1 ოქტომბერი – დაიბადა ივანე ფალიაშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-14 12:54:41

ფალიაშვილი ივანე პეტრეს ძე (1868–1934), დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1924). ზაქარია ფალიაშვილის ძმა. იგი მუშაობდა ორგანისტად თბილისის ქართველ კათოლიკეთა  ეკლესიაში.

 

1888, თავის ძმასთან, ზაქარია ფალიაშვილთან ერთად მღეროდა ლ. აღნიაშვილის ეთნოგრაფიულ გუნდში. სადირიჟორო მოღვაწეობა დაიწყო ქართული თეატრის საოპერო დასში. 1892 თბილისის "სამუსიკო წრის" დირიჟორად მიიწვიეს. 1922–34 მუშაობდა თბილისის საოპერო თეატრის მთავარ დირიჟორად. მან შექმნა ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერისა" და "დაისის" შესრულების მხატვრული ტრადიცია. 1923–28 იყო "ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების" სიმფონიური ორკესტრის  ერთ–ერთი დამაარსებელი, დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ფალიაშვილის რეპერტუარში შედიოდა ქართველ, რუს და დასავლეთევროპელ კომპოზიტორთა 80–ზე მეტი ოპერა. ფალიაშვილის დირიჟორობით თბილისში პირველად აჟღერდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია (1927). მისი შესრულება გამოირჩეოდა  მაღალი ოსტატობით, პროფესიული კულტურით, ემოციურობით. ფალიაშვილი ქართული სადირიჟორო ხელოვნების ფუძემდებელია. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

 

 

წყარო: ქე. – თბილისი ენციკლოპედია.– თბ. 2002.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ