18 ნოემბერი – დაიბადა ჭაბუა ამირეჯიბი
დამატების თარიღი: 2013-03-15 10:37:46

ჭაბუა (მზეჭაბუკ) ირაკლის ძე ამირეჯიბი (18 ნოემბერი, 1921, თბილისი), ქართველი მწერალი.

 

დედა – მარიამ მიხეილის ასული ნაკაშიძე, ქალთა უმაღლეს კურსებდამთავრებული პედაგოგი – პირდაპირი შთამომავალი იყო აფხაზეთის, სამეგრელოს და გურიის მთავრებისა: შერვაშიძეებისა, დადიანებისა, გურიელებისა და ასევე – მიქელაძეებისა და ნაკაშიძეებისა.

 

მამა – ირაკლი გიორგის ძე ამირეჯიბი – ცნობილი ადვოკატი – ჩამომავალი ამირეჯიბებისა, მაღალაშვილებისა, ქარუმიძეებისა, ფავლენიშვილებისა, ჯოხთაბერიძეებისა.

 

თავად მწერალი ასე წერს "ავტოინტერვიუში” : "მამაჩემის თავადურ წარმოშობაზე თავად გვარი – ამირეჯიბი მიუთითებს. ეს საუკუნეების მანძილზე გვარად ქცეული მეფის სასახლის თანამდებობაა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის უფროსს რომ შეესატყვისება. თანამდებობა საგვარეულო იყო, მემკვიდრეობით გადაეცემოდა და ყოველი ოჯახი, რომელიც ამ გვარს ატარებდა, პირდაპირ მეტოქეობდა, რათა თავისი ოჯახიდან მოემზადებინა კანდიდატი. ულმობელი კონკურენცია იყო, ამიტომ ყველა კანდიდატი ღირსეულ განათლებას იღებდა როგორც საქართველოში, ასევე ბიზანტიაში – აქედან მოდის გვარის წარმომადგენელთა ტრადიციული განათლებულობა. ბოლო ასი წლის მანძილზე ერთადერთი "ხეპრე” გვარში – თქვენი მონა-მორჩილია: ლიტერატურული ფაკულტეტის სამი კურსი მაქვს დამთავრებული. მესამე კურსზე უკვე მწერალთა კავშირის წევრი ვიყავი, ვიბეჭდებოდი და სწავლა მივატოვე”.

თბილისის 46-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შედის ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკუმის რადიოფაკულტეტზე, რომელსაც წარჩინებით ამთავრებს 1938 წელს, მესამე რანგის სამხედრო რადიოტექნიკოსის დამატებითი წოდებით. მომდევნო წელს მისაღებ გამოცდებს ჩააბარებს და ჩაირიცხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე. შემგომ წელს გადადის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

 

1941 წლის 23 ივნისს, ომის დაწყებიდან მეორე დღეს, პირდაპირ კალათბურთის მოედნიდან მიჰყავთ ჯარში (შემდგომში "ბანაკიდანაც” კალათბურთის მოედნიდან გაათავისუფლებენ!). ჯერ ამიერკავკასიის სამხედრო-საჰაერო ძალების 203-ე ცალკე ასეულის რადისტ-ტელეგრაფისტია, შემდეგ კი გროზნოს აეროდრომის 26-ე ავიადივიზიის რადიოსადგურის უფროსი, საიდანაც მოკლე ხანში დაითხოვენ, რაკი დაუმალავს, რომ რეპრესირებული მშობლები და პოლიტემიგრანტი ნათესავები ჰყავს: მამამისი 1938 წელს დახვრიტეს. დედა გადაასახლეს. ემიგრაციაშია ბიძამისი – შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი, სახელგანთქმული პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, 1924 წლის აჯანყების პარიტეტული კომიტეტის წევრი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოადგილე პოლიტიკურ დარგში. დახვრეტილი ან გადასახლებულნი არიან სხვა უახლოესი ნათესავების.

ჩრდილოკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის დერეფანში შორეულ ნათესავს ნახავს, ჩრდილო კავკასიის ფრონტის ფინანსური სამმართველოს უფროსს, რომელიც საინტენდანტო სამსახურში გადაისვრის, ტრანსპორტში.

 

იმ დროს სპარსეთის ყურედან ირანის გავლით ამიერკავკასიაში მოკავშირეთა სამხედრო დახმარება იგზავნება – ავტომანქანები, შეიარაღება, ამუნიცია და 1903 წლის ქვასავით მაგარი, თეთრი ლობიოც კი. ერთი ასეთი კოლონის მეთაურის მოადგილე ხდება, მაგრამ აქაც წამოეწევა ის საბედისწერო ქაღალდი: "არასწორად გაწვეული”, მეტი რა გზა აქვს, თბილისში ბრუნდება, უნივერსიტეტის მეორე კურსზე აღიდგენს თავს.

უნივერსიტეტში სწავლისას ახალ ფათერაკში გაეხვევა – 1943 წელს აიყვანენ იმ ჯგუფთან ერთად, რომელსაც ბრალად ედება შეიარაღებული აჯანყების მზადება საქართველოში საბჭოთა წყობილების დასამხობად. ორგანიზაციას "თეთრი გიორგი” ჰქვია.

 

1944 წლის აპრილში 25 წლის პატიმრობას მიუსჯიან, მაგრამ ამას როდი იკმარებენ – განაჩენი გასაჩივრდება პროკურორის მიერ, როგორც ლმობიერი და შეიცვლება უმაღლესი ზომით – დახვრეტით.

 

სამი თვე ზის სიკვდილმისჯილთა საკანში, ფრანსუა ვიიონს იხსენებს ხოლმე და ჯერ კიდევ არ იცის, რომ ამავე მდგომარეობაში მყოფი იულიუს ფუჩიკი "რეპორტაჟი სახრჩობელიდან”-ს წერს.

 

და ტრიბუნალი კვლავაც რომ შეუცვლის სასჯელს 25 წლის პატიმრობით, ისეთივე ტრგიფარსულ ვითარებაში ამოჰყოფს თავს, როგორც 1849 წელს "პეტრუშევსკის საქმის” გამო სასიკვდილო ეშაფოტზე აყვანილი თედორე დოსტოევსკი – შეწყალებას რომ გამოუცხადებენ და სიკვდილს მთელი სიცოცხლის განმავლობაში კატორღად რომ შეუცვლიან.

 

დიდი კატორღელი, ფიოდორ დოსტოევსკი ასე დაწერს "დანაშაული და სასჯელის” ფურცლებზე: "იგი თავის კატორღელ ამხანაგებს უყურებდა და უკვირდა: იმათაც როგორ ჰყვარებიათ სიცოცხლე, როგორ დაჰკანკალებენ ზედ! სწორედ მაშინ მოეჩვენა, რომ პატიმრობაში უფრო უყვართ და აფასებენ, და უფრო მეტად უფრთხილდებიან სიცოცხლეს, ვიდრე თავისუფლებაში”.

 

არა, ის ამდაგვარად ვერ მოიქცევა და სტალინური "გულაგ”-ის სხვადასხვა პუნქტებს – ყარაგანდის, კოლიმის, მორდოვეთის, ტაიმირის ნახევარკუნძულის, აღმოსავლეთ ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის ბანაკებს მოივლის, ძველ სამ გაქცევას კიდევ სამს დაუმატებს...

ამ ვითარებამ შეიძლება კიდევ გაგვახსენოს ორი დიდი კატორღელი:

პირველი მათგანი ლეკთა ტყვეობიდან უშედეგოდ გაქცეული დავით გურამიშვილი არის:

”მამიყვანეს, არა ღირსთა ღირსეულად მიმსახურეს,

არც მასვეს და არც მაჭამეს, არც ჩამაცვეს, არც დამხურეს.

უსასყიდლოდ მიღებული გასასყიდად დამაშურეს.

გავიპარე, დამიჭირეს, რად წახველო, დამპაღურეს”.

ხოლო მეორე კი ალჟირის ფაშას ტყვეობაში მონად გაყიდული მიგელ დე სერვანტეს საავედრა გახლავთ, ოთხი ყოველწლიური გაქცევის ცდა უშედეგოდ რომ დაუმთავრდება, მაგარ-მაგარ როზგებსაც მიიღებს, შემდეგში მისიონერები გამოისყიდიან და ესპანეთში დაბრუნებულს კიდევ სამჯერ დაიჭერენ და სწორედ მესამე პატიმრობისას, სევილიის ციხეში ჩაიფიქრებს თავის "დონ კიხოტს”, რომლის მეორე წიგნის 58-ე თავში ასეთი სიტყვებიც არის: "-თავისუფლება, სანჩო, ესაა ერთ-ერთი ყველაზე უძვირფასესი განძი, რომელსაც ზეცა ანიჭებს ადამიანს: ვერავითარი სხვა საუნჯე, ვერც მიწის წიაღში დაფლული და ვერც ზღვის ფსკერზე დამალული, ახლოს ვერ მივა მასთან. თავისუფლების, ისევე როგორც ღირსების გულისათვის, შეიძლება თავი გასწიროს და კიდეც უნდა გასწიროს კაცმა. და, პირიქით, მონობაა ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი უბედურება, რაც შეიძლება თავს დაატყდეს ადამიანს”.

 

ერთ-ერთი გაქცევის გამო მეორედ მიუსჯიან დახვრეტას, შემდეგში შეუცვლიან ახალი ვადის დამატებით და, რეაბილიტაციით განთავისუფლების ჟამს, როცა ისეთ მდგომარეობაშია, როგორც რუსთაველის ერთი პერსონაჟი: "ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე საკნით ნააზატები” – ეს ხდება 1959 წლის დეკემბერში – სტალინურ ბანაკში ორჯერ გამოტანილ დახვრეტის განაჩენს და საბოლოო ჯამში 83 წლის პატიმრობის შესაძლებლობას მოიტოვებს უკან, თუმცა მხოლოდ თექვსმეტწლიანი სასჯელი აქვს მოხდილი. და ნურც იმას დავივიწყებთ, რომ მონაწილეობა აქვს მიღებული ყარაგანდისა და ტაიმირის პოლიტპატიმართა აჯანყებებში, რომელთა ორგკომიტეტის წევრიც იყო.

 

ოჯახში არცთუ სახარბიელო ვითარება დახვდა: მამა ხომ 38-ში დაუხვრიტეს, დედას ათი წლის პატიმრობა მოუხდია სხვადასხვა ბანაკებში და დაბრუნებულა. მისი უმცროსი და, ნათია ამირეჯიბი დეიდებთან იზრდება. უფროსი და, როდამი მოსკოვში ცხოვრობს, ჩინებული პოეტის, მიხაილ სვეტლოვის ცოლია, ხოლო მისი სიკვდილის შემდგომ – ბრწყინვალე ფიზიკოსის, ბრუნო პონტეკორვოს მეუღლე. სწორედ ამ პერიოდის შესახებ შექმნის აგრეთვე კატორღელი და შესაშური ერუდიციის კრიტიკოსი, ოტია პაჭკორია თავის მშვენიერ ლიტერატურულ პორტრეტს "ჭაბუა და ბრუნო”. ქალბატონი როდამი მეორე ქმრის სიკვდილის შემდეგ თბილისში ბრუნდება, სადაც 77 წლისა განისვენებს კიდეც და დაუტოვებს ხსოვნას აღსრულებული ნათესაური ვალისას, რადგან დედამისსაც და ჭაბუასაც პატრონობდა პატიმართა ბანაკებში და მარტოდდარჩენილ უმცორს დას, ნათიასაც უვლიდა...

ჰყავს ექვსი შვილი, რაღა დასამალია და, სხვადასხვა ცოლებისგან. მიაჩნია, რომ ეს ბანაკებსა და თავისუფლებას შორის მიმოქცევის შედეგია, მაგრამ ღმერთმა იმით დააჯილდოვა, რომ, უკვე მეოთხე ათეული წელია, როგორც თავად ამბობს, ნამდვილ მეუღლესთან, პოეტ თამარ ჯავახიშვილთან ერთად ცხოვრობს სრულ თანხმობაში.

 

უფროსი ქალიშვილი მანანა ამირეჯიბი, პირველი გაქცევის ნაყოფი, მამის კვალზე წავა – მოთხრობებს წერს, იბეჭდება და მკითხველიც იცნობს. მომდევნო ქალიშვილი, მეორე გაქცევის ნაყოფი, დედისა და პაპის კვალზე წავა – იურისტი გახდება, მერე კი რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელია.

 

შემდეგ თავისუფლებაში გაჩენილი შვილები მოდიან, ოთხი ბიჭი.

უფროსი, ირაკლი ამირეჯიბი აფხაზეთის ომში იბრძვის, სადაც გმირულად დაიღუპება – ერთ ჟურნალისტს აეფარება წინ, გადაარჩენს – რისთვისაც ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭება სიკვდილის შემდეგ.

 

მომდევნო, ლაშა მოქანდაკეა. ისიც აფხაზეთშია ნაომარი.

მესამე, ქურციკი – კინორეჟოსორ-ოპერატორია, ესეც ომის მოინაწილეა და მამამისზე გადაღებული საინტერესო დოკუმენტური ფილმის ავტორი.

მეოთხეს - შალვას – ბიოლოგიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული – ისიც ნაომარია აფხაზეთში.

ჰყავს ხუთი შვილიშვილი, სამი შვილთაშვილი.

 

პატარაობისას წერდა ლექსებს და მოთხრობებს. დაახლოებით ოციდან ორმოც წლამდე არაფერი დაუწერია, ბანაკებში ჭკუაში არ მოსდიოდათ ამისთანა საქმიანობა. პატიმრობის შემდეგ სერიოზულად წერს.

პირველი მოთხრობა "რატომ არ დამაცადე" გამოაქვეყნა 1960 წელს ("მნათობი", № 1).

ჭაბუა ამირეჯიბს ეკუთვნის მოთხრობათა კრებულები: "გზა" (1962), "ძია შოთას ბადია" (1965), არაკების კრებული "თაფლის წვეთი" (1968), კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სცენარები, სტატიები კინემატოგრაფიის საკითხებზე.

 

მწერლის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია

•               მოთხრობები "ჩემი მეჯღანე ბიძა" (მოთხრობების კრებული, 1963)

•               "ხარის აღსარება" (მოთხრობების კრებული,1964)

•               "გიორგი ბურდული" (ნოველა, 1965)

•               "დათა თუთაშხია" (რომანი, წგნ. 1-2, 1973-1975)

•               "გორა მბორგალი" (რომანი, 1984-1994)

•               "გიორგი ბრწყინვალე" (რომანი, 2003)

ჭაბუა ამირეჯიბი არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979), შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1994), საქართველოს სახელმწიფო პრემია (1998), ღირსების ორდენის კავალერი (2001); ამასთან, დაჯილდოვდება უცხოური, რუსული, ქართული პრემიებითა და პრიზებით. თავისი ნაწარმოებები დაბეჭდილი აქვს მსოფლიოს ხალხთა ოცდაათ ენაზე და, ამ ყველაფრის მიუხედავად, კვლავაც იხსენებს დიდი კატორღელის, ფრანსუა ვიიონის სტრიქონებს:

"და ვიმეორებ სოფლის სამდურავს:

სად არის თოვლი შარშანწინდელი?”

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ