17 სექტემბერი - დაიბადა სესილია თაყაიშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-13 09:36:30

თაყაიშვილი სესილია დიმიტრის ასული (1906 – 83), მსახიობი, რეალისტური აქტიორული ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელი. საქართველოს (1950) და სსრკ (1966) სახალხო არტისტი.

 

შოთა რუსთაველის სახელობის (1983) და საქართველოს სახელმწიფო (1985) პრემიების ლაურეატი. 1926 დაამთავრა სათეატრო ინსტიტუტი თბილისში და იმავე წელს ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში, სადაც 1930–მდე იმუშავა. მისი პირველი როლი იყო ჯადოქარი ფატმა (თ. ვახვახიშვილის პანტომიმა "მზეთამზე"). 1930–66  კი კოტე მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწებდა. თაყაიშვილი დიდი სცენური სიმართლითა და გარდასახვის უბადლო ნიჭით დაჯილდოებული, ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის სახასიათო მსახიობი იყო; ქმნიდა რთულ, ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათებს. მისი საშემსრულებლო ხელოვნება გამოირჩეოდა მახვილი ფორმით, მკვეთრი თვითმყოფადი იუმორით, გრძნობისა და განცდის უშუალობით. თაყაიშვილის მიერ მაღალი ოსტატობით განსახიერებულ 120–მდე როლიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქრისტინე (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), ნაყომი (გ. ბააზოვის "მუნჯები ალაპარაკდნენ"), ამალია კარლოვნა (ა. აფინოგენოვის "შიში"), პარასკევა (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ოგუდალოვა (ა. ოსტროვსკის "უმზითვო"), ძიძა, კატარინა (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", "ჭირვეული ცოლის მორჯულება"), ელისაბედ დედოფალი (ფ. შილერის "მარიამ სტიუარტი"), პრიუდანსი [ა. დიუმას (შვილი) "მარგარიტა გოტიე"], ოლღა (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი") და სხვა.

 

დიდია თაყაიშვილის ღვაწლი ქართულ კინომატოგრაფიაში, სადაც 1948–იდან მოღვაწეობდა. როლები: ვასასი ("ჩვენი ეზო", 1956), ელპიტე ("საბუდარელი ჭაბუკი", 1957), ელისაბედი ("სხვისი შვილები", 1958), ოლღა ("მე, ბებია,ილიკო და ილარიონი", 1962), ბორდოხანი ("დიდოსტატის მარჯვენა", 1969–70), მარადია ("ნატვრის ხე", 1976), ასინეთი ("დათა თუთაშხია", 1977), ბუღალტერი ("ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი", 1983) და სხვა. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. თბილისის საპატიო მოქალაქე (1982). დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში. თბილისში არის სესილია თაყაიშვილის ქუჩა.

 

  

წყარო:  ქე.–თბილისი–ენციკლოპედია. თბ.–2002.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ