24 ივლისი – დაიბადა ალექსანდრე დიუმა
დამატების თარიღი: 2013-03-06 10:29:39

"ნაშუადღევის ორი საათი იქნებოდა, – წერს მწერალი, – როდესაც ჩვენმა მეეტლემ ერთი მთის მწერვალიდან დაგვანახა მოლურჯო ორთქლი, რომელშიაც ძვლივს გავარჩიეთ რამდენიმე პატარა თეთრი წერტილი, და გვითხრა:

აი, თბილისიც,

                ისე გამიკვირდა, თითქოს ვინმეს ეთქვას, "აი, სატურნი, ან აი, მერკურიო". ჩვენ უკვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ თბილისი ისეთი პლანეტაა,რომელსაც ვერასდროს ვეღარ მივაღწევთ... ნუთუ ეს თბილისი, ეს ქართული სამოთხე, რომელსაც ამდენ ხანს ველოდით, მხოლოდ ოცნებაში დარჩა? – მაგრამ აი, სიხარულისაგან შევყვირეთ. გზის გადაღმა, უფსკრულის სიღრმეში ბობოქრობს მტკვარი. მთის ფერდობებზე კი იარუსებად გაშლილიყო და მდინარის ნაპირებამდე ეშვებოდა ქალაქი, თავისი სახლებით მსგავსი დაწიოკებული ჩიტების გუნდისა ... როგორც იქნა, მივედით თბილისში. ახლა, დანახულის მიხედვით, უკვე შეგვეძლო გვეთქვა, თბილისი ამართლებდა ჩვენ მიერ შექმნილ წარმოდგენას".

                ა. დიუმამ საქართველოში ორი თვე და შვიდი დღე დაჰყო. ამ ხნის განმაცლობაში მან მოიარა დედაქალაქის ყველა კუთხე–კუნჭული, იყო აბანოში, თეატრში, ესტუმრა ქართულ ოჯახს და შთაბეჭდილებებით დამუხტულმა თბილისშივე დაიწყო წიგნის "კავკასიის" წერა. მწერალი საქმის ცოდნითა და მასპინძელი ქვეყნის სიყვარულით აღწერს მის ბუნებას, ტრადიციებს, ღირშესანიშნაობებს, თბილისს, თბილისურ გასტრონომს ... აღფრთოვანებას ვერ მალავს თბილისის თეატრის, თბილისური აბანოს აღწერისას.          

                თბილისის თეატრის აღწერისას მწერალი გაოცებას ვერ მალავს: "უნდა გამოვტყდე, რომ ვესტიბიულში შესვლისთანავე განცვიფრებაში მომიყვანა ორნამენტების სადა და დახვეწილმა სტილმა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს პომპეუსის თეატრის ვესტიბიულში შევედი. ზემოთ, ფოიეში, ორნამენტი არაბული  ჩუქურთმით შეიცვალა. შევედი დარბაზში, რომელიც ფერიათა სასახლე გეგონებოდათ, არა მისი მდიდრული მორთულობით, არამედ იმით, რომ უფაქიზესი გემოვნებითაა შესრულებული. შესაძლებელია, იქ სულ ასი მანეთის ვარაყიც კი არ არის დახარჯული, მაგრამ უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ თბილისის სათეატრო დარბაზისთანა თვალწარმტაცი დარბაზი ჩემს სიცოცხლეში არსად მენახა".

                ჩამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ალექსანდრე დიუმა ჟურნალ "ცისკრის" რედაქციაში მიიწვიეს. საპატიო სტუმარს დაათვალიერებინეს სტამბა და სახელდახელო ბანკეტიც გაუმართეს. ეს ამბავი ჟურნალმა მკითხველსაც აუწყა.

                თბილისში მწერალი გატაცებით აგროვებდა ქართულ თოფ–იარაღს, ტანსაცმელს, ეთნოგრაფიულ ნივთებს. ცხოვრებით კი იგი ცნობილი ქველმოქმედის ზუბალაშვილის სახლში ცხოვრობდა.

                დედაქალაქს დიუმა 1859 წლის 11 იანვარს გამოეთხოვა: "ჩემი თბილისი! მე მას გულის სიღრმიდან უნაზესი მშვიდობა ვუსურვე – იქ ხომ ასე კარგად ვიმუშავე!"

 

წყარო: მამია ჩორგოლაშვილი.–თითქოს აქ ვიყო დაბადებული.–თბ.–1990.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ