15 მაისი – 1879 წელს დაარსდა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება"
დამატების თარიღი: 2013-03-01 16:56:07

1921 წელი. საქართველოს გასაბჭოების მეორე დღე.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკა – მუზეუმის გამგე დავით კარიჭაშვილი განცხადებით მიმართავს ქ. თბილისის რევკომს: "გაცნობებთ, რომ მე წარმოვადგენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმის და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს. გთხოვთ, აღნიშნული მუზეუმი და ბიბლიოთეკა მიიღოთ თქვენი მფარველობის ქვეშ. 26.02.1921 წ. დავით კარიჭაშვილი".

განცხადებას წითელი მელნით აქვს მინაწერი: "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკა და მუზეუმი მიღებულ იქნას ტფილისის რევკომის მფარველობის ქვეშ, მილიცია მოვალეა, ყველა შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინოს მათ. მხატვარი დ. შევარდნაძე".

ამ დროს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მძიმე მდგომარეობაშია – მისი განყოფილებები რამდენიმე წელია გაუქმდა, დამფუძნებელთაგან რამდენიმეა ცოცხალი, ქველმოქმედი თითქმის აღარ შემორჩა. მის ანგარიშზე, ინფლაციის გამო, სულ მცირე თანხაა დარჩენილი. მუზეუმი უნივერსიტეტის შენობაშია შეფარებული და სათავეში მოხუცებული დავით კრიჭაშვილი უდგას, მის გვერდით კი მისი ქალიშვილი და რამდენიმე ამ საზოგადოებისათვის თავგანწირული პირია დარჩენილი. იყო დრო, როცა ეს საზოგადოება ახალგაზრდა მხატვრებს – შალვა ქიქოძეს, დიმიტრი შევარდნაძეს და სხვებს – სტიპენდიებს და დახმარებებს უწევდა, დღეს კი თვითონ გახდა დასაცავი: შემცირდა საზოგადოების წევრთა რიცხვი, აღარ არის შემოწირულობა, საზოგადოებას წიგნების შესაძენად თანხა აღარ გააჩნია. რამდენიმე ძვირფასი სამუზეუმო ნივთი ხელნაწერებთან ერთად პარიზში იქნა გატანილი. მენშევიკური მთავრობის მიერ ამ განძთან ერთად ემიგრაციაში წავიდნენ საზოგადოების აქტიური წევრები, მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილი, საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი.

1922 წელს საზოგადოებას სახელწოდება შეეცვალა და ეწოდა "წიგნის გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოება". ის განათლების სახალხო კომისარიატს დაექვემდებარა. წიგნსაცავ – მუზეუმი სახელმწიფო კუთვნილებად გამოცხადდა, მაგრამ დროებით საზოგადოების ხელში დარჩა. საზოგადოება გაჭირვებით ინახავდა თავის საპატიო წევრს, ილია ჭავჭავაძის ქვრივს – ოლღა გურამიშვილს.

1925 წლის დეკემბერში წიგნსაცავ – მუზეუმი და არქივი თბილისის უნივერსიტეტს გადაეცა, ხოლო ორ წელიწადში საზოგადოებამ არსებობა შეწყვიტა. განათლების კომისარიატის კოლეგიამ დაადგინა, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დარჩენილი ქონება გადასცემოდა სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირს. ამ უკანასკნელმა ქონება ჩაიბარა, მაგრამ ვერ შეძლო საზოგადოების ვალების გადახდა, ამიტომ საზოგადოების წიგნების მაღაზიის ინვენტარი და წიგნები სახელგამს გადაეცა. მწერალთა კავშირის ხელში გადავიდა ილიასეული სახლი თბილისში, კანცელარიის ბიბლიოთეკა, საზოგადოების დამაარსებელთა სურათები და ილიას ძეგლი.

უნივერსიტეტში საზოგადოების წიგნსაცავი ორ ოთახში იყო განთავსებული. ფონდი თავისი სამკითხველოთი ცალკე იყო გამოყოფილი, მუზეუმი – ცალკე. გახშირდა წიგნების დაკარგვის ფაქტები: იოსებ გრიშაშვილმა ბიბლიოთეკის ბეჭდიანი წიგნები ბაზრობაზე შეისყიდა და უნივერსიტეტში მიიტანა. – "სანამ მე ცოცხალი ვარ, ამ საზოგადოების წიგნი არ დაეკარგება ქართველ ხალხსო" – უთქვამს პოეტს.

1937 წლის ზაფხულში მთავრობის განკარგულებით ბიბლიოთეკა მთლიანად გადაეცა საჯარო ბიბლიოთეკას. ბიბლიოთეკის მაშინდელი ღვაწლმოსილი თანამშრომელი თამარ მაჭავარიანი იგონებს: "საზოგადოების ერთი ნაწილი უკმაყოფილო დარჩა – თქვენ ვერ მოუვლითო, გაიფანტებაო და სხვა. კარგად მახსოვს, მოდიოდნენ და მსაყვედურობდნენ – ეს არ უნდა მომხდარიყოო, რატომღაც დაკარგულად ეჩვენებოდათ!"

უნივერსიტეტიდან საჯარო ბიბლიოთეკამდე ტრანსპორტირებისას არაერთი ეგზემპლარი დაიკარგა. თვით საჯარო ბიბლიოთეკაშიც ამ საზოგადოების ფონდს უყურადღებოდ მოეპყრნენ – ის დაშალეს და ბიბლიოთეკის სხვადასხვა ფონდს შეუერთეს. ქშწკგ საზოგადოების ბიბლიოთეკის ქართულენოვანი ლიტერატურის ბაზაზე ქართული წიგნის საარქივო ფონდი შექმნეს, სადაც გადაწყდა დაცვა ამ ბიბლიოთეკის ქართული შრიფტით დაბეჭდილი გამოცემების 1 სრული ეგზემპლარისა, დანარჩენი კი საერთო ფონდში ან განყოფილებების სახელდახელო ფონდებში იქნა გაფანტული. ასე გაიბნა საჯარო ბიბლიოთეკის მილიონიან ფონდში ილია ჭავჭავაძის , დავით ჩუბინაშვილის, რაფიელ ერისთავის, დიმიტრი ბაქრაძის, იაკობ გოგებაშვილის, პეტრე უმიკაშვილის და სხვათა პირადი ბიბლიოთეკა – კოლექციები, რომელთა დაცვასა და მოვლას საზოგადოებამ არაფერი დააკლო და ცალკე კარადებში ჰქონდა დაცული (დიმიტრი ბაქრაძის ბიბლიოთეკის შესასყიდად საზოგადოებამ 1000 ოქროს მანეთი გამოყო. ამ თანხაზე ექვთიმე თაყაიშვილმა თხოვნა – მუდარით ძლივს დაითანხმა გარდაცვლილი მეცნიერის მეუღლე).

თამარ მაჭავარიანი იგონებს: "საზოგადოების ბიბლიოთეკის შემოერთებით ჩვენი ბიბლიოთეკის არსებობის ახალი ეტაპი დაიწყო. ამ დროს მოიწვიეს ქრ. შარაშიძე და თამარ ციციშვილი ქართული ძველნაბეჭდი წიგნების დასამუშავებლად და ასაწერად, მაგრამ დამუშავების დროს დაშვებული იყო ერთი შეცდომა, რომელიც ნაწილობრივ დღესაც გამოუსწორებელია: ქშწკგ საზოგადოების ბიბლიოთეკას ყველა შეგნებული ავტორი ან გამომცემელი აწვდიდა თავის წიგნებს, რომელთაც ჰქონდათ შენიშვნები და მინაწერები. ასეთი წიგნები უნდა წასულიყო საარქივო ფონდში, როგორც ამ ბიბლიოთეკის დამახასიათებელი ან იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში – რარიტეტ საცავში. ასეთივე ყურადღება უნდა მიექციათ რუსული და უცხოური წიგნებისთვისაც. განზრახული კი იყო, შექმნილიყო საქართველოში გამოცემული რუსული და სომხური წიგნების სარქივო ფონდი, მაგრამ ეს აზრი არ განხორციელდა. მას შემდეგ, რაც დამუშავების ციებ-ცხელებამ გაიარა, აღმოჩნდა, რომ ... ი. ჭავჭავაძის, დიმ. ბაქრაძის, რ. ერისთავის, პ. უმიკაშვილის და სხვათა პირადი ბიბლიოთეკების წიგნები გაიფანტა საერთო წიგნთსაცავში".

საჯარო ბიბლიოთეკის ყოფილ დირექტორს – ალექსანდრა კავკასიძეს საზოგადოების ბიბლიოთეკის ფონდის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებლად მიაჩნდა, რადგან ეგზემპლარების მოძიება საერთო ფონდში გაფანტვიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ძალზე ძნელი იქნებოდა. მართალია, წკგ საზოგადოების გამოცემებს უმეტესად მსგავსი ყდები ჰქონდათ და ყუაზე, საზოგადოების ინიციალები ჰქონდა ამოტვიფრული, ყდები, დროთა განმავლობაში დაზიანებული, გამოცვლილი ან რესტავრირებული იყო, ბევრს დაკარგული ჰქონდა თავდაპირველი იერი, წიგნების გადაშლა და ვიზუალური დათვალიერება კი დიდ შრომას მოითხოვდა.

1941 წლიდან თამარ მაჭავარიანი ყველანაირად ცდილობდა, ამოეკრიფა ბიბლიოთეკის საერთო წიგნთსაცავიდან ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკის ეგზემპლარები. 1945 წლიდან მაშინდელი ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის, ცნობილი ბიბლიოთეკათმცოდნის ნიკო ლორთქიფანიძის ბრძანებით ბიბლიოთეკის ყველა ფონდში დაიწყო ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკის ეგზემპლართა მოძიება. 1957 წელს მწერლის დაბადებიდან 120 წლის თავზე თამარ მაჭავარიანის ავტორობით გამოიცა ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკის კატალოგი. 1986 წელს ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელმა – ლევან ჭრელაშვილმა ხელნაწერთა ინსტიტუტში მიაკვლია საზოგადოების ბიბლიოთეკის ქართული წიგნების კატალოგს, სადაც მოიძია ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკის ქართული წიგნების სია, შეადარა 1957 წელს გამოცემულ მწერლის ბიბლიოთეკის კატალოგს, კატალოგი არასრული აღმოჩნდა.

ამ სიის მიხედვით საჯარო ბიბლიოთეკის ფონდში ქართველოლოგიის განყოფილების თანამშრომლებმა მოიძიეს იმ ლიტერატურის ყველა ეგზემპლარი, რაც მწერლის კატალოგში არ იყო შესული. აღმოჩნდა 38 ქართული წიგნი, 21 ჟურნალი და 15 გაზეთის წლიური კომპლექტი.

ქართველოლოგიის განყოფილების თანამშრომლები – ეთერ იმნაძე და გიული რამიშვილი დააკვირდნენ მოძიებული ეგზემპლარების ქშწკგ საზოგადოების ბიბლიოთეკის საინვენტარო ნომრებს და აღმოჩნდა, რომ ისინი ერთმანეთს მიჰყვებოდნენ, ანუ ქშწკგ საზოგადოების ინვენტარში ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკის წიგნები ერთმანეთის მიყოლებით იყო ჩაწერილი. აქედან გამომდინარე, ქშწკგ საზოგადოების ბიბლიოთეკის საინვენტარო ნომრის მიხედვით შესაძლებელი გახდა კოლექციათა გამოყოფა, მაგრამ აღნიშნული გზაც არასრულყოფილი იყო. ამ შემთხვევაშიც საზოგადოების წიგნების ვიზუალური დათვალიერება იყო საჭირო, არადა ბიბლიოთეკის დახშულ საცავებში ათასობით წიგნის დათვალიერება მრავალ პრობლემას ქმნიდა.

1987 წელს ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკის კატალოგის მეორე, შევსებული გამოცემა დაიბეჭდა, მაგრამ ისიც არასრული იყო.

1999 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის – ლევან ბერძენიშვილის ბრძანებით გადაწყდა ქშწკგ საზოგადოების ფონდის გამოყოფა ბიბლიოთეკის ფონდებიდან და ქართული ნაბეჭდი ერთეულის სარქივო ფონდში მისი ერთიანი კოლექციის შექმნა, ამასთან ერთად, ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკის მაქსიმალური სისრულით აღდგენა და იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში ერთიანი კოლექციის სახით დაცვა. ამ ამოცანის განსახორციელებლად დავიწყეთ საჯარო ბიბლიოთეკის 1937 წლის (როცა ქშწკგ საზოგადოების ფონდი შემოვიდა ბიბლიოთეკაში) საინვენტარო წიგნებზე მუშაობა. აქ ვიპოვეთ ის გასაღები, რამაც აქამდე განუხორციელებელი ოცნება რეალობად აქცია. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გამოჩნდა ქშწკგ საზოგადოების ბიბლიოთეკის კოლექციის მოძიების ახალი გზა – გაირკვა, რომ ქშწკგ საზოგადოების წიგნებს საჯარო ბიბლიოთეკისათვის მათი გადაცემის დროს თან ახლდა ამ წიგნების სია. მართალია, ეს სია შემდეგ დაიკარგა, მაგრამ ამ სიაში წიგნის რიგითი ნომერი ჩაწერილია ჩვენი ბიბლიოთეკის საინვენტარო წიგნის შემოსვლის წყაროს აღმნიშვნელ გრაფაში. ასე რომ საინვენტარო წიგნის დახმარებით პირდაპირ შეგვეძლო დაგვედგინა – რომელი წიგნები იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი  საზოგადოების და რომელი – არა. მეტიც, ამ სიის რიგითი ნომერი პროპორციულად იზრდებოდა საზოგადოების საინვენტარო ნომრის შესაბამისად, ე. ი. ჩვენს საინვენტარო წიგნში შემოსვლის წყაროს აღმნიშვნელ გრაფაში ჩაწერილი ციფრით შეგვეძლო დაგვედგინა ამ წიგნის ძველი საინვენტარო ნომერიც. ჩვენც რამდენიმე თვეში მოვიძიეთ ქშწკგ საზოგადოების ბიბლიოთეკის ეგზემპლარები საჯარო ბიბლიოთეკის ყველა ფონდში. ბიბლიოთეკასთან არსებულმა ფონდმა "ქართული ბიბლიოთეკა" ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს წინაშე წარადგინა პროექტი სახელწოდებით "ქშწკგ საზოგადოების ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის აღდგენა" და მიიღო გრანტი.

პროექტის განხორციელება ძნელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით გაძნელდა მოძიებული ლიტერატურის ინვენტარიზაცია. ჩვენ მიზნად დავისახეთ, აღგვედგინა წკ. საზოგადოების ბიბლიოთეკის ფონდი იმ საინვენტარო ნომრებით, რომლებიც მათ ქშწკგ ბიბლიოთეკაში ჰქონდათ. ამით ფაქტობრივად აღდგებოდა წკ. საზოგადოების მიერ 1887, 1905 და 1911 წელს გამოცემული მისი წიგნთსაცავის კატალოგებიც, ასევე, ერთად მოიყრიდა თავს ამ ბიბლიოთეკაში დაცული პირადი კოლექციებიც.

ასეც მოხდა.

აღდგა საზოგადოების ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი ძველი საინვენტარო ნომრებით (ხელნაწერთა ფონდი, საბედნიეროდ, 1937 წელს არ დაშლილა და დღეს ხელნაწერთა ინსტიტუტში არის დაცული). ამიერიდან ჩვენს ბიბლიოთეკაში ეს ფონდი დაცულია FS (ქართულენოვანი გამოცემები) და TS (არაქართულენოვანი გამოცემები) ლიტერით. მივაკვლიეთ ილია ჭავჭავაძის 100-ზე მეტ ეგზემპლარს; რაფიელ ერისთავის, დავით ჩუბინაშვილს, დიმიტრი ბაქრაძის პირად ბიბლიოთეკა – კოლექციებს; არაერთ ხელნაწერს, რომელიც შეცდომით წიგნად ფონდში იყო დაცული. უიშვიათეს ფოტოებს, ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ყიფიანის, ივანე ჯავახიშვილის, იაკობ გოგებაშვილის, კათოლიკოს პატრიარქის კირიონის, ექვთიმე თაყაიშვილის და სხვათა მინაწერებს და შენიშვნებს.

 ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის კოლექცია შევიდა ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში , ასევე მზადდება გამოსაცემად ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკის კატალოგის III გამოცემა, სადაც მწერლის პირადი ბიბლიოთეკის ასზე მეტი ახალი ბიბლიოგრაფიული ერთეული იქნება დამატებული, მზადდება რაფიელ ერისთავის და დიმიტრი ბაქრაძის პირადი ბიბლიოთეკების კატალოგები.

წინ არაერთი საინტერესო გეგმაა, უკან კი გადაჭრილი პრობლემა – წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის აღდგენა.

                                                                                                                                                                                

ლევან თაქთაქიშვილი

 

წყარო: გაზეთი "ქართული წიგნი", 2001 წელი, აპრილი, #4

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ