22 აპრილი – დაიბადა ელგუჯა ამაშუკელი
დამატების თარიღი: 2013-02-25 11:32:12

ამაშუკელი ელგუჯა დავითის ძე - მოქანდაკე, მხატვარი. დაიბადა 1928 წლის 22 აპრილს თბილისში.

საშუალო განათლების მიღების შემდეგ 1946 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფალულტეტზე. აკადემიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, სადაც სამუშაო თემად ჰქონდა ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი. 1958 წელს მონაწილეობა მიიღო თბილისის დამაარსებლის, ვახტანგ გორგასლის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში და მიიღო პირველი პრემია. ძეგლი დაიდგა თბილისში, მეტეხის მოედანზე.

 

ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია, ძირითადად მონუმენტალისტია. ხშირად მიმართავს სიმბოლოებს და ალეგორიებს. მის შემოქმედებაში ნათლად აირეკლა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესები.

 

1965 წელს ქანდაკებისათვის "ქართლის დედა" მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. 1969 წელს ელგუჯა ამაშუკელმა გაიმარჯვა ბულგარეთის სახელმწიფოს დამაარსებლის ხან ასპარუხის ძეგლის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში და მის მიერ შექმნილი ქანდაკება დაიდგა სოფიაში. იგი ავტორია საქართველოში დადგმული არაერთი ქანდაკების. მის ნამუშევარს "დედა ენა" მიენიჭა ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია (1985) და "დავით აღმაშენებელი" საქართველოს სახელმწიფო პრემია. მონუმენტური ქანდაკებების გარდა აღსანიშნავია მისი რელიეფური კომპოზიციები თბილისის დასავლეთ და აღმოსავლეთ შემოსავლებთან. "რუსთაველის" და "აკაკი წერეთლის" მეტროპოლოტენის  სადგურების მხატვრული გაფორმება. აღსანიშნავია მისი ნამუშევრები ფერწერის, გრაფიკის და წიგნის მხატვრობის დარგში. ავტორია წიგნებისა: "წერილები ხელოვნებაზე" (1984). "მეექვსე გრძნობა" (1987), "დრო შემოქმედი" (2000).

 

მინიჭებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვრის (1965), საქართველოს სახალხო მხატვრის (1984-89) წოდებები, იყო სსრკ მხატვართა კავშირის მდივანი (1984-89). რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988), "საპატიო ნიშნის", შრომის წითელი დროშის, ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალერი, საბჭოთა კავშირისა და ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.

 

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1981 წელს.

 

გარდაიცვალა 2002 წლის მარტში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

 

წყარო: თბილისის საპატიო მოქალაქეები. – თბ. 2006.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ