14 ოქტომბერი – დაიბადა სიმონ ყაუხჩიშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-13 16:06:45

სიმონ გიორგის-ძე ყაუხჩიშვილი (14 ოქტომბერი, 1895, ქუთაისი ― 15 მაისი, 1981, თბილისი) - ქართველი მეცნიერი-ბიზანტინოლოგი, ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1927), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969), საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართულინ ბიზანტინოლოგიური სკოლის დამაარსებელი.

 

დაიბადა ქუთაისელი კათოლიკეების ოჯახში, რომელიც წარმოშობით მესხეთიდან ყოფილა. პირველდაწყებითი განათლება მიიღო ცნობილი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის იოსებ ოცხელის მიერ დაფუძნებულ ორწლიან მოსამზადებელ სკოლაში. შემდეგ კი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შევიდა. 1913 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილებაზე. პარალელურად ყაუხჩიშვილი სწავლას იწყებს აღმოსავლური ენების ფაკულტეტის ქართულ-სომხურ განყოფილებაზე, სადაც მისი მასწავლებლები არიან ნიკო მარი და ივანე ჯავახიშვილი.

 

1917 წელს იგი წარჩინებით ამთავრებს პეტერბურგის უნივერსიტეტს და ბრუნდება საქართველოში. თავდაპირველად ანტიკური ქვწყნებისა და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ქალთა სემინარიაში. 1918 წლიდან თბილისის უნივერსიტეტშია, სადაც იგი საპროფესოროდ მოსამზადებლად იქნა დატოვებული ბერძნულ-ბიზანტიური ფილოლოგიის განხრით. 1920 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ცნობილი ნაშრომი "ხრონოგრაფი გიორგი მონაზონისა (გიორგი ამარტოლის "ხრონოგრაფის" ქართული თარგმანი)", ნაწ. I, ტექსტი. ეს იყო IX საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის საკმაოდ ცნობილი თხზულების XII საუკუნეში შესრულებული არსენ იყალთოელისეული თარგმანის მეცნიერული პუბლიკაცია. შემდეგი ხუთის თვის მანძილზე (1920 წ. სექტემბერი - 1921 წ. იანვარი) უნივერსიტეტის მივლინებით ყაუხჩიშვილი მუშაობს ათენში, სადაც ეუფლება ახალ ბერძნულ ენას და ეცნობა ბიზანტიური ეპოქის ბერძნული ლიტერატურის ძეგლებს, ბერძნულ ხელნაწერებს. იქიდან მიემგზავრება ბერლინში, სადაც ოთხი სემესტრის განმავლობაში სახელგანთქმული ელინისტებისა და ბიზანტინისტების ხელმძღვანელობით როგორებიც იყვნენ უ. ვილამოვიც-მოლენდორფი, ედ. მაიერი, ჰ. დილსი და უ. ვილკენი, სემინარებში მუშაობდა, ლექციებს ისმენდა, სწავლობდა რა პარალელურად წყაროთმცოდნეობას, ეპიგრაფიკასა და პალეოგრაფიას.

 

1923 წლიდან ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1927 წლიდან ბიზანტინოლოგიის კათედრის გამგეა.ორჯერ 1938 და 1953 წლებში ყაუხჩიშვილი მოყვა რეპრესიებში. ორივეჯერ მას დაატოვებინეს კათედრა, ჩამოართვეს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის წოდება, რომელიც მას 1950 მიენიჭა. ორივეჯერ იგი იქნა რეაბილიტირებული, თუმცა პირველ შემთხვევაში, იძულებული იყო მოსკოვში განეგრძო მოღვაწეობა1939-1940 წლებში, საბჭოთა აკადემიის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის ანტიკური ლიტერატურის განყოფილებაში. 1960 წელს, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსებისთანავე ყაუხჩიშვილი სათავეში ჩაუდგა ამ ინსიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილებას და მას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. 1969 წელს აღადგინეს და აირჩიეს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ყაუხჩიშვილის უამრავ გამოკვლევათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იოანე პეტრიწის შრომათა მეცნიერულ პუბლიკაციას ორ ტომად 1937/1940 ( II. ტომი შ. ნუცუბიძესთან ერთად); უაღრესი მნიშვნელობა აქვს მის გამოკვლევებს "ბალავარიანთან" დაკავშირებით, აგრეთვე პეტრიწონის მონასტრის ისტორიის შესწავლაში. ყაუხჩიშვილი ავტორია ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე პირველი და ერთადერთი სახელმძღვანელოსი ბიზანტიის ისტორიაში: "ლექციები ბიზანტიის ისტორიიდან" (თბილისი 1948).

 

 წყარო: ქე. – თბილისი ენციკლოპედია. – თბ. – 2002.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ