16 ნოემბერი – დაიბადა გიორგი შავგულიძე
დამატების თარიღი: 2013-03-15 12:21:02

შავგულიძე გიორგი ვლადიმერის ძე (1910 – 59), მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1955), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952).

 

თბილისის  კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუშაობის 30 წლის  მანძილზე შექმნა მრავალი ღირსშესანიშნავი სცენური სახე თანამედროვე, ისტორიულ თუ კლასიკურ რეპერტუარში. შავგულიძე მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული მსახიობი იყო. დაუცხრომელი შემოქმედებითი ფანტაზია, ტემპერამენტი, დროის შეცნობის ნიჭი საშუალებას აძლევდა შეექმნა უკიდურესად მრავალმხრივი სახეები, თანაბარი ძალით შეეძლო დრამატული კომედიური და სახასიათო როლების თამაში. ძალზე საინტერესო იყო შავგულიძის მიერ შექმნილი ძველი თბილისის მკვიდრთა სახეები: კინტო {ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"). საქუა (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), საიათნოვა (ლ.გოთუას "მეფე ერეკლე"), როლები: კეისარი (უ. შექსპირის "ანტონიოს და კლეოპატრა"), ჭყონდიდელი (ლ. გოთუას "დავით აღმაშენებელი"), ემოკრიტე (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი"), უკლება (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"),  კოხტა (მ. ბარათაშვილის "მარინე"), დაუვიწყარი იყო მის მიერ შესრულებული ხარიტონი პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინებაში" და სხვა მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული კინომატოგრაფიის განვითარებაში. იგი გადაღებული იყო ფილმებში: "დიადი განთიადი", "ბედნიერი შეხვედრა", "გაზაფხული საკენში", "გიორგი სააკაძე", "ქეთო და კოტე", "დავით გურამიშვილი" და სხვა.

 

დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისში არის გიორგი შავგულიძის ქუჩა.

 

 

  

წყარო: თბილისი ენციკლოპედია. – თბ. 2002.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ