1 ივნისი – დაიბადა ანდრია ბალანჩივაძე
დამატების თარიღი: 2013-03-05 14:24:22

ა. ბალანჩივაძე დაიბადა 1906 წლის 1 ივნისს პეტერბურგში, ქართული პროფესიული მუსიკის ერთ–ერთი ფუძემდებლის მელიტონ ანტონის ძე ბალანჩივაძის ოჯახში. ამ ოჯახის კარი ყოველთვის ღია იყო პეტერბურგში მყოფი ქართველებისა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთათვის. აქედან დაიწყო პეტერბურგში ქართული მუსიკის, პოეზიისა და ცეკვების პოპულარიზაცია. გასაგებია, როგორ გარემოში იზრდებოდა მომავალი კომპოზიტორი, რომელიც ბუნებამაც უხვად დააჯილდოვა მუსიკალური მადლით.

 

1918 წელს მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახი სამუდამოდ დაუბრუნდა მშობლიურ ქუთაისს. ამავე წელს ა. ბალანჩივაძე შევიდა ქუთაისის მუსიკალურ სკოლაში, რომელიც მამამისმა დაარსა.

 

სამი წლის შემდეგ ანდრია ბალანჩივაძე თბილისის კონსერვატორიის სტუდენტია და მეცადინეობს მ. იპოლიტოვ–ივანოვის კლასში. მან სტუდენტობის წლებშივე შექმნა მრავალი პიესა ფორტეპიანოსათვის.

 

1927 წელს ანდრია ბალანჩივაძე, სხვა მუსიკოსებთან ერთად გაიგზავნა ლენინგრადის კონსერვატორიაში. იგი სწავლობდა ჟიტომირსკის კლასში. ეს წლები შემოქმედებითად ძალზე ნაყოფიერი გახლდათ. მან დაწერა საფორტეპიანო პიესები, სექსტეტები არფისათვის, კანტატა, რომელიც მიეძღვნა ოქტომბრის რევოლუციის ათი წლისთავს და სხვ.

 

ლენინგრადის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ (1931) იგი საქართველოში ბრუნდება. 1935 წელს იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მისი ყოველი გაკვეთილი ღრმად გააზრებულია, ფაქიზი, სრულყოფილი; პედაგოგიური მანერა – უბრალო და გულწრფელი. ქმედითი ამოცანაა – დაიცვას, გაასუფთაოს, დახვეწოს... შემთხვევითი არ არის, რომ მან აღზარდა აწ ცნობილი კომპოზიტორები: მ. დავითაშვილი, ბ. კვერნაძე, რ. ლაღიძე, შ. მილორავა, ა. შავერზაშვილი, რ. ქარუხნიშვილი, ნ. ვაწაძე, ე. სანაძე და სხვანი.

 

ფართო საზოგადოებრივი გამოხმაურება ჰქონდა მის პირველ ბალეტს "მთების გული", რომელიც დადგა ვ. ჭაბუკიანმა 1936 წელს თბილისში, "მზეჭაბუკის" სახელწოდებით. 1938 წლის 28 ივნისს იგივე ბალეტი დაიდგა ლენინგრადში, შემდეგ – კიევში, ხარკოვში, სარატოვში, ტაშკენტში, აშხაბადსა და დნეპროპეტროვსკში.

 

ა. ბალანჩივაძემ 1939 წელს დაამთავრა პირველი საფორტეპიანო კონცერტი.

 

1940 წელს ა. ბალანჩივაძე დაჯილდოვდა საპატიო ნიშნის ორდენით, ხოლო 1941–1943 წლებში კი – შრომის წითელი დროშის ორი ორდენით.

 

1941–1948 წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხემძღვანელი.

 

1941 წელს ა. ბალანჩივაძეს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

 

პარალელურად იგი წერს მუსიკას კინოფილმისთვის "გიორგი სააკაძე", სპექტაკლისათვის "კრწანისის გმირები", "გენერალი ბრუსილოვი" და სხვა.

 

დიდი სამამულო ომის შემდგომ წლებში ა. ბალანჩივაძე მუშაობს ბალეტზე "ლალის ვარსკვლავები" (ბალეტმაისტერ მ. ლავროვსკისთან ერთად).

 

1952 წელს ანდრია ბალანჩივაძემ შექმნა მესამე საფორტეპიანო კონცერტი, რომელიც ბავშვებს მიუძღვნა.

 

ამავე წლებს ეკუთვნის კომპოზიტორის მიერ შექმნილი სიმფონიური სურათი "დნეპრი", ვალსი ორკესტრისათვის "თბილისის ზღვაზე", ვოკალური მინიატურები "ნინო ჭავჭავაძე" და "სიმღერა სამგორზე".

 

ა. ბალანჩივაძე პედაგოგიურ, საკომპოზიტორო და საზოგადოებრივ მუშაობასთან ერთად, ეწევა სადირიჟორო მოღვაწეობას.

 

1961 წელს დიდ თეტრში მ. ლავროვსკიმ დადგა ა. ბალანჩივაძის ბალეტი "ცხოვრების ფურცლები" (ამ ნაწარმოებში კომპოზიტორმა გამოიყენა ბალეტ "ლალის ვარსკვლავების" მუსიკის დიდი ნაწილი). ბალეტის თემაა საბჭოთა ადამიანის ცხოვრება და საქმიანობა მშვიდობიან პერიოდში.

 

1964 წლის დეკემბერში თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე დაიდგა ა. ბალანჩივაძის ბალეტი "მწირი".

 

კომპოზიტორმა 1967 წელს დაამთავრა მეოთხე საფორტეპიანო კონცერტი. ამ კონცერტს დიდი წარმატება ხვდა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ.

 

კონცერტის ყველა ნაწილი დასათაურებულია: "ჯვარი", "თეთნულდი", "სალამური", "დილა", "რიონის ტყე", "ცხრაწყარო".

 

1967 წელს ა. ბალანჩივაძის მეოთხე საფორტეპიანო კონცერტს შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

 

1970 წელს კომპოზიტორი ამთავრებს ოპერას "ოქროს ქორწილი".

 

"ნამდვილი, ჭეშმარიტი ხელოვნება საჭიროებს აზრებისა და ემოციების სიღრმეს, დიდ სიმართლესა და ცხოვრების პოეტურობას", – ამბობს ა. ბალანჩივაძე და მისი ცხოვრება და შემოქმედებაც ხომ ამის დადასტურებაა.

 

  

წყარო: ანდრია ბალანჩივაძე. თბილისი. – გამომცემლობა: "ხელოვნება". – 1978.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ