15 ივლისი – დაიბადა იეთიმ გურჯი
დამატების თარიღი: 2013-03-06 11:05:17

ძველი თბილისელი აშუღი, სახალხო მოლექსე და მომღერალი იეთიმ–გურჯი (იეთიმ დაბღიშვილი) დაიბადა 1875 წელს ქალაქ თბილისში, ღარიბი ხელოსნის – დაბაღის (მეტყევის) ოჯახში.

 

მისი წინაპრები ყოფილან ქართველები, რომლებიც თურქეთის ომის დროს ტყვედ ჩავარდნილან და მაჰმადიანური სარწმუნოება მიუღიათ. გვარიც –გურჯი, აქედან შერქმევიათ.

 

მამა – იბრაჰიმი თბილისში დასახლებულა და ცოლად შეურთავს მუხათელი სომხის ქალი – სარა გრიგოლის ასული. ცოლის მამას იბრაჰიმი სომხურად მოუნათლავს და თავისივე სახელი გრიგორი უწოდებია, გვარად აღაჯანა. გრიგორის (იბრაჰიმს) თავისი ვაჟისათვის იეთიმი დაურქმევია, რაც თურქულად ობოლს ნიშნავს – რადგან არავინ ჰყავდა თავისიანი და მისი სიკვდილის შემდეგ შვილსაც აღარავინ ეყოლებოდა ნუგეშისმცემელი და ნამდვილად ობოლი გახდებოდა.

 

იეთიმი 15 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. დედა და და მისი ხელისშემყურედ დარჩნენ. იგი შეგირდად დაუდგა მუსიკალური საკრავების ოსტატს და შეისწავლა ჩონგურების, დაირების, ჭიანურებისა და სხვათა კეთება. იეთიმი სახლშიც მუშაობდა. ამავე დროს თბილისის ბაღებში ყიდდა მაღაზიიდან გამოტანილ წიგნებს. ხელზე მოვაჭრე, აღებული ფულით თავსაც ირჩენდა და ოჯახსაც არჩენდა. 18 წლისას, უბედური შემთხვევის გამო, დედაც გარდაეცვალა.

 

იეთიმი დასთან – ანასთან ერთად დასახლდა მეტეხის ციხის მახლობლად, მტკვრის ნაპირზე, პატარა მიწურ ოთახში, სადაც თავს იყრიდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც იეთიმი სიმღერებს ასწავლიდა.

 

იეთიმ გურჯი აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში. 1900–იან წლებში იგი გაიწვიეს მეფის ჯარში, საიდანაც ხშირად იპარებოდა და იმალებოდა მეპურეებთან. შეისწავლა მეპურეობაც. იგი რამდენჯერმე დაიჭირეს. სასჯელის მოხდის შემდეგ კვლავ ჯარში აგზავნიდნენ. იეთიმი მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიის ომში, სადაც ფეხში დაიჭრა.

 

იეთიმ გურჯმა ლექსების გამოთქმა (წერა) დაიწყო 1895 წლიდან, მაშინ ოცი წლისა იყო. მისი ლექსები სიმღერებად ვრცელდებოდა. იგი ლექსებზე სიმღერის მოტივებსაც ქმნიდა (დაწერილია ქართული ანბანით).

 

1905 წელს რევოლუციის დროს მუშაობდა ბაქოში ნავთის მრეწველობაში, სადაც გამოდიოდა მუშათა კრებებზე. ერთხელ მან გამოიტანა საკუთარი დროშა, რომელსაც ჰქონდა მინაწერი: "მიხარიან, არ კი მჯერა!"

რეაქციის წლებში იეთიმ გურჯი მეფის ჟანდარმერიამ გადაასახლა. გადასახლებაში მან ხუთი წელი დაჰყო. ამ პერიოდში შეისწავლა მძივების კეთება, ხატვა და მზარეულობა.

 

იეთიმ გურჯი 1912 წელს დაბრუნდა სამშობლოში. თბილის–ქალაქს მან უძღვნა ლექსი: "გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო", და მიახარა – დაკარგული შენი შვილი მოვედიო.

 

იეთიმ გურჯის ლექსები გამოდიოდა პატარა კრებულებად. პირველი კრებული გამოაქვეყნა 1909 წელს, ხოლო შემდეგ მოზრდილი პოემა "გმირი ანა ბაჯის ლექსი", რომელშიც მოცემულია მკლავ–ღონით ძლიერ ანას თავგადასავალი.

 

იეთიმ გურჯი, როგორც უნიჭიერესი სახალხო მგოსანი, ქართველ მკითხველს წარუდგინა პოეტმა–აკადემიკოსმა იოსებ გრიშაშვილმა. პოეტმა პაოლო იაშვილმა ორსტრიქონიან ექსპრომტში მშვენივრად გამოხატა იეთიმ გურჯის, როგორც აშუღელი ბოჰემა–მგოსნის ცხოვრება: "მე არა მაქვს საკუთარი ბინაო, მე წუხელის ქვაზე დამეძინაო".

 

იეთიმ გურჯი გარდაიცვალა 1940 წელს 65 წლის ასაკში.დაკრძალვას დიდძალი ხალხი დაესწრო. ცხედარი ისნის უბნიდან ვაკის ახალ სასაფლაოზე წაასვენეს. აუსრულეს აშუღს სიტყვები – "ზედ, კუბოზე დამაფარეთ ჩემი შავი ნაბადია". მართლაც ეფარა მის კუბოს ზემოდან შავი ნაბადი. მედუდუკეები და მეზურნეები იეთიმ გურჯს თავისივე მელოდიებით მიაცილებდნენ.

 

წყარო: მარინა გოგოლაძე–გაბუნია.– მწერალთა ბიოგრაფიები.–თბ.–2004 წელი

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ