21 ივნისი – დაიბადა აკაკი წერეთელი
დამატების თარიღი: 2013-03-05 10:33:38

აკაკის ლიტერატურული დებიუტი შედგა 1858 წელს ჟურნალ "ცისკრის” ფურცლებზე, როდესაც დაიბეჭდა მის მიერ თარგმნილი მ. ლერმონტოვის "რტო პალესტინისა”, მაგრამ მის პირველ ორიგინალურ ლიტერარურულ ქმნილებად ითვლება 16 წლის ასაკში, 1856 წელს დაწერილი ბრწყინვალე ლექსი "კანდელისადმი”, რომელიც, ჩვენი აზრით (ავტ.), თავისი პოეტური ღირსებებით გაცილებით მაღლა დგას "ცისკრის” პირველ პუბლიკაციებზე და თავისი მხატვრული ფორმითა და ენის სისადავით წარმოადგენს ერთგვარ გასაღებს აკაკის მთელი შემდეგდროინდელი დიადი პოეზიისა.

 აი, რას გვიამბობს თვითონ აკაკი ამ ლექსის შექმნის ისტორიის შესახებ 1876 წელს გაზეთ "დროებაში” გამოქვეყნებულ "მაქოობაში”: "ამ ოცის წლის წინეთ (1856), იმ ხანში ვიყავი, როცა ადამიანი ყმაწვილობიდან ჭაბუკობაზედ გადადის; იმ დროს გული არის მბრძანებელი თავისა. ზურმუხტ–ოცნებით შეკმაზული სხვა დასხვა გვარი ფიქრები და მრავალ–გვარი გრძნობები რას არ მოაქმედებინებენ ახალ–გაზდას?! მცირე მიზეზი ალომ–არწივებს და მცირევე აჭიანჭველებს გამოუცდელ რაინდს.

მეც ისე  მომდიოდა. და ერთხელ, არ ვიცი რამ მომცა მიზეზი, მაგრამ ისე კი გავიმსჭვალე, რომ წმინდის გულით შემდეგი სიტყვები დავამღერე ჩემს ჩანგს:

 

"გაბრწყინდი, ჩემო კანდელო,

მინათლე ბნელი ღამისა!..

მინათლე, რადგანც დაგირჩა

სინათლე მცირეს ჟამისა!..

ჩემი სიცოცხლეც შენსავით

იწვის და თან–და–თან სდნება;

წარსრული აღარას მარგებს,

მომავალი მენანება!

და მაშ, შენც ჩემო სიცოცხლე,

რადგანც მშორდები ხვალისად,

დღეის დღე მაინც მილხინე,

რომ დრო ვატარო ხალისად!

გაბრწყინდი, ჩემო კანდელო,

მინათლე ბნელი ღამისა!..

რადგან ავეღამ სიცოცხლემც

შვება მცეს მცირე ჟამისა!..”

 

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრი მითქვამს დაბევრიც დამიწერია; მაგრამ მათგანი მეასედიც აღარ მახსოვს და ეს ერთი, ეს პირველი ლექსი კი, პირველ–სიყვარულივით, სიკვდილამდე დაუვიწყრად დაებეჭდა ამ ჩემს გულს!..”("სახალხო ფურცელი”, 1915,№227, №230).

ამგვარად, 16 წლის ჭაბუკი აკაკი 1856 წელს ანთებული კანდელით შემოვიდა ქართულ პოეზიაში, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე იწვოდა და ჩაუქრობლად ანათებდა მრავალსაუკუნოვანი ქართული პოეზიის პარნასს, ახალი სხივით და ელვარებით აბრწყინებდა მას!

 

  

წყარო: გ.შარაძე, აკაკი წერეთელი. ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება. თბილისი, 2006.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ