21 ივლისი – დაიბადა დავით გურამიშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-06 10:34:41

დავით გურამიშვილი, შთამომავლობით თავადიშვილი, დაიბადა 1705 წელს 21 ივლისს (ძვ. სტ.). საგურამოს ზედა ნაწილში  (გორის უბანი, ყოფილი თეზმის ხევი). ბიოგრაფიული მონაცემები დ. გურამიშვილის შესახებ ძუნწი და ნაკლებადმეტყველია.

დ. გურამიშვილი პირველი ქართველი პოეტია, ვინც შემოქმედების ძირითად თემად ავტობიოგრაფია გაიხადა.              

მომავალი პოეტი, მაშინდელი წესისამებრ, ადრევე გაუძიძავებიათ – ღმუილაანთ მიხა ყოფილა ის ბედნიერი, რომელსაც წილად ხვდა, აღეზარდა საქართველოს მომავალი პოეტი. სწორედ მომავალი პოეტის ბავშვობისა და ყრმობის წლებს ემთხვევა ვახტანგ VI-ის მეფობის წლები. იგი აღიზარდა სულხან–საბას, ვახტანგ VI–ის და სხვა ქართველ განმანათლებელთა ტრადიციებზე.

 

15 წლისა იყო, როცა ვარდობისთვის დასაწყისში (6 მაისი) მამა პავლემ დავითი სვეტიცხოველში წაიყვანა გიორგობის დღესასწაულზე. დავითი ცხენზე შემჯდარა. მამაო – ჯორზე. გზაში გუგულს გადაუფრენია თავზე. მამაოს უთქვამს: მტაცებელი ფრინველის თავზე გადაფრენა ცუდად მაქვს დაცდილი და უკან დავბრუნდეთო, მაგრამ დავითი თურმე ვერ დაიყოლია. სვეტიცხოვლიდან საგურამოში ჩამოსულმა დავითმა შეიტყო ბიწმენდის მონასტერზე ლეკთა გუნდის თავდასხმის შესახებ და საგურამოელ მდევრებთან ერთად ისეც ბიწმენდისკენ გაეშურა თავისი თეთრონით. ლეკებს ემსხვერპლა დავითის პირველი სიყვარული ცისიერი. თვითონ დავითი 1727 წელს გაიტაცეს ლამისყანიდან ლეკებმა – გურამიშვილის მოყვრები,გარაყანიძეები  ყანის მოსამკალად ემზადებოდნენ, მამითადისათვის თადარიგის დაჭერა დავითს დაავალეს. იგი ორი კაცითურთ დილიდანვე შედგომია სამზადისს. ანკარა წყაროსთან მუშახელის მოლოდინში მყოფ დავითს იარაღი მუხის ძირში მიუყუდებია და წყაროზე პირის დასაბანად ჩასულა. ამას ელოდა ლეკების კბილებამდე შეიარაღებული რაზმი, პოეტის გადმოცემით თხუტმეტი კაცი. ისინი ისე სწრაფად და მოულოდნელად დაესხნენ დავითს, რომ წინააღმდეგობის გაწევა ვერც მოასწრო. გაუტაცნიათ დაღესტნის მიმართულებით, ჩაუყვანიათ ოსოქოლოში. აქ გამოვლილი საშინელებანი პოეტმა ჯოჯოხეთის ცეცხლში წვას – "გენიას" შეადარა. სცადა გაპარვა, მაგრამ შეუპყრიათ და მეტად უწამებიათ – "გავიპარე, დამიჭირეს:  "რად წახველო?" დამაპანღურეს" – იგონებს პოეტი. პოეტის მეორედ გაპარვა შედეგიანი აღმოჩნდა. ორი დღის ხეტიალის შემდეგ მიაღწია ყაზახ–რუსთა სოფელს. მფარველი რუსი მეგობრების ხელშეწყობით, თერგი–ასტრახანის გზით 1729 წელს მოსკოვში ჩავიდა, იყო ვახტანგ VI-ის კარზე. 1737 წელს ვახტანგ VI გარდაიცვალა ასტრახანში. დავითისათვის სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრი უნიადაგო ოცნება იყო. მან "ქართველთა კოლონიის უმრავლესობის" მსგავსად აღიარა რუსეთის ქვეშევრდომობა. ფიცის მიღების შემდეგ დაენიშნა ჯამაგირი. მამულები ქართველების ერთ ნაწილთან ერთად დავითს უკრაინაში ერგო – მირგოროდსა და ზუბოვკაში. 1738–1760 წლებში დავითი მონაწილეობდა ოსმალეთის, შვეციისა და პრუსიის წინააღმდეგ რუსეთის ლაშქრობებში. პრუსიასთან 7 წლიან ომში ტყვედ შეუპყრიათ და 1759 წლის დეკემბრამდე მჯდარა მაგდებურგის ციხეში, საიდანაც დასნეულებული დაბრუნებულა და პორუჩიკის ჩინით სამხედრო სამსახურისათვის თავი დაუნებებია. მამული მას გაპარტახებული დახვედრია. ახალგაზრდა მეუღლესთან ტატიანა ვასილის ასულ ავალიშვილთან ერთად მოუწესრიგებია გაჩანაგებული სახლ–კარი და საბოლოოდ დამკვიდრებულა უკრაინაში, სადაც იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.

 

1787 წელს უკრაინაში, კრემენჩუკში, პოტიომკინის კარზე იმყოფებოდა საქართველოს ელჩი ერეკლე II–ის ვაჟის, მირიან ბატონიშვილის მეთაურობით. დავითმა უძღვნა მას თავისი "პირმშო – დავითიანი". ამ ბედნიერი შემთხვევის წყალობით გაიკვლია "დავითიანმა" გზა მშობლიური ქვეყნისაკენ.

 

დავით გურამიშვილის პოეტური კრებული მრავალჯერაა გამოცემული. "დავითიანი" მთლიანადაა თარგმნილი რუსულ და უკრაინულ ენებზე, ხოლო ცალკეული თხზულებანი მსოფლიოს ხალხთა ენებზე.

 

დავით გურამიშვილი გარდაიცვალა 1792 წელს 21 ივლისს (ძვ. სტ.) 87 წლისა. მისი ნეშტი დაუკრძალავთ ქალაქ მირგოროდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში.                1948 წელს დავით გურამიშვილის საფლავს ეწვია ქართველ მწერალთა და ლიტერატორთა დელეგაცია. მშობლიური ქვეყნის მიწა, რომელსაც მთელი სიცოცხლე ნატრობდა პოეტი, მთრთოლვარე ხელით დააყარა შალვა დადიანმა – მიწა მთაწმინდისა, რომელიც აღებული ჰქონდა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერათლისა და ვაჟა–ფშაველას საფლავებიდან.

 

წყარო: მარინა გაბუნია–გოგოლაძე. – მწერალთა ბიოგრაფიები. – თბ. – 2004.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ