20 აგვისტო - დაიბადა დავით კაკაბაძე
დამატების თარიღი: 2013-03-11 11:38:47

დავით ნესტორის ძე კაკაბაძე (დაიბადა 1889 წლის 20 აგვისტოს,  სოფ. კუხი, ახლანდელი ხონის რაიონი ― გ. 10 მაისი, 1952, თბილისი), ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.

 

კაკაბაძე მოწაფეობის წლებიდან ბეჭდავდა ნახატებს ქართულ პერიოდულ პრესაში. 1916 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება, იმავე დროს, 1915-მდე, მეცადინეობდა მხატვარ ლ. დიმიტროევ-კავკაზსკის სახელოსნოში; გაეცნო რუსულ და დასავლეთევროპული მხატვრობის უახლეს მიმდინარეობებს და დაჯგუფებებს. სტუდენტობის წლებში დაიწყო ძვ. ქართული ხელოვნების კვლევა. პეტერბურგში კაკაბაძე 1918-მე დარჩა. ამ პერიოდს მიეკუთვნება ფინეთსა და საქართველოში ნატურიდან დახატული პეიზაჟები, 3 ავტოპორტრეტი ("ავტოპორტრეტი სარკესთან", 1913, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "ავტოპორტრეტი ბროწეულით", 1913; "ავტოპორტრეტი რუხ ხალათში", 1917 - ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება), დედის პორტრეტი, 1914 და ძმის პორტრეტი , 1915 (ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება). რეალისტურ ნამუშევრებთან ერთად კაკაბაძემ შექნმნა კუბისტური ხასიათის სურათებიც ("დასაფლავება იმერეთში", 1913; "ავტოპორტრეტი" 1913 - ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება), 1918-1919 კაკაბაძემ საქართველოში გაატარა. ამ პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა მისი, როგორც მკაფიო თავისებურებების მქონე მხატვრის, შემოქმედებითი სახე. კაკაბაძემ შექმნა იმერული პეიზაჟების ციკლის პირველი ნიმუშები. ადრინდელი პეიზაჟებისაგან განსხვავებით, ისინი ბუნების უშუალო ასახვას კი არ წარმოადგენენ, არამედ მკაფიოდ გამოკვეთილი პრინციპების თანახმად აგებულ სურათებს, რომლებშიც მოცემულია იმერეთის ბუნების განზოგადებული სახე; კომპოზიციას ახასიათებს ნათელი, კლასიკური ტექნიკურობა ("პეიზაჟი წითელი გზით", "პეიზაჟი ციხითა და მდინარით", 1918, ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება).

 

1918 კაკაბაძემ შექმნა სურათი "იმერეთი - დედაჩემი", სადაც მხატვრისთვის ჩვეული იმერეთის პეიზაჟის ფონზე გამოსახულია მოხუცი ქალის ალეგორიული ფიგურა. ამავე წელს შექმნა ლაკონიური და გრაფიკულად მკაფიო "იმერული ნატიურმორტი" (ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი); ამავე პერიოდს განეკუთვნება ძვ. თბილისის ამსახველი ნახატები და წაღვერის სერია (მხატვრის ოჯახისა და დასავლეთ ევროპის სხვადასხვა მუზეუმების კუთვნილება). 1919-1927 წლებში კაკაბაძე პარიზში ცხოვრობდა, მონაწილეობდა "დამოუკიდებელ მხატვართა საზოგადოების" ყოველწლიურ გამოფენებში, სხვა ქართველ მხატვრებთან ერთად აწყობდა გამოფენებს (მოაწყო თავისი სურათების გამოფენა ამერიკაში); კითხულობდა ლექციებს ხელოვნების საკითხებზე, მუშაობდა სტერეოკინოს გამოგონებაზე (მიღებული აქვს ევროპის მრავალი ქვეყნის პატენტი), აქვეყნებდა თეორიულ ნაშრომებს ( ქართულ და ფრანგულ ენებზე).

 

1927 წელს შექმნა ალეგორიული სურათი "ინდუსტრია". საქართველოში დაბრუნების შემდეგ კ. მარჯანიშვილის მოწვევით კაკაბაძემ მუშაობა დაიწყო თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების დარგში. გააფორმა რამდენიმე სპექტაკლი ( ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!", 1928; პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", 1929; შ. დადიანის "ნინოშვილის გურია", 1932; დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი", 1937; პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", 1946 - ყველა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი; ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი", 1947, რუსთაველის სახელობის თეატრი; პ. ჩაიკოვსკის "პოკის ქალი", 1947 - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვა), აგრეთვე კინოფილმები ("მარილი სვანეთს", რეჟისორი მ. კალატოზიშვილი, 1930; "დაკარგული სამოთხე", რეჟისორი დ. რონდელი, 1936 და სხვა). კაკაბაძის შესრულებული დეკორაციები გამოირჩევა ფუნქციური მიზანშეწენილობით, სტილის ღრმა გრძნობით. ამავე პერიოდში კაკაბაძე აქტიურად მუშაობდა როგორც ფერმწერი და გრაფიკოსი. იგი კვლავ დაუბრუნდა იმერული პეიზაჟის თემას, შექმნა ინდუსტრიული პეიზაჟები ("რიონჰესი", 1934, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი და სხვა). ამ სურათების კომპოზიური აგებულება და დეკორატიულობა ძველებურია, მაგრამ ციხის ნანგრევს ცვლის ახალი ცხოვრების ნიშნები - ელექტროსადგური, მშრომელთა მანიფესტაცია; უფრო ცხოველი და ხალისიანია კოლორიტი ("ყვითელი მთა", 1937; "წითელი მთა", 1944 - ორივე მხატვრის ოჯახის კუთხვილება; "მიტინგი იმერეთში", 1942, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). 1930-1940 წლებს მიეკუთვნება კიდევ რამდენიმე სერია ("სვანეთი", 1939; "თბილისი და მისი მოდამოები", 1944 - ყველა მხატვრის ოჯახის კუთვნილება). 1940-1950 წლების მნიშვნელოვანი სურათებია: "ყაზბეგი", "ფოთი-ელევატორი" (1949, ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "სვანეთი - მადნის დამუშავება" (1949, მხატვრის ოჯახის კუთვნილება) და სხვა. 1928-1948 კაკაბაძე იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1933-1942 - პრორექტორი).

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ