22 ნოემბერი – დაიბადა ივანე კერესელიძე
დამატების თარიღი: 2013-03-15 10:11:22

კერესელიძე ივანე ივანეს ძე (1829–92) (ფსევდონიმები: "ალგეთელი", "ბიძია დონიკე", "თავხედი", "ი.კ.", "კუდაბზიკაძე", "მოლაყბე"), პირველი ქართველი პროფესიონალი ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, რედაქტორ– გამომცემელი.

 

1850 დაამთავრა თბილისის I გიმნაზია, სადაც დაიწყო ლექსების წერა, გაეცნო ბეჭდვის საქმეს, მონაწილეობდა დრამ. დასის საქმიანობაში, 1851 სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა მიიწვია ზუგდიდში შვილების აღმზრდელ–მასწავლებლად და გულუხვადაც დაასაჩუქრა; ეს ქონება კერესელიძემ ქართული კულტურის სასარგებლოდ გამოიყენა. თბილისში დაბრუნებულმა კერესელიძემ დაიწყო ბრძოლა თეატრის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ – 1856 თეატრმა არსებობა შეწყვიტა. ლიტერატურული ჟურნალის დაარსებაზე კერესელიძე გიმნაზიაში სწავლის დროიდან ოცნებობდა, ხოლო 1853–იდან სათავეში ჩაუდგა ფართო მოსამზადებელ საზოგადოებრივ მოძრაობას. რამდენიმე წლის დაჟინებული ცდის შედეგად შეძლო მოეპოვებინა ჟურნალის გამოცემის ნებართვა, რომელიც ოფიციალურად გ. ერისთავის "ცისკრის" განახლებული გამოცემა უნდა ყოფილიყო, ფაქტობრივად კი სრულიად განსხვავებული ახალი ტიპის ჟურნალი გამოვიდა, რომლის უცვლელი რედაქტორ–გამომცემელი 18 წლის განმავლობაში (1857–75) თავად იყო. კერესელიძე უაღრესად ნაყოფიერი მწერალი იყო, რადგან იძულებული იყო ძალიან ბევრი ეწერა თავისი ჟურნალის შესავსებად. ზოგიერთი მისი ლექსი პატრიოტულ–სოციალური ლირიკის შესანიშნავი ნიმუშია, მაგ: "შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი", "ჩემო თვალის სინათლევ", რომლებიც პოპულარულ სიმღერებად იქცა, მან ერთგვარი წვლილი შეიტანა აგრეთვე დრამატურგიისა და პროზის განვითარებაში, ხოლო როგორც პუბლიცისტი, იგი ფელეტონის მამამთავრად ითვლება საქართველოში (მაგ; "სალაყბო ფორცლები", "მგზავრის წიგნები" და სხვა). კერესელიძე მიზნად ისახავდა ბატონყმობის იდეურ–ზნეობრივი საფუძვლების გაკიცხვას, ცდილობდა მკითხველისათვის დაენახვებინა გლეხთა ადამიანური ღირსებანი. ჟურნალ "ცისკრის" დამატებიდან გამოყო დამოუკიდებელი ჟურნალი "გუთნის დედა" (1873), უშვებდა გაზეთ "ცისკარს" (1887), 70–იანი წლებიდან კერესელიძის მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა. ჟურნალი "ცისკარი" დროის მაჯისცემას ჩამორჩა, იგი ცხარე პოლემიკის სარბიელი გახდა. კერესელიძეს ჟურნალის შესანარჩუნებლად განუწყვეტლად უხდებოდა ჩადგომა ძველ და ახალ თაობებს შორის, რითაც ბევრი პირადი მტერი გაიჩინა. მისი მძიმე მოღვაწეობის ზნეობრივი საფუძველი იყო ღრმა პატრიოტული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისში არის ივანე კერესელიძის ქუჩა.

 

 

წყარო: ქე.–თბილისი.–ენციკლოპედია.–თბ.–2002

 

 

*** 

 

"ჩვენში იტყვიან ჩემს ხელში დაიბადაო და ჩემს ხელში გაიზარდაო. ისე, კერესელიძე ჩემს თვალწინ თითქმის ასე იყო. შევხედავდი ყმაწვილ ბიჭს, რომ ხშირად ხელში წიგნი ეჭირა და გულმოდგინედ სწავლობდა, დავიძახებდი: ისწავლე, შენმა გაზრდამ, ეგ ბევრს კარგს მოგცემს" – წერდა ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორის ივანე კერესელიძის შესახებ ალექსანდრე ორბელიანი, რომლის ოჯახმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მომავალი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჩამოყალიბებაზე.

ივანე კერესელიძე დაიბადა 1829 წელს ოდიშში ჩასახლებული რაჭველი გლეხის იოანე კერესელიძის ოჯახში, რომელიც თბილისში ვახტანგ ორბელიანთან დამდგარა შინამოსამსახურედ.

იოანეს გარდაცვალების შემდეგ, ოჯახს პატრონობდა თეკლა ბატონიშვილი. მისი პროტექციითა და მფარველობით, 1850 წელს ივანემ წარმატებით დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი, მაგრამ აზნაურობის დამადასტურებელი სიგელის უქონლობის გამო, დიპლომი ვერ აიღო. ამის გამო სახელმწიფო სამსახურიც ვერ მიიღო და დიდი სიხარულით დათანხმდა სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის მიწვევას ზუგდიდში მისი შვილების აღსაზრდელად.

მრავალმხრივ სასიკეთო აღმოჩნდა ახალგაზრდა მწერლისათვის ზუგდიდში გატარებული წლები, დადიანების უმდიდრესი ბიბლიოთეკით სარგებლობა. დიდი სკოლა იყო დადიანების სტუმრებთან, ქართული საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებთან ურთიერთობა. ეკატერინე და ნინო ჭავჭავაძეების წყალობით გაეცნო ალექსანდრე ჭავჭავაძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიას და მათი პირველი პროპაგანდისტიც თვითონვე გახდა "ცისკარში".

თუ რამდენად ახლოს იყო ივანე კერესელიძე სამეგრელოს დედოფალთან, მოწმობს ფერწერული პორტრეტი, რომლის ავტორია ეკატერინე ჭავჭავაძე.

პორტრეტის აშკარად ეტყობა მხატვარ გიორგი მაისურაძის გავლენა. ეს ალბათ ბუნებრივიცაა, ვინაიდან 1837 წლამდე, სანამ ალექსანდრე ჭავჭავაძე მხატვარს ყმობიდან გაათავისუფლებდა და პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში გაგზავნიდა, მის შვილებს ასწავლიდა ხატვას.

გადმოცემის მიხედვით, არანაკლებ საინტერესო მხატვარი გახლდათ ნინო ჭავჭავაძეც, რომლის ნახატებიც, სამწუხაროდ არ შემონახულა.

 

წყარო: ომეგა. – N 2. - თბ. – 2002.    

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ