17 აგვისტო - დაიბადა უჩა ჯაფარიძე
დამატების თარიღი: 2013-03-11 11:43:46

ჯაფარიძე უჩა (ილია) მალაქიას ძე (1906–88), ფერმწერი, საქართველოს (1946) და სახალხო მხატვარი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1943), სსრკ სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი (1958).

 

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987). თბილისის საპატიო მოქალაქე (1982). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1931). იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას 1936–იდან (1944–იდან – პროფესორი, 1942–48 – რექტორი). იყო საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე (1951–72). ჯაფარიძე ადრინდელ ნაწარმოებებშივე ["სამხარი” (1931), "მწყემსი” (1933), "მოგზაურობა” (1936), "პირველი თვითმფრინავი რაჭაში”(1936) წარმოჩნდა როგორც რეალისტი მხატვარი. მისი ორ ან სამფიგურიანი ჟანრული სცენები გარკვეულ ეპიკურობასთან ერთად, გამოირჩევა პოეტურობით, ღრმა ფსიქოლოგიური განწყობილობით. სხვა ნამუშევრები: "გულითადი საუბარი” (1938), "დედის ფიქრები” (1945: ორივე –საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "დარიგება” (1967; კერძო კუთვნილება, ვაშინგტონი, აშშ), "იმერელი გლეხი” (1939, მხატვრის სახლ–მუზეუმი). ჯაფარიძემ შექმნა ისტ.–რევ.თემატიკისადმი მიძღვნილი მონუმ. ტილოები: "საპირველმაისო დემონსტრაცია თბილისში 1901 წელს” (1939–41; სსრკ სახელმწიფო პრემია 1942), "აპრილის კონფერენციაზე” (1937; ორივე – ყოფ. მარქსიზმ–ლენინიზმის ინ–ტის საქართველოს ფილიალი). ჯაფარიძე ნაყოფიერად მოღვაწეობდა პორტრეტულ ჟანრშიც: "შოთა რუსთაველი” (1937), "უშანგი ჩხეიძე” (1943), "იოსებ იმედაშვილი” (1951; სამივე – საქართველოს ხელოვნების მუზეუმი) და სხვა. შეასრულა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნისა და ილია ჭავჭავაძის პოემის "რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ” ილუსტრაციები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

 

 

 

წყარო: ქე. – თბილისი ენციკლოპედია. – თბ. – 2002 წ.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ