18 ოქტომბერი – დაიბადა ევგენი ხარაძე
დამატების თარიღი: 2013-03-13 16:01:19

ხარაძე ევგენი კირილეს ძე _ ასტრონომი, აკადემიკოსი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე. დაიბადა 1907 წლის 18 ოქტომბერს თბილისში. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1931-34 წლებში ლენინგრადის ასტრონომიული ინსტიტუტის ასპირანტია. არის საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ობსერვატორიის დამაარსებელი და მისი დირექტორი 1992 წლამდე, ხოლო 1992 წლიდან გარდაცვალებამდე _ საპატიო დირექტორი.

 

1937-1972 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრას. 1959-1965 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია.

 

ევგენი ხარაძის შრომები ძირითადად ეძღვნება გალაქტიკის აგებულებას, მასში არსებული ვარსკვლავების, აგრეთვე ვარსკვლევებისა და ვარსკვლავთშორისი ნივთიერებების სივრციულ განაწილებას, სხვადასხვა ტიპის ცვალებადი ვარსკვლავების სპექტრულ შესწავლას და სხვ. შეადგინა კაპტეინის სხვადასხვა არეში მყოფ ვარსკვლავთა ფერის სიჭარბეების ფოტოვიზუალური ვარსკვლავი სიდიდეების, ნათობებისა და სპექტრების კატალოგები, მათზე დაყრდნობით შეისწავლა სინათლის შთანთქმა გალაქტიკაში. ევგენი ხარძე იყო მრავალი სასკოლო და საუნივერსიტეტო ასტრონომიისა და ასფტროფიზიკის ორიგინალური ქართული სახელმძღვანელოს ავტორი.

 

ე. ხარაძე იყო ფიზიკა-მათემატკის მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1949), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1972-77), პრეზიდენტი (1978-86), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1984). საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი (1976-82), სხვადასხვა დროს საზღვარგარეთის სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭოს წევრი და ასტრონომ. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ქსე-ს დაარსების დღიდან.

 

დაჯილდოებულია  ლენინის 4 ორდენით, ოქტომბრის რევოლუციისა და შრომის წითელი დროშის ორდენებითა და მედლებით, ღირსების  ორდენით (1997) და მემედ აბაშიძის პრემიით (1997), რუს. ასტრონ. საზოგადოების მედლით სამეცნიერო სკოლის შექმნისათვის (1997).

2001 წელს ე. ხარაძის სახელი მიანიჭეს აბასთუმნის ასტრო-ფიზიკურ ობსერვატორიას. მისი სახელი ეწოდა ერთ-ერთ მცირე ცთომილს.

1982 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. გარდაიცვალა 2001 წლის ოქტომბერში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  

 

წყარო: თბილისი საპატიო მოქალაქეები.  თბ. – 2006.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ