1 მაისი – დაიბადა დოდო აბაშიძე
დამატების თარიღი: 2013-03-04 11:18:55

დავით (დოდო) ივანეს ძე აბაშიძე (დ. 1 მაისი, 1924, თბილისი ― გ. 26 იანვარი, 1990) ქართველი მსახიობი და რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1967).

 

დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (1949) და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. განასახიერა გოდუნის (ლავრენიოვის "რღვევა"), გიორგის (ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი"), როლერის (შილერის "ყაჩაღები") და სხვა როლები.

 

1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". შექმნა ბიჭიკოს ("ჭრიჭინა", 1954), აბდუშაჰილის ("ბაში-აჩუკი", 1956), დღვირის ("თეთრი ქარავანი", 1963), ალუდას ("ხევსურული ბალადა", 1965), ომარის ("მაცი ხვიტია", 1966), სოსანის ("დიდი მწვანე ველი", 1967), ალექსანდრეს ("სინათლე ჩვენს ფანჯრებში", 1969; პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, მინსკის საკავშირო კინოფესტივალი, 1970), მამამზე ერისთავის ("დიდოსტატის მარჯვენა", 1970) და სხვა სახეები.

 

წყარო: ქსე. - ტ. 1. - თბ. – 1975.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ