23 ოქტომბერი – დაიბადა თამაზ გამყრელიძე
დამატების თარიღი: 2013-03-13 11:01:05

გამყრელიძე თამაზ ვალერიანის ძე _ ენათმეცნიერი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა 1929 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისში.

 

1952 წელს დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ფილოლოგიის განყოფილება სემიტოლოგიის სპეციალობით. ეწევა სამეცნიერო პედაგოგირ მოღვაწეობას. 1973 წლიდან აკადემიკოს     გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსიტიტუტის დირექტორია. 1966 წლიდან სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის კათედრის გამგე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974, წევრ-კორესპონდენტი 1967), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1984, წევრ-კორესპონდენტი 1979). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1979). ქსე და ქე მთავარი სამეცნიერო საბჭოს წევრი. 1956 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ”ხეთური ენის პროინდოევროპული ელემენტები”, 1960 წელს სადოქტორო _ ”ხეთური ენა და ლარინგალური თეორია”.

 

გამყრელიძე იკვლევს აღმოსავლეთმცოდნეობისა და თეორიული ენათმეცნიერების, ძველი აღმოსავლური ენების, ინდოევროპული, სემიტური და ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიის საკითხებს. მან გადაჭრა ხეთური ენის ინდოევროპულ ენებთან მიმართების სადავო საკითხი. ხეთოლოგიურ ნაშრომთაგან მნიშვნელოვანია აგრეთვე გამოკვლევები ხეთური სოლისებრი დამწერლობის წარმოშობისა და ხეთური კონსონანტიზმის ინდოევროპულ კონსონანტიზმთან მიმართების შესახებ. ქართველოლოგიურ ნაშრომთაგან აღსანიშნავია ”სიბილანტთა შესატყვისობანი და ქართველურ ენათა უძველესი სტრუქტურის ზოგი საკითხი” (1959). ”სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში” (1965, გ. მაჭავარიანის თანაავტორობით), რომელშიც აღდგენილია საერთოქართველური ენობრივი სისტემის ძირითადი სტრუქტურული მოდელები, ”წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა, ანბანური წერის ტიპოლოგია და წარმომავლობა” (1989, ა.შანიძის რედაქტორობითა და წინასიტყვაობით). ვ. ივანოვთან ერთად ავტორია ე.წ. გლოტარული თეორიისა, რომელშიც მოცემულია ინდოევროპული კონსონანტური სისტემის ახალი ინტერპრეტაცია. ამ საკითხზე კვლევა-ძიება შეჯამებულია ორტომიან ნაშრომში.

 

თ. გამყრელიძის ნაშრომები გამოცემულია უცხოურ ენებზეც. 1987 წელს დაინიშნა ცენტრალურ საენათმეცნიერო ორგანოს ჟურნალის მთავარ რედაქტორად.

 

გამყრელიძე არის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი, ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი საპატიო წევრი, ბრიტანეთის აკადემიის, ავსტრიის მეცნიერებათა აკდემიის უცხოელი წევრი, ევროპის ლინგვისტური საზოგადოების წევრი. იყო ამ საზოგადოების პრეზიდენტი (1986-87), ინდოევროპული საზოგადოების საპატიო წევრი, ბონისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. არის ჰუმბოლდტის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი (გფრ, 1989), ივ. ჯავახიშვილის პრემიის ლაურეატი. 1998 წელს დაჯილდოვდა ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის "ღირსების ოქროს მედალი 2000”-ით, რომელიც გაიცემა ბოლო ასი წლის მანძილზე სხვადასხვა სფეროში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისათვის.

1979 წელს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით დაჯილდოვდა ხალხთა მეგობრობის ორდენით. 1996 წელს გახდა ჟ. შარტავას სახელობის პრემიის პირველი ლაურეატი. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.

 

2000 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

 

წყარო: თბილისის საპატიო მოქალაქეები. თბ. – 2005.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ