15 თებერვალი – დაიბადა ავლიპ ზურაბიშვილი
დამატების თარიღი: 2013-01-25 15:34:17

ზურაბაშვილი ავლიპი დავითის ძე (1902–94), ფსიქიატრი და ნეირომორფოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), მედიცინის მეცნ. დოქტორი,(1937), პროფესორი (1942), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1944). 1927 დაამთავრა თსუ სამკურნალო ფაკულტეტი.

 

1927–31 მუშაობდა თსუ სამკურნალო ფაკულტეტის ფსიქიატრიის კლინიკაში მ. ასათიანის ხელმძღვანელობით, 1931–38 – ლენინგრადში ს. კიროვის სახ. სამხედრო–სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრიის კლინიკაში პროფ. ვ. ოსიპოვთან. მუშაობდა აგრეთვე აკად. ვ. ბეხტერევის სახ. ტვინის ინსტიტუტში, აკად. ი. პავლოვის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტში და ექსპერიმენტული მედიცინის საკავშირო ინსტიტუტში. 1938–50 ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მორფოლოგიურ განყოფილებას. 1938–64 იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე, 1938–94 – მ. ასათიანის სახ. ფსიქიატიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. იკვლევდა კლინიკური ფსიქიატრიისა და ნეირომორფოლოგიის საკითხებს. ზურაბაშვილმა ახლებურად გააშუქა სინაფსების არქიტექტონიკა და პათოარქიტექტონიკა, შეისწავლა ადამიანის თავის ტვინის ქერქის შუბლის წილის მორფოლოგიური განვითარების კანონზომიერებები, შეიმუშავა მხედველობის ბორცვების ონტოგენეზური კლასიფიკაცია, შექმნა ასოციაციური ექსპერიმენტის ორიგინალური მეთოდი, განავითარა დებულებანი ფსიქონევროლოგიაში პერსონალოგიური კვლევის მნიშვნელობის შესახებ. 1955 სინაფსოარქიტექტონიკაში გამოკვლევებისათვის მიენიჭა ი. თარხნიშვილის სახ. პრემია; ხოლო 1963 – სსრკ მედ. მეცნიერებათა აკადემიის  ვ. ბეხტერევის სახ. პრემია ფსიქიატრიის თეორიის პრობლემების დამუშავებისათვის. თბილისის საპატიო მოქალაქე (1983). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისში არის ავლიპი ზურაბაშვილის ქუჩა.

 

თბილისი – ენციკლოპედია, თბილისი, 2002.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ