16 აგვისტო - გარდაიცვალა საქართველოს მეფე გიორგი I
დამატების თარიღი: 2013-03-11 11:46:12

გიორგი I, (998 ან 1002 – 16 აგვისტო 1027) საქართველოს მეფე 1914–იდან, ბაგრატ III–ის ძე. გამეფებისთანავე დიდგვაროვანი აზნაურები აუჯანყდნენ მცირეწლოვან მეფეს და ჰერეთ–კახეთი საქართველოს ჩამოაშორეს.გიორგი I-მა ისარგებლა იმით, რომ 1014-16 ბიზანტიის იმპერატორი ბასილი II ბულგარელებს ეომებოდა, გადალახა ბიზანტიის საზღვარი და ტაო დაიბრუნა. 1019 ბასილ II-მ ბულგარელებთან ომი დაამთავრა და გიორგი I-ს სადავო ტერიტორიის დაცლა მოსთხოვა.

1021 ბიზანტიის ჯარი საქართველოში შემოიჭრა. ქართველები რამდენჯერმე დამარცხდნენ (შირიმნის ბრძოლა 1021 და საქართველოს ბიზანტიის ომები XI საუკუნეში). გიორგი I იძულებული გახდა თრიალეთში გადასულიყო, სადაც მაშველი ჯარი დახვდა. კეისარი მოერიდა ომს, დასაზამთრებლად ქალდიაში (ტრაპიზონის მახლობლად) წავიდა და საქართველოში ახალი ლაშქრობისათვის ემზადებოდა. გიორგი I-მა საზავო მოლაპარაკება დაიწყო და ამავე დროს ხელსაყრელ მომენტს უცდიდა ომის გასაახლებლად. ამ დროს ბიზანტიაში იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო ნიკიფორე და ქსიფეს მეთაურობით. გიორგი I-მა ამით ისარგებლა, კავშირი დაამყარა და უარი განაცხადა ბიზანტიასთან არახელსაყრელი ზავის დადებაზე. მაგრამ აჯანყება დამარცხდა. გამომჟღავნდა მასში ქართველთა მონაწილეობაც. კეისარმა გიორგი I-ს კვლავ მოსთხოვა სადავო ტერიტორიების დაცლა. საქართველოს მეფემ განაახლა საზავო მოლაპარაკება, თან ისევ ბრძოლისათვის ემზადებოდა, მაგრამ ბიზანტიამ დაასრო ომის დაწყება. თავდაპირველად უპირატესობა გიორგი I-ის მხარეზე იყო, მაგრამ საბოლოოდ ქართველები დამარცხდნენ. 1022/23 გიორგი I დათანხმდა ზავის მძიმე პირობებს: სადავო ტერიტორია ბიზანტიამ მიიტაცა; ტახტის მემკვიდრე ბაგრატი სამი წლის ვადით მძევლად გაიგზავნა კონსტანტინოპოლში. საქართველომ დაკარგა ე.წ. დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა. ჩანს გიორგი I ემზადებოდა რევანშისათვის: 1025 გამომჟღავნდა ვასპურაკანის მმართველის ნიკიფორე კომნენოსის შეთქმულება იმპერატორის წინააღმდეგ, რომლის მონაწილეც გიორგი I იყო.

გიორგი I-ის დროს დიდ საომარ ოპერაციებთან ერთად მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები. მის მეფობაში აიგო მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ