24 აგვისტო – დაიბადა გიორგი ცაბაძე
დამატების თარიღი: 2013-03-11 11:33:36

გიორგი ცაბაძე  დაიბადა თბილისში 1924 წლის 24 აგვისტოს. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საკომპოზიტორო კლასი.

1956-75 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის საესტრადო მუსიკალური განყოფილების გამგე.1976 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწოდა საცირკო-საესტრადო სასცავლებელში. საქართველოს სახალხო არტისტი (1973).

1983 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. მისი პირველი სიმღერა იყო ”მარი” - რომელსაც ასრულებდა მერი შილდერი. ამას მოჰყვა უამრავი შედევრი. 50-იან წლებში კომპოზიტორი გასაოცარი სისწრაფით ქმნიდა ერთმანეთზე უკეთეს ნაწარმოებებს. არ არსებობდა მომღერალი, რომლის რეპერტუარშიც არ იყო ცაბაძის სიმრერა: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, ანსამბლი ”ორერა”. გოგი ცაბაძე სამართლიანად ითვლება ქართული ოპერეტის ფუძემდებლად: ”სიმღერა სიყვარულზე”, ”ახალი სიმღერა”, ”შავი ზღვა და თეთრი ღამეები”, ”შესანიშნავი სამეული” და ”ჩემი შეშლილი ხმა” იდგმებოდა მოსკოვში. ეს იყო შეკვეთილი სპექტაკლები, რომლებიც საკავშირო პრემიით დაჯილდოვდა. რუსულად ითარგმნა და მოსკოვის სცენაზე დაიდგა ”სანამ ურემი გადაბრუნდება” და ”იტალიური რომანი”. ბოლო წლებში თბილისის მუსკომედიის თეატრის სცენაზე დიდი წარმატებით იდგმებოდა ”(?) ქორწილი” და ”მეტეხის ჩრდილში”. გოგი ცაბაძის ბოლო ნამუშევარი იყო ”100 წელიწადში ერთხელ”, რომლის დამთავრებაც მან ვეღარ მოასწრო და ეს მისია წილად ხვდა კახა ცაბაძეს. გოგი ცაბაძეს დიდი წვლილი მიუძღვის ”ქართული ფილმის” ისტორიაშიც. ”მხიარული რომანი” და ”ვერის უბნის მელოდიები” ჩვენი კინოხელოვნების ულამაზესი მარგალიტებია. გოგი ცაბაძე იყო საქართველოს სახალხო არტისტი, კომკავშირის პრემიის ლაურეატი...

ქ. გორი გიორგი ცაბაძის უსაყვარლესი ადგილი იყო. 1984 წელს მას 60 წელი შეუსრულდა. ონებობდა, მეგობრებთან ერთად ეს იუბილე გორში გადაეხადა. ოცნება მხოლოდ ორი წლის შემდეგ აუხდა. ხალხით სავსე თეატრში სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ მომღერლები. საღამო სითბოთი და სიყვარულით იყო სავსე. ბოლო სიმღერა გოგი ცაბაძემ იმღერა... ზოგი ასეთ სიკვდილს ბედნიერებად თვლის, შეიძლება ეს მართლაც ასე იყოს. შემოქმედი ბოლომდე დაიწვა თავისი ხალხისათვის, და გულმაც მეტს ვეღარ გაუძლო. ეს მოხდა 1986 წლის 30 ნოემბერს. დარბაზში ჯერ ისევ ოვაციები ისმოდა, კულისებში გასულ ცაბაძეს კი გულმა მაინც უღალატა.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ