17 ივნისი – პირველი ქართული ოპერა
დამატების თარიღი: 2013-03-05 10:40:55

კომპოზიტორი და დირიჟორი რევაზ დიმიტრის ძე გოგნიაშვილი (1893 – 1967) არის ავტორი თბილისის საოპერო სცენაზე დადგმული პირველი ქართული ოპერის "ქრისტინეს” ავტორი.

პირველდაწყებითი სამუსიკო განათლება მიიღო თბილისის სამუსიკო სასწავლებელში (ტერ–დავიდოვის კლასი), 1913 წელს დაამთავრა პარიზის კონსერვატორიის საკომპიზიციო განხრით (პედაგოგები: პროფ. პენიო, გრავარე, ივადონი). ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში პარიზის ერთ–ერთმა ფირმამ გამოსცა გოგნიაშვილის საფორტეპიანო პიესა "სევდა”. 1913–1914 პარიზშივე დირიჟორობდა ერთ–ერთ სიმფონიურ ორკესტრს. 1914 წელს დაბრუნდა საქართველოში. აქ შეუდგა ქართული ხალხური სიმღერების შეკრებას და დამუშავებას. იმავე წელს დაიწყო მუშაობა ოპერა "ქრისტინეზე” (მისივე ლიბრეტო, ე. ნინოშვილის მოთხრობისა და პ. ირეთელის პიესის მიხედვით). 1918 წ. 21 მაისს "ქართველ მომღერალთა კავშირის” თაოსნობით "ქართული კლუბის” სცენაზე შედგა რ. გოგნიაშვილის ოპერა "ქრისტინეს” პრემიერა (რეჟ. კ. ანდრონიკაშვილი, დირიჟორი ნ. ქართველიშვილი; იასონის პარტიას ასრულებდა ვ. სარაჯიშვილი). იმავე წლის 17 ივნისს "ქრისტინე” დაიდგა თბილისის საოპერო სცნაზე.

                კომპოზიტორის სხვა ნაწარმოებებია: 2 ოპერა – "ჯადოსანი” (ქართული ხალხური ზღაპრის მოტივებზე, რომელსაც ნაწყვეტების სახით ასრულებდა სიმფონიური ორკესტრი) და საკულტო–რიტუალური ხასიათის "მზის ქურუმი”, აგრეთვე ვოკალურ–საკრავიერი და კამერული ნაწარმოებები. მის საკონცერტო მინიატურებს ასრულებდა ვ, სარაჯიშვილი. რ. გოგნიაშვილს დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული თეატრების (სატირის, თოჯინების, მოზარდ მაყურებელთა და სხვ.) დადგმებისათვის (სულ 100–მდე სპექტაკლისათვის). იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამუსიკო სკოლებში.

 

წყარო: ქე "თბილისი”, 2002.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ