1 სექტემბერი – დაიბადა ნიკოლოზ (ნიკა) აგიაშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-13 10:38:27

ნიკოლოზ (ნიკა) აგიაშვილი დაიბადა 1903 წლის 1 სექტემბერს ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში. 1924 წელს დაამთავრა ქუთაისის ჰუმანიტარული ტექნიკუმი (ყოფილი კლასიკური გიმნაზია).

 

სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1928 წელს.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჟურნალ – გაზეთების: "ახალგაზრდა კომუნისტის”, "სტალინელის” ("ახალი ქუთაისი”), "ჩვენი თაობის”, "კომუნისტის” და "დროშის” რედაქციებში. ნიკა აგიაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა გამომცემლობა "მერანის” თარგმნილი ლიტერატურის რედაქციის გამგედ. აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის ლიტერატურული გაზეთის "სიტყვა და საქმის” გამოშვებაში (1934 – 1935 წლებში).

 

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ინტენსიურად 1925 წლიდან. ამავე წლიდან იბეჭდება ნიკა აგიაშვილის წერილები და თარგმანები. იგი იყო შესანიშნავი მთარგმნელ–სტილისტი.

 

ნიკა აგიაშვილი ავტორია მონოგრაფიებისა: "სერვანტესის ცხოვრება”, რომელიც პირველად 1941 წელს დაიბეჭდა (და საერთოდ ხუთჯერ გამოიცა), "ჭაბუკები დარჩნენ მარად”, რომელიც პირველად გამოვიდა 1961 წელს და "ალექსანდრე ნეველი”.

 

ნიკა აგიაშვილმა თარგმნა ჯ. ლონდონის, ლ. ტოლსტოის, მ. გორკის და სხვათა ნაწარმოებები. ნიკა აგიაშვილის შემოქმედებაში სინამდვილისადმი დამოუკიდებლობა გადმოცემულია ტრაგიკული ირონიით.მისი წერილები და მოგონებები ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა შესახებ ფასდაუდებელია.

 

ნიკა აგიაშვილი გარდაიცვალა 1984 წლის 22 ნოემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

 

 

წყარო: მარინა გოგოლაძე–გაბუნია.–მწერალთა ბიოგრაფიები.– თბ.–2004 წ.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ