვარსკვლავი არ გაგვინათებს! – და კვლავ შეგნატრით, გაუმეორებელო მზევ; გაზაფხულის ღელის ყვავილო!

            აჰა, სამშობლო ჩემი, როგორც ანგელოსი სუსტ–ფრთებიანი, უიმედოდ აწყდება წყვდიადს, მაგრამ შენი შორეული სახე თეთრვარდიან ბრწყინვალებით უნათებს აღთქმულს გზა–ბილიკს!

            მოუვალ გზისკენ წასულან სამშობლოს ვარსკვლავები; ბრწყინვა და შარავანდედი შეახუნდა საქართველოს მზეს.... არ გაიშალა ჩვენთვის სხივთა მარაო და დღეს  მტრის მშვილდოსნისგან დაკოდილი ქართლოსიანი სასოებით მხოლოდ შენ შემოგძახის: თამარ! ჲ თამარ!..

 – ჰყვავის და სჭკნება საუკუნე; ჰყვავის მწუხრი და განთიადი, ხოლო სახე შენი ჰგიებს, დაუმჭკნარი, ღიმილის ელვით ოქროცურვილი...

საუკუნეთა ბინდში, მხოლოდ შენ გპოვა ერის სალამურმა, მხოლოდ შენ მოგკრა თვალი საქართველოს დედამ!.. და გიხმობთ შველად თამარ! ჲ თამარ! – ივერია იავარ იქმნა!

    მეც ძაძით შევმოსე გული; მე ღამის სიჩუმე ვარ – ღამეში ჩამარხული და სიჩუმით ვახსენებ შენს სახელს. მე არ მაგიჟებს დროშების ჟღრიალი და შენი სახელის ხსენება საგმირო სიმღერაში, მე მხოლოდ გლოცულობ შენ!..

            მთვარის ნაპერწკლებით და ოქროს ძაფებით შენს მზიურს სახეს შავ ნისლებში ვქარგავ, ჲ თამარ!

მე მიხარიან, რომ საქართველო შენის სახელით შეიმოსა; მე მიხარიან, რომ შენ ედედოფლე მას – უკვდავი მშვენიერება და სიხარული! – და კვლავ თაყვანსა გცემ, თამარ! შენით ჰსუნთქავს საქართველო!

გულს ვეღარ შემიზარავს ჩემს წინაშე აღმართული შავი აჩრდილი სიკვდილისა; უკვდავია ერი ჩემი, სანამ უკვდავობს თვალშეუდგამი შენი სახე, – უკვდავია, რადგანაც შენით უჭკნობ მშვენიერებას ეზიარა –

ჲ თამარ!

 

გ. ლეონიძე

 

 

გაზ. "საქართველო” 1917 წ. N 93.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ