20 ოქტომბერი – დაიბადა ალექსანდრე ამილახვარი
დამატების თარიღი: 2013-03-13 11:06:56

ალექსანდრე დიმიტრის ძე ამილახვარი (დ. 20 ოქტომბერი, 1750 ― გ. 1802), ქართველი პოლიტიკური მოღვაწე.

 

ალექსანდრე ამილახვარი მამასთან ერთად მონაწილეობდა რეაქციონერი თავადების მიერ ერეკლე II-ის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში (პაატა ბატონიშვილის შეთქმულება 1765), რისთვისაც სასტიკად დაისაჯა (მოაჭრეს ცხვირი და გადაუჭრეს ფეხის ძარღვი). 1771 წელს პატიმრობიდან გაიპარა და რუსეთს გადაიხვეწა, დაუკავშირდა ქართლის ტახტის პრეტენდენტს ალექსანდრე ბაქარის ძეს და ტახტისათვის ბრძოლაში შემწეობა აღუთქვა. 1783 წელს რუსეთის მთავრობამ ერეკლე II-ის თხოვნით ამილახვარი შეიპყრო და ვიბორგის ციხეში ჩასვა. 1801 ამნისტიით განთავისუფლდა და საქართველოში გამოემგზავრა, მაგრამ გზად, ასტრახანში გარდაიცვალა.

 

რუსეთში ყოფნისას დაწერილ პოლიტიკურ პამფლეტში "გეორგიანული ისტორია" (გამოიცა რუსულ ენაზე, პეტერბურგში, 1779) ამილახვარი მოგვითხრობს საკუთარ თავგადასავალს. ახასიათებს XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლის პოლიტიკურ მდგომარეობასა და სახელმწიფო წყობილებას, უარყოფითად ახასიათებს ერეკლე II-ის მთელ მოღვაწეობას. თხზულება განსაკუთრებით საინტერესოა ქართველი თავადის პოლიტიკური შეხედულებების დასახასიათებლად. ავტორის მსჯელობა შეუზღუდველი თვითმპყრობელი მმართველობისადმი უკიდურეს სიძულვილით.

ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიისათვის კიდევ უფრო საინტერესოა ამილახვარის პოლიტიკური ტრაქტატი "ბრძენი აღმოსავლეთისა", რომელშიც ავტორი იძლევა სახელმწიფო წყობილებისა და მართვა-გამგეობის მისეულ სქემას. იგი ცენტრალიზებული სახელმწიფოს წინააღმდეგია, მოითხოვს თავადების პოლიტიკურ უფლებების გაძლიერებას, სახელმწიფო მართვა-გამგეობის სხვადასხვა დარგის ჩაბარებას წარჩინებული საზოგადოების წარმომადგენლებისათვის. გარდა ამისა, გამოთქვამს შეხედულებებს სამღვდელოების, გლეხობის, ხელოსნების ადგილის შესახებ სახელმწიფოში.

 

ამილახვარის მსოფლმხედველობაში აისახა XVIII საუკუნის ფრანგი განმანათლებლების ზოგიერთი პროგრესული იდეა, მაგრამ ეს იდეები მის პრაქტიკულ მოღვაწეობასთან არ იყო დაკავშირებული. ამილახვარს ეკუთვნის აგრეთვე რუსულ ენაზე დაწერილი დრამატული სცენები "ასტრახანში".

 

წყარო:  ქსე, ტ. 1, გვ. 391, თბ., 1975.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ