20 სექტემბერი - დაიბადა სპირიდონ კედია
დამატების თარიღი: 2013-03-13 09:31:52

სპირიდონ კედია 1884 წლის 20 სექტემბერს ზუგდიდში, აზნაურ მალხაზ კედიას ოჯახში დაიბადა. მამით ადრე დაობლებულს, ცხოვრების გზა დედამ -  თეო ქუთათელაძემ გაუკვალა, ბავშვი ქართული ანბანის იდუმალებას აზიარა და 1893 წელს აღსაზრდელად ზუგდიდის ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებელში, ხოლო მისი დამთავრების შემდეგ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანა.

 

ქუთაისში გატარებული წლები, განსაკუთრებით ცნობილი ქართველი პედაგოგის იოსებ ოცხელის ოჯახში ცხოვრება და მისი შეგირდობა პატარა სპირიდონისათვის პატრიოტული აღზრდის ჩინებული სკოლა გამოდგა. სპირიდონ კედიამ «რევოლუციური ნათლობა» მოწაფეობისას მიიღო, როცა 1904 წლის თებერვალში თანაკლასელებთან ერთად ხმა აღიმაღლა რუსეთ-იაპონიის ომის წინააღმდეგ. მომდევნო წელს გიმნაზიელ ჭაბუკს სიტყვა წარმოუთქვამს უკვე თბილისში გამართულ საპროტესტო მიტინგზე, რომელიც პოლიტიკური რეჟიმის სისასტიკეს და ხელისუფლების ძალმომრეობას ამხელდა.

საქართველოს თავისუფლების იდეის ერთგულებამ ჭაბუკი კედია თავიდან ფედერალისტურ პარტიას დააკავშირა, მაგრამ იგი არ იზიარებდა ამ პარტიის სოციალისტურ მიმართულებას, რის გამოც მისი და ფედერალისტების გზები მალევე გაიყარა.

 

1905 წელი იმპერიის მასშტაბით რევოლუციის ბობოქარი აზვირთებით აღინიშნა. მღელვარებამ ქუთაისიც მოიცვა და გიმნაზიის კედლებშიც შეაღწია. «პროკლამაციებს ისე ვწერდით, როგორც სასკოლო თემებსო», _ იგონებდა ტიციან ტაბიძე. გახშირდა შეკრებები, გაფიცვები, პოლიტიკური დემონსტრაციები და სხვ. სპ. კედია ამ მოძრაობის ხელმძღვანელთა რიგებში აღმოჩნდა, რისთვისაც სასწავლებლიდან გარიცხეს და ქალაქიდან გაასახლეს.

 

ზუგდიდში დაბრუნებული «მეამბოხე» გიმნაზიელი ახლა გლეხთა საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორად იქცა და ჟანდარმერიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. ამჯერად მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და დაპატიმრების შემთხვევაში მძიმე სასჯელი არ ასცდებოდა.

სპირიდონ კედია დროებით სვანეთში მიიმალა, მერე ჩერქეზეთშიც გადავიდა, საბოლოოდ კი მეფის მთავრობის რისხვას თავი უცხოეთში გახიზვნით დააღწია. 1906 წლის შემოდგომაზე იგი უკვე საფრანგეთშია.

 

პარიზში მყოფი სპ. კედია თავდაპირველად კოლეჟ დე ფრანსის მსმენელი ხდება და ცოდნას ფრანგულ ენაში იღრმავებს. 1907 წელს ქართველი ახალგაზრდა სორბონის უნივერსიტეტში შედის და ძირითად სპეციალობად ბუნების შემსწავლელ მეცნიერებას ირჩევს.

სტუდენტი კედია, მართალია, ფულად შემწეობას ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოსგან იღებდა თვეში 25 მანეთის ოდენობით, მაგრამ ეს თანხა სრულიადაც არ იყო საკმარისი ევროპაში ნორმალური ცხოვრებისა და სწავლისათვის. ხელმოკლეობის მიუხედავად, სპირიდონი ბეჯითად მეცადინეობდა და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. მეორე კურსიდან, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, იგი იძულებული გახდა სამხრეთ საფრანგეთში გადასულიყო, თუმცა სწავლას არც აქ ჩამოშორებია. ლექციებს ტულუზის უნივერსიტეტში ისმენდა, დამთავრებით კი მონპელიეს უნივერსიტეტი დაამთავრა. მერე ისევ სორბონში დაბრუნდა და ფიზიოლოგიაში დოქტორის ხარისხისათვის მუშაობას შეუდგა.

 

ილია ჭავჭავაძის სულიერ მემკვიდრეობაზე აღზრდილი სპირიდონ კედია შორეულ საფრანგეთშიც სამშობლოს ჭირ-ვარამზე ფიქრობდა, ცდილობდა, რამეში გამოდგომოდა თავის ქევყანას. ამის დასტურია მისი საქმიანობა პარიზის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოში, მისი წერილები იაკობ გოგებაშვილის, გიორგი ზდანოვიჩისა თუ არჩილ ჯორჯაძისადმი.

 

მოახლოებული მსოფლიო ომის წინ სპ. კედიამ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. მან იცოდა, რომ ეს სერიოზულ საფრთხესთან იყო დაკავშირებული და თადარიგიც დაიჭირა. მაგრამ რუსეთში გამოჩენისთანავე დააპატიმრეს და კრონშტატის ციხეში ჩასვეს. პეტერბურგის ქართული კოლონიის წევრების, მათ შორის ივანე ჯავახიშვილისა და სხვ. დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო, რომ ახალგაზრდა თანამემამულე საპყრობილედან გაენთავისუფლებინათ.

1914 წელს სპირიდონ კედია თბილისში ჩამოვიდა. ევროპაში გატარებულმა წლებმა მომავალ პოლიტიკოსს უმაღლესი განათლების გარდა ცხოვრებისეული გამოცდილებაც შესძინა. უკან დარჩენილიყო მისი ფედერალისტური გატაცებაც, რომელიც სამშობლოს განთავისუფლების ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებას დაეძლია.

 

საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზი იმხანად სოციალისტურ მიმდინარეობებს ჰქონდათ დაპყრობილი. ამ კოსმოპოლიტური მოძღვრების მიმდევარი ხალხი სპ. კედიას თანამოაზრედ ვერ გაუხდებოდა. საჭირო იყო ახალი ძალის შეკავშირება, რომლის გაერთიანების საფუძველი «მამულის სიყვარული და მსახურება», იმ ეროვნული საუნჯის დაცვა და მოვლა-პატრონობა იქნებოდა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ ღვთაებრივი ტრიადის – მამულის, ენისა და სარწმუნოების სახით გამოჰყო.

 

ქართველი მრეწველების აკაკი ხოშტარიას, ძმები ზუბალაშვილების, იოსებ დადიანისა და სხვათა თანადგომით, რომლებიც ცნობილი ქველმოქმედები და ეროვნულ საქმეთა დიდი გულშემატკივარნიც იყვნენ, სპირიდონ კედიამ განიზრახა ყოველდღიური გაზეთის გამოცემა, რაც მოკლე დროში რეალობად აქცია.

 

1915 წლის 24 მაისს თბილისში გამოსვლა იწყო პოლიტიკურმა, ლიტერატურულ-მხატვრულმა და ილუსტრირებულმა ქართულენოვანმა გაზეთმა, რომლის სახელწოდებად «საქართველო» შეირჩა. ახალი პერიოდული ორგანო 1912 წლიდან გამომავალ ეროვნული და დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ «კლდის» ბაზაზე დაფუძნდა. გაზეთმა «კლდის» ჯგუფის გარდა (რ. გაბაშვილი, შ. ამირეჯიბი, დ. ვაჩნაძე, შ. ქარუმიძე და სხვ.), ქართველი ინტელიგენციის ბევრი სხვა თვალსაჩინო წარმომადგენელი გააერთიანა. მათ შორის, შიო არაგვისპირელი, შალვა დადიანი, მიხეილ ჯავახიშვილი, კოტე მაყაშვილი, სანდრო ახმეტელი, რაფიელ ივანიცკი (ინგილო) და სხვ. რედაქტორობა პოეტსა და დრამატურგ სანდრო შანშიაშვილს მიენდო. «საქართველოში» თანამშრომლობდნენ ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ვასილ ბარნოვი, ტიციან ტაბიძე...

 

ბევრს წერდა თვითონ სპირიდონ კედიაც. მის მოწინავეებსა თუ სხვა პუბლიკაციებს სათქმელის სიცხადე და პირდაპირობა, მიმზიდველი და დახვეწილი სტილი გამოარჩევდა. რაც მთავარია, ყველა წერილი შთაგონებული იყო სამშობლოს მაღალი იდეითა და ეროვნული ინტერესით. სპ. კედიას მიაჩნდა, რომ სამშობლო უზენაესი ღირებულებაა, რომ «ყოველი ნაბიჯი, ყოველი დასაწყები საქმე ეროვნული თვალსაზრისით უნდა განიზომებოდეს: იგი უნდა იყოს გზისა და ხერხის მაჩვენებელი კანდელი».

 

გაზეთ «საქართველოს» ფურცლებზე სპ. კედიას რამდენიმე ათეული სტატიაა გაბნეული. ეს მასალა ქართველი ერის ცხოვრების მრავალ მხარეს ასახავს და მნიშვენლოვან წყაროს წარმოადგენს პირველი მსოფლიო ომისა და მისი შემდგომი პერიოდის საქართველოში განვითარებული მოვლენების შესწავლა-გაშუქებისათვის. ხსენებული პუბლიკაციების შეკრება და ცალკე წიგნად გამოცემა ერთობ საშური და სასარგებლო საქმეა. აქ მკაფიოდ წარმოჩნდება XX საუკუნის პირველი ათწლეულის ქართული პოლიტიკური ელიტის ერთი საუკეთესო წარმომადგენლის სპირიდონ კედიას საზოგადოებრივი და პოლიტიკური ნააზრევი.

 

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაწერებში მკითხველი ბევრ საინტერესოს იპოვის. ვფიქრობთ, ზოგი რამის გათვალისწინება ხსენებული მემკვიდრეობიდან თანამედროვე სახელმწიფოებრივ აღმშენებლობასაც სასიკეთოდ წაადგება.

 

«საქართველო» მკაფიოდ გამოკვეთილ ეროვნულ-დემოკრატიულ გზას ადგა. ეს გზა და მისი თეორიული საფუძვლები ქართველ თერგდალეულთა ნააზრევში მომწიფდა და ჩამოყალიბდა. რუსეთის პირველი რევოლუციის წლებში ილია ჭავჭავაძემ ამ მიმართულების პოლიტიკური პარტიის შექმნაც დააპირა. შედგა და გამოიცა მომავალი ორგანიზაციის პროგრამა, დაუბეჭდავთ წესდებაც, მაგრამ საქმე ამას იქით ვეღარ წავიდა. წამოწყება დაუსრულებელი დარჩა. ერის უგვირგვინო მეფის მუხანათურმა მკვლელობამ კი მისი განზრახვის ხორცშესხმა კიდევ უფრო შორს გადასწია. ეროვნულ-დემოკრატიზმი პოლიტიკურ პარტიად ვერ იქცა და არსებობას იდეური მიმდინარეობის სახით განაგრძობდა.

 

1909 წელს თბილისში ჟურნალ «ერის» გარშემო თავი მოიყარა ეროვნული და დემოკრატიული მიმართულების მძლავრმა გაერთიანებამ, რომელშიც შედიოდნენ: პ. სურგულაძე ნ. ლორთქიფანიძე, სვ. ყიფიანი, ს. მგალობლიშვილი, გ. გვაზავა და სხვ. 1912 წელს ეროვნულ-დემოკრატების მეორე სოლიდური ჯგუფი ჟურნალმა «კლდემ» შემოიკრიბა.

 

ამავე მსოფლმხედველობის ქუთაისელი მიმდევრები (ვ. წერეთელი, ი. ოცხელი, ი. ეკალაძე, ტ. ჯაფარიძე, გ. ჭელიძე, ა. თორაძე) 1912 წლიდან გაზეთ «იმერეთს», ხოლო 1915 წლიდან «სამშობლოს» გამოსცემდნენ.

 

სპირიდონ კედიამ ამ დაქსაქსული ჯგუფების შეკავშირებისა და მათი გაერთიანებით პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების გეგმა შეიმუშავა. ამ მიზნით იგი ეწვია საქართველოს ყველა კუთხეს, გამოძებნა თანამოაზრე ადამიანები, შეუდგა ადგილობრივი ორგანიზაციების ფორმირებას და სხვ.

1917 წლის მარტში ჩამოყალიბდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საორგანიზაციო კომიტეტი სპირიდონ კედიას, გიორგი გვაზავას, გრიგოლ ვეშაპელის, დავით ვაჩნაძის, ვასილ წერეთლის, შალვა ქარუმიძის და სხვ. შემადგენლობით. კომიტეტმა მოამზადა და გამოაქვეყნა პარტიის ფუძემდებლური დოკუმენტების პროექტები, რომლებიც ძირეულ რგოლებში ფართო განხილვის საგნად იქცა.

 

1917 წლის 4-10 ივნისს თბილისში მოწვეულ ეროვნულ-დემოკრატთა I ყრილობას 200-მდე დელეგატი დაესწრო. ყრილობა ერის სულიერმა მოძღვარმა, ყოვლადსამღვდელო ლეონიდემ დალოცა და აკურთხა. დელეგატებმა დაამტკიცეს პარტიის პროგრამა და წესდება, ხოლო დასკვნით სხდომაზე აირჩიეს მთავარი კომიტეტი და დააკომპლექტეს ორგანიზაციის ხელმძღვანელი სხვა სტრუქტურები. ასე ჩამოყალიბდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – პირველი არასოციალისტური პოლიტიკური გაერთიანება საქართველოში, რომლის თავმჯომარედ ერთხმად იქნა არჩეული სპირიდონ კედია.

ახალი პარტია არ ყოფილა ერთი რომელიმე კლასის ან სოციალური ფენის ჯგუფური გაერთიანება. მის წიაღში თავი მოიყარა მთელი ქართველი ერის წარმომადგენლობამ განურჩევლად წოდებისა, სქესისა თუ სარწმუნოებისა. პარტიამ უმთავრეს მიზნად საქართველოს თავისუფლება, მისი ეკონომიკური აღორძინება და სახელმწიფოებრიობის აღდგენა დაისახა.

 

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნა და სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს ახალ ისტორიაში. დაირღვა აქამდე არსებული პოლიტიკურ პარტიათა ერთფეროვანი – სოციალისტური სპექტრი და ჩამოყალიბდა სრულიად განსხვავებული მისწრაფების, სოციალური შემადგენლობისა და იდეოლოგიის მემარჯვენე ძალა, რომელმაც მაღლა აღმართა ეროვნული დროშა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ავანგარდში მოგვევლინა.

 

სპირიდონ კედია ჯერ კიდევ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებამდე დაკავშირებული იყო ევროპაში აღმოცენებულ «საქართველოს განთავისუფლების კომიტეტთან», რევაზ გაბაშვილთან და დავით ვაჩნაძესთან ერთად შედიოდა ამ კომიტეტის საქართველოს ფილიალში. კომიტეტი გერმანიის ხელშეწყობით მოქმედებდა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მისაღწევად იღწვოდა. საქართველოს ფილიალის წევრებს მუშაობა არალეგალურად უხდებოდათ. ეს მით უფრო ძნელი იყო მსოფლიო ომის პირობებში, როცა საქართველო ფრონტისპირა ზოლს წარმოადგენდა.

 

1917 წლის შემოდგომაზე სპ. კედიამ შეძლო ფრონტის ხაზის გადაკვეთა და განთავისუფლების კომიტეტთან შესახვედრად დანიასა და შვედეთში ჩავიდა. არანაკლებ ძნელი გამოდგა სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეული რუსეთის გზით უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნება. თბილისში ჩამოსვლისთანავე სპირიდონ კედია აქტიუარდ ჩაერთო საქართველოს ეროვნული საბჭოს საქმიანობაში, რომლის წევრადაც იგი 1917 წლის ნოემბერში დაუსწრებლად აირჩიეს.

 

1918 წლის მაისში სპირიდონ კედია მონაწილეობს ამიერკავკასია-ოსმალეთის ბათუმის საზავო კონფერენციაში, საიდანაც, როგორც ქართველი ერის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, გაიგზავნა გერმანიაში ამ ქვეყნის მთავრობასთან შესახვედრად. მოლაპარაკება საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებასა და ქართულ-გერმანული ურთიერთობების დასახვას შეეხებოდა.

 

1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის ხელმძღვანელობით 3 ივნისს გერმანიას ესტუმრა. სპ. კედია ამ დელეგაციის შემადგენლობაში მიიწვიეს და მისი მდივნობა დააკისრეს, რასაც თავი ღირსეულად გაართვა.

 

1918 წლის აგვისტოდან სპირიდონ კედა საქართველოშია. მას, როგორც ერთ-ერთი პოპულარული პარტიის ლიდერს, თავისუფალ სამშობლოში საქმიანობის ფართო ასპარეზი ელოდა. საქართველოს ეროვნული საბჭოს მეშვეობით სპ. კედიას უნარი და შესაძლებლობა საქვეყნოდ გახდა ცნობილი. ფართო ევროპულმა განათლებამ, ღრმა ერუდიციამ, აქტიურმა საპარლამენტო თუ პუბლიცისტურმა მოღვაწეობამ სპ. კედია გამორჩეულ პოლიტიკურ ფიგურად აქცია, საიმედო და ჭკვიანი პოლიტიკოსის სახელი დაუმკვიდრა.

 

1919 წლის თებერვალში ჩატარდა სქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები. სრულიად ახალგაზრდა ეროვნულ-პოლიტიკურმა პარტიამ სერიოზული წარმატება მოიპოვა, გადალახა საარჩევნო ზღვარი და 8 სადეპუტატო მანდატს დაეუფლა. ეს ფაქტობრივად მეორე შედეგი იყო სოციალ-დემოკრატების შემდეგ, რომლებმაც ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვეს და ერთპარტიული მთავრობა შეადგინეს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით.

 

საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არჩეულმა ეროვნულ-დემოკრატებმა _ სპ. კედიამ, ნ. ნიკოლაძემ, გ. გვაზავამ, ე. თაყაიშვილმა, ა. ასათიანმა, გ. ქიქოძემ, ი. მაჭავარიანმა და პ. სურგულაძემ დამოუკიდებელი ფრაქცია შეადგინეს და მმართველი უმრავლესობის – სოციალ-დემოკრატიული პარტიის მემარჯვენე ოპოზიცია ჩამოაყალიბეს.

 

ერისა და ქვეყნის წინაშე დიდი პასუხისმგებლობით გამსჭვალული სპირიდონ კედიასა და მისი მემგობრებისათვის ხელისუფლების ოპოზიციაში ყოფნას ხელი არ შეუშლია ქმედითად ჩართულიყვნენ ახალი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში.

ეროვნულ-დემოკრატიული ოპოზიცია იყო «საქმიანი და კონსტრუქციული. ის არ გაურბოდა მმართველ სოციალისტურ ძალებთან თანამშრომლობას, სადაც კი ეძლეოდა ამის საშუალება, რათა ამით შეენელებინა და შესწორებები შეეტანა რეალურ სინამდვილეს დაცილებულს და უტოპიურ გეგმებით გამსჭვალულ პოლიტიკაში», _ წერდა ალექსანდრე ასათიანი.

 

ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრები აკრიტიკებდნენ მთავრობას და მიუთითებდნენ მის შეცდომებზე განსაკუთრებით ქვეყნის თავდაცვის განმტკიცების საქმეში, საგარეო ორიენტაციის, ეკონომიკური პოლიტიკის თუ სხვა საკითხებში და სთავაზობდნენ თავიანთ ალტერნატიულ მოსაზრებებს.

პოლიტიკურ დებატებში ბადალი არ ჰყავდა სპირიდონ კედიას. იგი ჩვეული პირდაპირობით ამხელდა ხელისუფლების საქმიანობის ხარვეზებს, ებრძოდა მანკიერების გამომწვევ მიზეზებს და არა შედეგებს, უპირისპირდებოდა სოციალ-დემოკრატთა მიერ შექმნილ სისტემას და არა კონკრეტულ ფუნქციონერებს. სპირიდონი, «როგორც პოლიტიკოსი მოწინააღმდეგეს სიტყვიერად არ დაინდობდა, ულოღიკობაშიც მოიმწყვდევდა, მაგრამ ამის გარეშე მისთვის გაუგებარი იყო პიროვნული ბრძოლა, პოლიტიკური ინტრიგები, ვისიმე დამცირება» - გადმოგვცემს სოფიო ჩიჯავაძე-კედია.

 

თანამედროვენი ხაზგასმით აღნიშნავდნენ სპირიდონ კედიას გამორჩეულ მჭევრმეტყველებასა და უბადლო ორატორულ ნიჭს, რის გამოც «საქართველოს ოქროპირს» ეძახდნენ. დამფუძნებელი კრების ტრიბუნიდან მისი ნებისმიერი გამოსვლა საყოველთაო ინტერესსა და ყურადღებას იწვევდა. «სპირიდონ კედიას სიტყვა ევროპის დიდ პარლამენტში მოსმენის ღირსიაო» - ბრძანებდა ივანე ჯავახიშვილი.

 

1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკური რუსეთის აგრესიამ ბოლო მოუღო საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ განვითარებას. ოკუპირებულ და ანექსირებულ საქართველოში საბჭოთა წყობილება დამყარდა. დამხობილი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და დამფუძნებელი კრების დეპუტატთა ერთი ნაწილი ემიგრაციაში გაიხიზნა. უცხოეთს შეაფარა თავი საქართველოს არამარქსისტული პოლიტიკური ორგანიზაციების ბევრმა ლიდერმაც. სპირიდონ კედია ქართული ემიგრაციის პირველ ტალღას საზღვარგარეთ არ გაჰყოლია. ერის წინამძღოლობაზე პრეტენზიის მქონე პოლიტიკურ პარტიასა და მის მეთაურს არ შეეძლოთ უნუგეშოდ მიეტოვებინათ განსაცდელში ჩავარდნილი ხალხი და ქვეყანა. კედია საქართველოში დარჩა და დაპყრობილი სამშობლოს ხვედრი ერთან ერთად გაიზიარა.

 

ქართველი ხალხი არ შერიგებია დამპყრობელს. ბოლშევიკურ ოკუპაციასთან დაპირისპირებული ეროვნული ძალების ყველაზე თვალსაჩინო ლიდერად 1921 წლიდან სპირიდონ კედია იქცა. თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი ერის «პოლიტიკური და სამხედრო სარდლობა» ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ იკისრა.

 

ახალ რეალობაში აუცილებელი გახდა ტაქტიკის გადასინჯვა და თვით პოლიტიკური პარტიის რეორგანიზაცია. ლეგალურ საქმიანობას ახლა იატაკქვეშეთში მუშაობაც უნდა შერწყმოდა. ამ მიზნით დაარსდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედ სპირიდონ კედია იქნა დამტკიცებული.

 

სპირიდონ კედიამ შემოიკრიბა პატრიოტ სამხედროთა წარმომადგენლები და მათთან ერთად პარტიზანული რაზმების ჩამოყალიბების გეგმა განიხილა. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა, ბიძინა პირველმა, მიხეილ გვალიამ და სხვებმა ეს გეგმა მალევე მოიყვანეს სისრულეში. მთელს საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობა გაიშალა. საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის წლისთავის აღსანიშნავად ეროვნულ-პოლიტიკური ძალები 1922 წლის თებერვლისათვის მასშტაბურ საპროტესტო დემონსტრაციას ამზადებდნენ. გამოშვებულ იქნა ბროშურები, პროკლამაციები და სხვა. მაგრამ ჩეკამ წინასწარ მიიღო ზომები და ანტისაბჭოთა პარტიების თითქმის ყველა ხელმძღვანელი დააპატიმრა.

 

დააპატიმრეს სპირიდონ კედიაც, რომელიც ჯერ მეტეხის, ხოლო შემდეგ ორთაჭალის ციხეში მოათავსეს. ერთი წელი დაჰყო მან გაუსამართლებლად ბოლშევიკების საპყრობილეში, საიდანაც მხოლოდ იმ პირობით გაანთავისუფლეს, თუ საქართველოს გაეცლებოდა და უცხოეთში გაიხიზნებოდა...

1923 წლის ივნისში სპირიდონ კედიამ, სტამბოლში გარკვეული დროით დაყოვნების შემდეგ, საფრანგეთში ჩააღწია. იგი შეუერთდა ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას, რომელიც საქართველოს განთავისუფლების პოლიტიკურ თუ სხვა გზებს სახავდა და პრაქტიკული მოქმედებისათვის ემზადებოდა.

 

სპირიდონ კედიას პარიტეტული კოლეგიისა და ემიგრაციაში დაარსებული საქართველოს დამოუკიდებლობის საზღვარგარეთის დელეგაციის წევრობა დაეკისრა. ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ თავისი ლიდერი ემიგრირებულ მთავრობასთან თანამშრომლობის სრული უფლებითაც აღჭურვა. სპირიდონი გატაცებით შეუდგა მუშაობას, მაგრამ მალე მისი და სოციალ-დემოკრატიული მთავრობის გზები გაიყარა. მიზეზად 1924 წლის აგვისტოს აჯანყება იქცა, რომლის იდეასაც სპირიდონ კედია არ იზიარებდა. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ამ აჯანყების ნოე ჟორდანიასეული პოლიტიკური შეფასებაც. სპ. კედიას სიტყვით, ეს შეფასება ცხადყოფდა, რომ «მთავრობის მეთაურმა დატოვა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სარბიელი და გადაინაცვლა პარტიულ ასპარეზზე. დაუბრუნდა კლასთა ბრძოლის ქადაგებას და საბოლოოდ დაადგა... სოციალისტური იდეოლოგიის პოლიტიკას». სპირიდონ კედიამ მიზნად დაისახა «ქართველთა მთლიანობის აღდგენა ემიგრაციაში» და ერთიანი ეროვნული ფრონტის შექმნა. ამ ფრონტის შემადგენლობა და ხელმძღვანელი ბირთვი არა პარტიული წარმომადგენლობის, არამედ პიროვნებათა შერჩევის გზით უნდა ჩამოყალიბებულიყო. ეს იდეა ემიგრაციაში პარტიული განცალკევების დაძლევას და ყველა ეროვნული ძალის სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროშის ქვეშ გაერთიანებას ითვალისწინებდა. ამ სულისკვეთებით იყო გამსჭვალული მის მიერ 1925 წელს დაარსებული ჟურნალი «სამშობლოსათვის» და 1932 წელს გამოცემული გაზეთი «საქართველოს გუშაგი».

 

სამწუხაროდ, სპირიდონ კედიას იდეამ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. მეტიც, მისი თვალსაზრისი არც თანაპარტიელებმა გაიზიარეს. სამშობლოში სამ ნაწილად გაყოფის შემდეგ ხელახლა გაერთანებულმა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ შეკავშირების ნაცვლად, მცირერიცხოვან და ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფებად იწყო დანაწევრება.

 

ემიგრაციის გახლეჩას ხელს საბჭოთა ბოლშევიკური ხელისუფლებაც უწყობდა. იგი ყველა საშუალებით ცდილობდა ჩირქი მოეცხო ემიგრაციის პოლიტიკური ლიდერებისათვის. მიზანში სპირიდონ კედიაც ამოიღეს. შეეცადნენ მის გადაბირებას, სახელის გატეხას და სხვ., მაგრამ ვერას გახდნენ.

კომუნისტები ნერგავდნენ აზრს, რომ ემიგრანტობა საბჭოთა სახელმწიფოს ღალატია და იგი პოლიტიკურ და სამოქალაქო სიკვდილს ნიშნავს. სინამდვილეში ემიგრაცია პოლიტიკურადაც სიცოცხლისუნარიანი იყო და მოქალაქეობრივადაც აქტიური. ქართული ემიგრაციის ბევრ ლიდერს, მათ შორის სპირიდონ კედიას იცნობდნენ, ენდობოდნენ და აფასებდნენ დასავლეთის ანტიკომუნისტურ წრეებში. ეს უკანასკნელი თავის ურთიერთობებს და კონტაქტებს გავლენიან ადამიანებთან პირადი კეთილდღეობისთვის კი არ იყენებდა, არამედ სამშობლოს გასანთავისუფლებლად. ამ მხრივ მეტად საგულისხმოა სპირიდონ კედიას მონაწილეობა II მსოფლიიო ომის დროს გერმანიის მიერ შექმნილ ქართულ ეროვნულ კომიტეტში და სხვ.

 

ქართულ-გერმანულმა თანამშრომლობამ 1914-1918 წლებში ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგები გამოიღო, - გერმანია საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტად იქცა. კაიზერ ვილჰელმ II-ისაგან განსხვავებით, ჰიტლერმა არ გაიზიარა საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენის გეგმა, რომელსაც ქართული ეროვნული კომიტეტი და მასთან დაკავშირებული გერმანელი მაღალჩინოსნები, - სამხედროები თუ პოლიტიკოსები ერთობლივად ამზადებდნენ.

 

სპირიდონ კედიამ ოჯახი ჯერ კიდევ თბილისში შექმნა, ცოლად ქართული გიმნაზიის გამგე, ახალგაზრდა პედაგოგი სოფიო ჩიჯავაძე შეირთო. მათი ერთადერთი ქალიშვილი თეოც 1921 წელს თბილისში დაიბადა. სამშობლოდან გაძევებულ სპირიდონს ცოლ-შვილი საქართველოში დაატოვებინეს. დედა-შვილმა მხოლოდ 1928 წელს მოახერხა პარიზში ჩასვლა და სპირიდონ კედიასთან შეერთება.

 

ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის ოჯახმა საფრანგეთში ხელმოკლედ, მაგრამ ღირსეულად იცხოვრა. ეს პატარა ქართული კერა დღესაც არსებობს პარიზის შუაგულში. 20-30-იან წლებში ოჯახის არსებობის ერთადერთი სახსარი გიორგი მაჩაბლის პარფიუმერულ კომპანიაში სპირიდონ კედიას საქმიანობიდან მიღებული გასამრჯელო იყო. სპირიდონს, როგორც გ. მაჩაბლის კომპანიონს, შეეძლო ცხოვრება უკეთ მოეწყო, მაგრამ ამ ზნეობრივად უმწიკვლო კაცმა მაჩაბლის მემკვიდრეებისაგან ოფიციალურად კუთვნილიც კი ვერ მიიღო. სპირიდონ კედიას მთელი ცხოვრების არსი თავისუფალი სამშობლო და მისი კეთილდღეობა იყო. სხვა საფიქრალი, სხვა საზრუნავი მას არც საქართველოში და არც უცხოეთში არ ჰქონია. სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან საქართველო კვლავ აღიდგენდა დამოუკიდებლობას, რომ თვითონ თუ ვერ მოესწრებოდა ხუნდებაყრილი მამულის ხილვას, მისი მემკვიდრეობა მაინც არ დარჩებოდა გარიყული.

 

საქართველოს დიდი ჭირისუფალი და მოამაგე სპირიდონ კედია 1948 წელს 64 წლის ასაკში ისე გარდაიცვალა, რომ სამშობლოსთან კვლავ შეხვედრის ბედნიერება აღარ ღირსებია. მაგრამ მისი იმედი და რწმენა გამართლდა. საქართველომ გაუძლო განსაცდელს, შეინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და კიდევ ერთხელ დაიბრუნა საკუთარი სახელმწიფოებრიობა.

 

 

წყარო: სპირიდონ კედია მასალები პირადი არქივიდან. – თბ. – 2007.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ