1 ივლისი – დაიბადა ოსკარ შმერლინგი
დამატების თარიღი: 2013-03-07 12:16:09

"ცალ ხელში "კარანდაშით", მეორეში-მათრახით" 

 

ცნობილი ფერმწერი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი, პედაგოგი ოსკარ ივანეს ძე შმერლინგი დაიბადა 1863 წლის პირველ ივლისს თბილისში, სამხედრო მოხელის ოჯახში. რადგან კარიკატურისტი მხატვრის მახვილი თვალი და მწვავე იუმორი ადრეულ ასაკშივე გამოამჟღავნა და მისი მრავალმხრივი მოღვაწეობის უმთავრეს და ყველაზე ნაყოფიერ სფეროდ კარიკატურა იქცა, ამიტომაც იწყებს ავტობიოგრაფიას მისთვის ჩვეული იუმორითა და ხალისით შემდეგი სიტყვებით: დავიბადე 1863 წლის 1 ივლისს ცალ ხელში კარანდაშით, ხოლო მეორეში, მათრახით"(ჟურნალი "ეშმაკის მათრახი",1916 წ. ), აი ამ დღიდან კარანდაში და მათრახი შეიქნა ჩემი განუყრელი მეგობარ-თანაშემწენი საყვარელი სამშობლო კუთხისათვის ’’დიდად სასარგებლო მოღვაწეობის” დროს".

 

ოსკარ შმერლინგი მთელ ამიერკავკასიაში და მის ფარგლებგარეთაც კარგად ცნობილი ხელოვანი იყო. თავად მხატვარი თავს ქართველ მხატვრად თვლიდა. მისი ქალიშვილი რენე შმერლინგი იგონებს: "ჩვენ, შმერლინგები, მკვიდრი თბილისელები ვართ... მამაჩემი ქართველი მხატვარი იყო...”

სწავლობდა თბილისის რეალურ სასწავლებელში, თუმცა დიდი სიბეჯითით არ გამოირჩეოდა: "ვსწავლობდი ძლიერ ცუდად. როცა ცალ ხელში კარანდაში გიპყრია და მეორეში მათრახი, განა შესაძლებელია მათემატიკამ გაგიტაცოს?” განსაკუთრებით "შეჰყვარებია” V კლასი, სადაც "სრულიად გაუჭირვებლად დაყო სამი ბედნიერი წელი” (მოკლედ,VI კლასამდე ძლივს მიუღწევია).

  

"კოღო" და "ფალანგა"

 

სამაგიეროდ, დიდი წარმატებები ჰქონდა ხატვაში. ზედმეტი თავისუფალი დრო რედაქტორ-გამომცემლობისათვის დაუთმია და საკუთარი ჟურნალი "კოღო" დაუარსებია. მაგრამ ჟურნალის მხოლოდ 3 ნომერი გამოვიდა (1880-81 წლებში): "ჩემგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო ვერ მოიპოვა ფართო ბაზარი და მესამე ნომერზე უკვე სამუდამოდ განისვენა."იმ დროს თბილისში სხვა ჟურნალიც გამოდიოდა-- "ფალანგა" (ღრიანკალი). ოსკარმაც მიაშურა რედაქციას თავისი "ნაწარმოებებით" დატვირთულმა. აქ გადადგა პირველი გაუბედავი ნაბიჯები კარიკატურაში: "კარიკატურები პანტასავით სცვიოდა სარედაქციო მაგიდაზე", საიდანაც ერთი-ორი ჟურნალისკენაც მიდიოდა, ხოლო დიდი უმრავლესობა "უზარმაზარ და გაუმაძღარ სარედაქციო გოდორში ჰპოვებდა საუკუნო სავანეს." მხატვრული დაოსტატების გარეშე მოღვაწეობის გაგრძელება გაძნელდა.

  

პეტერბურგში

ნიჭიერი ყმაწვილი ხვდებოდა, რომ წინსვლისა და წარმატებისათვის აუცილებელი იყო სპეციალური განათლება. მისმა "შეუდრეკელმა სურვილმა და ზღვა ცრემლებმა" მშობლებს გადააწყვეტინა შვილის  სამხატვრო აკადემიაში გაგზავნა. 1884 წლის 1 აგვისტოს ის უკვე პეტერბურგშია. "დაღვრემილი შემხვდა ქალაქი, თითქოს გრძნობდა, რა მავნე და საშიში წევრი შეემატა მას: გამყინა, გამჟღინთა, გამთქორა და გამთოშა...ეგზამენი აკადემიისა ჩინებულად დავიჭირე, მაგრამ არავითარი ზეიმი შეხვედრისა არავის აზრად არ მოსვლია. წარმოიდგინეთ, მისასალმებელი სიტყვაც არავისგან გამიგონია". ოსკარი პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის თავისუფალი მსმენელი გახდა, სწავლობდა ვილევალდეს ბატალურ კლასში. მალე პირველ წარმატებასაც მიაღწია- " ცხენის” ეტიუდისთვის წამახალისებელი ვერცხლის მედალი დაიმსახურა. სამხატვრო აკადემიის სტუდენტი აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებაში ჩაერთო: დაუახლოვდა პეტერბურგში საქართველოდან ჩასულ მხატვრებს- რომანოზ გველესიანს, გიგო გაბაშვილს, ასევე რუს სტუდენტობას. ოსკარის კარიკატურები რუსეთის საკმაოდ ცნობილ ჟურნალ-გაზეთებში ("ნოე", "ზადუშევნოე სლოვო", გერმანული ჟურნალი "Papifax") ქვეყნდება. ყმაწვილობიდანვე გამოიკვეთა მისი მიდრეკილება კარიკატურისტობისადმი. მის მრავალფეროვან შემოქმედებაში ხომ განსაკუთრებული ადგილი სწორედ ამ სფეროს უჭირავს. აქ მოხდა მისი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაცია.

  

მიუნხენში

პეტერბურგის ჰავამ მის ჯანმრთელობაზე იმოქმედა. ექიმთა რჩევით, იძულებული გახდა "გაეთავისუფლებინა პეტროგრადი თავისი სტუმრობისაგან და სამხრეთით დაეხია." ის დროებით ხან-კენდში (შუშას მახლობლად) მამამისის სახლში ცხოვრობდა. 1 წლის შემდეგ კი მიუნხენში ამოყო თავი. სწავლას აგრძელებს ცნობილი ბატალისტის, პროფესორ ფრანც რუბის ხელმძღვანელობით.

 

მიუნხენში თითქმის ყველა სახუმარო ჟურნალთა კარი მოუნახულებია თავისი კარიკატურებით, მაგრამ პეტერბურგისგან განსხვავებით, აღმოჩნდა, რომ მცხოვრებთა რიცხვს აღემატებოდნენ მხატვრები. ოსკარმა მაინც მოახერხა მუშაობის დაწყება სპეციალურ ჟურნალ ”Radfar Humor” -ში (ველოსიპედისტთა ხუმრობა):”მე (რომელსაც ველოსიპედის პედალზე ჯერ ფეხი არ დამედგა), ძლიერ მეჩოთირებოდა სპორტსმენთა ცხოვრების შეთვისება, მაგრამ მალე დავრწმუნდი, რომ ჩემი საქმისათვის სრულიად საჭირო არ იყო ველოსიპედზე ჯდომა, რომ ჩემი საქმის შესრულება სკამეიკაზე ჯდომითაც შეიძლებოდა”.

მიუხენში ოსკარმა ორი წელი დაჰყო და კვლავ პეტერბურგში დაბრუნდა, სადაც აკადემია ვერცხლის მედალზე დაამთავრა.

 

 

უკან, სამშობლოში

 

1893 წელს თბილისში ბრუნდება. ოჯახთან ერთად ზუბალაშვილების ქუჩაზე სახლდება და მაშინვე ებმება ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. იგი ტრიალებდა სახელოვანი, საინტერესო ადამიანების- მწერლების, არქიტექტორების, მხატვრების წრეში.მის ბინაზე ხშირად იკრიბებოდნენ ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, გ. გაბაშვილი...

 

 

წვერწამახული ”კარანდაში” და გამოღვიძებული ”მათრახი”

 

დადგა 1901წელი – მეტად მნიშვნელოვანი მხატვრის მომავალი წარმატებებისათვის. გამოდის გაზეთ " ცნობის ფურცლის" სურათებიანი დამატება ვალერიან გუნიას რედაქტორობით. მეორე ნომერში ოსკარ შმერლინგის კარიკატურები გამოჩნდა.”დიდხანს ელოდა ჩემი კარანდაში სამოღვაწეო ასპარეზს, მათრახი ჩემი მტვერმა დაფერფლა და სიცოცხლის ნიშან – წყალ დაკარგული მშვიდობიანათ ესვენა მაგიდაზე. მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ, სახელობრ 1901 წელს, ა.მ. ჯაბადარს მოუვიდა თავში გენიალური აზრი, საძირკველი ჩაეყარა ქართული კარიკატურისათვის. გავულესე წვერი ჩემს კარანდაშს, გამოვაღვიძე მათრახი ჩემი და აი უკვე 15 წელიწადია, რაც ვიღვწი ქართულ იუმორისტულ პრესაში”.

 

თანამშრომლობდა ჟურნალებში: " ეშმაკის მათრახი", "შურდული", "ბზიკი", "ეშმაკის მახე", "სოფლის ალიაქოთი" და იმ დროს თბილისში უხვად გამომავალ სხვა იუმორისტულ ჟურნალ- გაზეთებში, სომხურ და აზერბაიჯანულ გამოცემებშიც.

 

 

პედაგოგი

1898 წელს მხატვარი თბილისში ხსნის სამხატვრო სკოლას. 1902 წელს კავკასიის კაზმულ ხელოვანთა წამახალისებელ საზოგადოებასთან აარსებს ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელს. იგი იყო ამ სკოლის პირველი და უცვლელი ხელმძღვანელი და ერთ-ერთი პედაგოგი. მოწვეული ჰყავდა ცნობილი მხატვრები, მათ შორის მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე და იოზეფ როტერი.1922 წელს ამ სკოლის ბაზაზე დაარსდა სამხატვრო აკადემია, სადაც ოსკარ შმერლინგი პროფესორად მუშაობს. მისი მოწაფეები იყვნენ შემდგომში ცნობილი მხატვრები და ხელოვნების მოღვაწეები - ლადო გუდიაშვილი, შალვა ძნელაძე, ქეთევან მაღალაშვილი, ალექსანდრე ციმაკურიძე, მიხეილ ჭიაურელი და სხვები. მისი ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდია მხატვრის პედაგოგიური მოღვაწეობა პირველ კლასიკურ გიმნაზიაში.

 

 პერსონალური გამოფენები

 

მხატვარი 1892 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა თბილისში გამართულ გამოფენებში. 1929 წელს მოეწყო მისი ნამუშე ვრების პირველი პერსონალური გამოფენა. სულ სამი პერსონალური გამოფენა გაიმართა ხელოვნების მუზეუმში: 1929, 1964 და 2000 წლებში.

 

 

ორმოცწლიანი მოღვაწეობა

 

1933 წელს მხატვრის მოღვაწეობის 40 წლისთავი აღინიშნა. ქართველმა მწერლებმა: შალვა დადიანმა, სანდრო შანშიაშვილმა, იოსებ გრიშაშვილმა დიდი შეფასება მისცეს მის შემოქმედებას და ქართული კარიკატურის პიონერი უწოდეს.

 

40 წელი ემსახურა ქართულ ჟურნალისტიკას. უამრავი კარიკატურით, სახელოვან მამულიშვილთა მეგობრული შარჟებით, მხატვრულ ნაწარმოებთა ჩინებული ილუსტრაციებითაა დამშვენებული ქართული თუ კავკასიის სხვა დიდი ქალაქების ჟურნალ-გაზეთები, სასკოლო სახელმძღვანელოები თუ მხატვრულ ნაწარმოებთა კრებულები.ოსკარ შმერლინგი 1938 წელს გარდაიცვალა.

 

მხატვრის ნამუშევრები ინახება ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, სახელმწიფო ისტორიუ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, კერძო კოლექციებში.

 

 

წყარო: ქართველ და უცხოელ ხელოვანთა ელექტრონული ცნობარი, www.art.dlf.ge

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ