18 ივნისი – დაიბადა სერგო ზაქარიაძე
დამატების თარიღი: 2013-03-05 10:37:44

ზაქარიაძე სერგო ალექსანდრეს ძე (1909–71), მსახიობი, საქართველოს (1946) და სსრკ (1958) სახალხო არტისტი.

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო (1971) და ლენინური (1966) პრემიების ლაურეატი.

 

1926 მუშაობა დაიწყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრში, 1928–იდან იყო კოტე მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული თეატრის (შემდეგ კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრი) მსახიობი.1956 გადავიდა რუსთაველის  სახ. სახელმწ. აკად. თეატრში, 1969–71 იყო ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი.

 

ზაქარიაძის შემოქმედებაში შერწყმული იყო ინტელექტუალური სიღრმე, დიდი ემოციურობა, გაბედულება, უკიდურესი სიზუსტე და სულიერი სითბო. როლები: ჯიბილო (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), გიგაური (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი",სსრკ. სახელმწ. პრემია, 1952), ბაგრატიონი (ა. სამსონიას "ბაგრატიონი"), ბახა (ვაჟა–ფშაველას "მოკვეთილი"), მეფე დავითი (ლ. გოთუას "დავით აღმაშენებელი"),კავალერი რიპაფრატა (კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი"), ქადაგი  ("ბახტრიონი", ვაჟა–ფშაველას მიხედვით),ფიროსმანი, დევი (გ. ნახუცრიშვილის "ფიროსმანი", "ჭინჭრაქა"), ოიდიპოს მეფე ( სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), მეფე ლირი (უ. შექსპირის "მეფე ლირი"), აგაბო (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება"), ბეკინა (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), კრეონი (ჟ. ანუის "ანტიგონე"), და სხვა. 1934–იდან მოღვაწეობდა კინოში. როლები: თორღვაი ("უკანასკნელი ჯვაროსნები", 1934), შადიმან ბარათაშვილი ("გიორგი სააკაძე", 1942–43; სსრკ სახელმწ. პრემია, 1946), ფოსტალიონი გიორგი ("დღე უკანასკნელი, დღე პირველი", 1960), ხოლო 1965 გიორგი მახარაშვილის როლის შესრულებით ("ჯარისკაცის  მამა", ლენინური პრემია, 1966) ზაქარიაძემ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ქართულ კინოს.

 

1955–60 ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

 

დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. თბილისში არის სერგო ზაქარიაძის ქუჩა.

 

 

წყარო: ქე.– თბილისი. 2002 წ.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ