16 ივნისი – დაიბადა ოტია იოსელიანი
დამატების თარიღი: 2013-03-05 10:42:51

1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში დაიბადა ოტია იოსელიანი. ერთი წლისა და სამი თვისას მამა გარდაეცვალა, ათი–თხუთმეტი წლისას დედა მეორედ გაუთხოვდა.

 

"ამ მდუღარეგადასხულ ჩემს ბიოგრაფიაში – წერს ოტია იოსელიანი – ვერცერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე. . რაც არ იყო, რას გამოძებნი. ყურმოკრული მაქვს, თითქოს ჰემინგუეის უთქვამს – "მწელის აკადემია უბედური ბავშვობააო" – ცინებულად მაქვს დამთავრებული ეს აკადემიაო".

 

სკოლოს დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლრიტერატურის ფაკულტეტზე. ინსტიტუტს მალე დაანება თავი და ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიის მოსამზადებელ კურსებზე.

 

ოტია იოსელიანი მწერალთა კავშირიდან გაგზავნეს საკავშირო მწერალთა კავშირის უმაღლეს ორწლიან კურსებზე. რუსეთში ყოფნის დროს გარდაეცვალა "ქვეყნის უკეთესი ბებია", რაც ძალიან განიცადა. 1961 წელს დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურული კურსები. მისი პირველი თხზულება დაიბეჭდა 1954 წელს, მოთხრობების [ირვწლი კრებული "კარის მეზობელი" გამოსცა 1957 წელს.

 

ოტია იოსელიანი ცხოვრობს წყალტუბოში. თავისივე ხელით აგებულ ლამაზ ოდა სახლში, სადაც თავს იწონებს ოტიასავე ხელით გაკეთებული ბუხარი. ოტია იოსელიანს სახლის მეორე სარული დათმობილი აქვს ლიტერატურული სალონისათვის. სალონს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ მწერლები, ხელოვნების მუშაკები და ატარებენ ლიტერატურულ საღამოებს. ო. იოსელიანს ჰყავს სამი შვილი – ბაჩო, მანო და დაჩი, რომელთა სახელები კარგადაა ნაცნობი მისი ნაწარმოების მკითხველისათვის.

 

ო. იოსელიანმა შექმნა სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები, რომანები: "ვარსკვლავთცვენა","ტყვეთა–ტყვე", "შავი და ცისფერი მდინარე", "იყო ერთი ქალი", "ქალი გამოვიდა ქმრის საღალატოდ". საბავშვო მოთხრობები: "ცხრა მთას იქით", დაჩის ზღაპრები, (უძღვნა თავის უმცროს შვილს დაჩის), "ცა გამთენია"; პიესები: "სანამ ურემი გადაბრუნდება", "როცა სიყვარული მოვა", "ადამიანი იბადება ერთხელ", "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი". მის ნაწარმოებებზე გადაღებულია ფილმები: "მალე გაზაფხული მოვა", "ჩქარი მატარებელი", "თეთრი ქალიშვილი". მისი პიესები, მოთხრობები და რომანები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.

 

იგი ჩვეული შემართებით განაგრძობს ლიტერატურულ–შემოქმედებით საქმიანობას. 2002 წელს გამოიცა მისი ახალი კრებული, რომელშიც 99 ლექსია შეტანილი და რომელსაც დიდი სიხარულით შეხვდა მადლიერი მკითხველი.

 

წყარო:  მარინა გოგოლაძე–გაბუნია  "მწერალთა ბიოგრაფიები".  "საქართველოს მაცნე", თბილისი, 2004.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ