23 ნოემბერი – დაიბადა ირაკლი აბაშიძე
დამატების თარიღი: 2013-03-15 10:09:10

აბაშიძე ირაკლი ბესარიონის ძე _ მწერალი და საზოგადო მოღვაწე, პოეტი-აკადემიკოსი. დაიბადა 1909 წლის 23 ნოემბერს, დაბა ხონში.

 

1931 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტი. იყო ჟურნალ "ჩვენი თაობის” (1938-39) და "მნათობის” (1946-53) რედაქტორი. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს: იყო გამგეობის პსუხისმგებელი მდივანი (1939-44), თავმჯდომარე (1953-67). საქართველოს მეცნ. აკად. პრეზიდიუმთან არსებული ვეფხისტყაოსნის აკად. ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე (1963-85), ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი (1966-1992). საქართველოს მეცნ. აკად. ვიცე პრეზიდენტი (1970-76).

 

პირველი ლექსები დაიბეჭდა 1928-29 წლებში სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში. 1931 წელს გამოსცა ლექსების პირველი წიგნი. 50-60-იან წლებში ი. აბაშიძემ იმოგზაურა ინდოეთში, 1960 წელს მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციაში. ამ მოგზაურობების შედეგად შეიქმნა ლექსების წიგნი "რუსთაველის ნაკვალევზე”, რომელიც აერთიანებს ციკლებს "მწველ ინდოეთში” (რომელსაც, წიგნთან "ინდოეთის გზებზე” ერთად მიენიჭა ჯ. ნერუს სახელობის პრემია, 1972), 1965 წელს ირაკლი აბაშიძემ დააფუძნა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია და დაინიშნა კომიტეტის პირველ თავმჯდომარედ. იმავე წელს მიენიჭა შ. რუსთაველის სახელობის პრემია ციკლისათვის "პალესტინა, პალესტინა!”. ი. აბაშიძე არის გ. ტაბიძის პრემიის ლაურეატი (1987), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1988), სოციალისტური შრომის გმირი (1979), სომხეთის სსრ კულტურის დამსახურებული მოღვაწე (1979). ი. აბაშიძე მრავალი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილის ავტორია. თარგმნილი აქვს ა. პუშკინის, ა. მიცკევიჩის, ი. ვაზოვის, ვ. მაიაკოვსკის და სხვათა ნაწარმოებები. მისი ლექსები თარგმნილია სხვადასხვა უცხოურ ენებზე. დაჯილდოებული იყო სამი ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენით და "საპატიო ნიშნის” ორდენებით, მედლებით. იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, სსრკ უმაღლესი საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი. 1988 წელს გახდა საქართველოს შ. რუსთაველის საზოგადოების პირველი თავმჯდომარე.

 

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1980 წელს.

გარდაიცვალა 1992 წლის იანვარში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

 

წყარო: თბილისის საპატიო მოქალაქეები. – თბ. 2006.

 

***

 

ირაკლი აბაშიძე ახლო ურთიერთობაში იყო პაოლო იაშვილთან და ტიციან ტაბიძესთან. ესენიც პატივს სცემდნენ მას, აფასებდნენ მის ნიჭს და ახალისებდნენ. ერთხელ სამივე დაუპატიჟია ვახშმად ცნობილ მშენებელს –ვლადიმერ ჯიქიას. კარგად მოულხენიათ. პაოლო და ტიციანი გატაცებით კითხულობდნენ თავიანთ ლირიკულ ლექსებს. ირაკლისთვისაც უთხოვიათ ლექსის წაკითხვა. შემდგომში ირაკლი აბაშიძე სიცილით იგონებდა ამ ამბავს: იმხანად ახლად დაწერილი ლექსი ჰქონია ობლიგაციისადმი მიძღვნილი და სწორედ ეს ლექსი წაუკითხავს დიდი რიხით. ვლადიმერ ჯიქიას შეუქია, მერე პაოლოს და ტიციანს მიბრუნებია და უთქვამს: აი, ლექსი ეს არის, აბა თქვენ სიყვარულზე რომ წერთ, ის რა ლექსებიაო. მომიახლოვდიო, უთქვამს ირაკლისათვის, ირაკლი ცოტა დაბნეული მისულა ბატონ ვლადიმერთან. ამ უკანასკნელს ხელი ჩამოურთმევია, ახლოს მიუზიდავს და ყურში უთქვამს: ბიჭო, ობლიგაცია რამ შეგაყვარაო...

 

წყარო: მეტრეველი როინ, ის კაცი იყო..., თბ., 1999

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ